როცა დიდი გავიზრდები, უფრო კეთილი გამოვალ "ერიდეთ ცრუ დაპირებებს!"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გაზრდა აკლია" იმ კომპანიის მმართველებს, დამფუძნებლებს, რომლებმაც არ იციან, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, რომლებიც ვერ ყალიბდებიან, სჭირდებათ კომპანიისთვის სოც. მედია, თუ სჭირდებათ მარკეტერი, რომელმაც იცის თავისი საქმე და იმავდროულად არ იქნება დამსაქმებლის ყურმოჭრილი მონა. არამედ პირიქით − ის ნამდვილ საჭიროებებზე მიუთითებს დამქირავებელს და რეალურ სტრატეგიას გაუწერს.
ასეთი კადრის პოვნა ცოტა არ იყოს რთულია. შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ იშოვო და თუ მაინც იშოვი, ძალიან ძვირი ჯდება. ეს იციან კომპანიების მმართველებმა და ამიტომ ეძებენ "ყველაფერჩიკ" მენეჯერს, რომელიც PR-საც გააკეთებს, მარკეტინგსაც, სოც. მედიასაც და თუ დამქირავებელს დასჭირდება, ყავასაც მოადუღებს.
ხშირად გვხვდება ბოლო დროს მარკეტინგისა და PR-მენეჯერის ვაკანსიები, რომელთა სამუშაო აღწერილობა ოფისმენეჯერის სამუშაოს აღწერილობას უფრო ჰგავს და ანაზღაურება დაახლოებით იმდენია, მე რომ მქონდა 15-16 წლის ასაკში, როცა ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო შოუში სადედოფლო კაბების რეკლამას ვაკეთებდი და იმდენი სადედოფლო კაბა გამოვიცვალე, რომ ბოლოს აღარ მინდოდა მათი დანახვა. ჰო, მაშინ 2000- იანი წლები იყო და ლარი გაცილებით ფასობდა, ვიდრე ახლა და ძალიან სასაცილოა მაშინდელი სადედოფლო კაბის თვეში 4-ჯერ რეკლამირებისთვის აღებული ხელფასი და ახლანდელი მარკეტერის ხელფასი რომ თითქმის ერთი და იგივეა.
ჩვენი ეკონომიკის ბრალია ყველაფერი! აბა სხვას ვის დავაბრალო? დამსაქმებელს უჭირს კარგი ხელფასი შესთავაზოს კარგ კადრს, ამიტომ ურჩევნია კაპიკები გადაიხადოს და აიყვანოს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც თავად უკარნახებს, რა გააკეთოს, როდის გააკეთოს და სად განათავსოს. დიახ, არიან ასეთი PR-ები და მარკეტერები.
არა, მათი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მეტიც − ყველა დამწყები თავიდან ასე იწყებს. მეც ვყოფილვარ ოდესღაც დამწყები, მაგრამ როცა კომპანიას "პრითენზიები" აქვს, რომ იყოს მაგარი, At least მაგრად გამართული კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მომხმარებელთან და არა ისეთი, დღევანდელი საკმაოდ ცნობილი, დიდი და "დავარცხნილი" კომპანიების PR-ები სატელეფონო ზარებს რომ არ პასუხობენ და გადმორეკვაც რომ არ იციან.
დიახ, ასეთ კომპანიებს ჰგონიათ, რომ როცა "გაიზრდებიან" ან გაფართოვდებიან, ან ახალ პროდუქტს ჩაუშვებენ, ან უფრო ფართოდ გავლენ ექსპორტზე, ან, ან და ან... მერე უფრო "კეთილები" გახდებიან.
მერე უფრო შეძლებენ გადაუხადონ.
მერე უფრო შეძლებენ ისეთი PR-ის აყვანას, ვინც ჭეშმარიტ კომუნიკაციას წარმართავს.
დამსაქმებლები ხშირად იტყუებიან. ასე მაგალითად, შესაძლოა აგიყვანონ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, მაგრამ იმის მიღმა მოგთხოვონ უამრავი სხვა რამ, დაგავალონ ისეთი რამის გაკეთება, რაც სცდება შენს კომპეტენციას.
აუცილებლად ერიდეთ ცრუ დაპირებებს. არცერთი რეალურად კარგი დამსაქმებელი არ პირდება პოტენციურ თანამშრომელს "ოქროს კოშკების" აგებას მცირე დროში, რადგან რეალურად არცერთმა დამსაქმებელმა არ იცის შენი ხარჯები.
როცა დამსაქმებელი გეუბნება, რომ საერთაშორისო პოტენციალის მქონე კომპანიაა და ამიტომ უქმეებზეც შესაძლოა მუშაობა მოგიწიოს, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი − "ოვერთაიმების" ანაზღაურება, მაგრამ ეს ხდება სრულყოფილ კომპანიებში და იშვიათად ქართულ, "დავარცხნილ" და ყველასთვის ნაცნობ კომპანიებში.
მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად არსებობს კონტრაქტი, რომელშიც ყველაფერი კარგად უნდა გაიწეროს, რომ საბოლოო ჯამში დაზარალებულის პოზიციაში არ აღმოჩნდე და თანაც თავის მართლება არ მოგიწიოს, რომ შენ ყველაფერს აკეთებდი, რაც გევალებოდა.
P.S.: როცა კომპანიების ნაწილი ჭეშმარიტად ფიქრობს, რომ საუკეთესო კადრის ასაყვანად ჯერ კომპანიამ ფული უნდა იშოვოს და მერე მისცეს თავს ამისი უფლება, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის მცდარი შეხედულება, რადგან რაც უფრო გაიზრდებით, თქვენი მოთხოვნილება, რომ ნაკლები თანხა დახარჯოთ და მიიღოთ მაქსიმუმი დასაქმებულისგან, კიდევ უფრო გაიზრდება და მითი იმის შესახებ, რომ ფინანსური შემოსავლების გაზრდის შემდეგ უფრო კეთილები გახდებით, ისევე აუსრულებელ მითად დარჩება, როგორც უნდა კარგი PR-ი და მარკეტინგი ადუღებდეს კარგ ყავას თქვენთვის.
ჰოდა, სწორედ ამიტომ სჯობს მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მოთხოვნილების ადეკვატურობა − გინდათ კარგი კომუნიკაცია და გამართული მარკეტინგული სტრატეგია, თუ გინდათ მაგალითად სოციალური გვერდის მართვა, რომელსაც დღეს ყოველი მეორე იჩემებს.
პროფესიონალი PR-ისა და მარკეტერის აყვანით (თავიდანვე) უფრო სწრაფად გაიზრდებით და დიახ, უფრო კეთილებიც გახდებით, ვინაიდან ჭეშმარიტი კომუნიკატორი აუცილებლად გეტყვით, რომ მარკეტინგული ბიუჯეტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაანაწილოთ. თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთი გულითადი რჩევებისთვის ქვეყნის ეკონომიკაც და კომპანიის ფინანსებიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.