8 მაგალითი, თუ როგორ ურთულებთ თქვენს გუნდს მუშაობას აი, ამ გზით შეძლებთ თქვენი გუნდის შრომის ნაყოფიერების გაზრდას
By ჯონ რამპტონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თქვენი, როგორც ლიდერის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი როლი, თქვენი გუნდის წევრების შთაგონება და მოტივაციაა. ეს იგივეა, რომ მათი მენტორი გახდეთ. სავარაუდოდ, ისეთი ეფექტური ვერ იქნებით, როგორიც კალიფორნიის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ჯონ ვუდენია, მაგრამ დიდოსტატებისგან უნდა ვისწავლოთ და მათ მივემსგავსოთ.
როგორც ლიდერი, თქვენ უნდა იყოთ მთავარი და ყველაფრის კოორდინირება შეგეძლოთ. ამასთან, მენტორიც უნდა იყოთ და თქვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს ცხოვრების გაკვეთილებიც ასწავლოთ. მაგრამ ლიდერობა, საკუთარი თავის შეცნობას, საკუთარი ნაკლოვანებების აღიარებასაც ნიშნავს, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, იმისაც, ლიდერებისთვის დამახასიათებელ რა შეცდომებს უშვებთ, რომლებიც გუნდს ამოცანების შესრულებას ურთულებს.
შესაძლოა, რთული იყოს იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ გუნდს ამოცანების შესრულებას ურთულებთ. ქვემოთ, მხოლოდ 8 მაგალითია იმისა, თუ როგორ ურთულებს ბოსი თავის გუნდს სამუშაოს.
1. არ ეხმარებით დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში
რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისეთი პროდუქტიულები არ ვართ, როგორც გვინდა? ჩემი, როგორც ლიდერის გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ეს დროის მართვასთან ბრძოლაა.
ვხვდები, რასაც ფიქრობთ, რატომ უნდა იყოს თანამშრომელთა დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენი პრობლემა? თუ ადამიანს თავისი დროის გონივრულად გამოყენება არ შეუძლია, ამას რა კავშირი აქვს თქვენთან? კეთილი, როგორც ჩემი კოლეგა ჯონ ჰოლი განმარტავს, "თქვენი მოვალეობაა, დახმარების ხელი გაუწოდოთ თქვენს გუნდს, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრება". როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს გუნდს დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში?
თავდაპირველად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი თავის დროს პრიორიტეტულ საკითხებზე ხარჯავენ. ერთი-ერთი გზა, რომლითაც პრიორიტეტებზე მათი მოსაზრებების გაგება შეგიძლიათ, მათი მიზნების განხილვაა. "იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური მიზნები, რომლებიც თქვენი ორგანიზაციის მისიას შეესაბამება, - გირჩევთ ჰოლი, - ეს მხოლოდ აზრსა და მიზანს შესძენს თითეული თანამშრომლის მუშაობას, და ამასთან, გარანტიასაც შექმნის, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები საჭირო დროს საჭირო საკითხებზე მუშაობთ".
როგორც კი ამ აღმოჩენას გააკეთებთ, ჰოლი მათტან ერთად, შემდეგსაც გირჩევთ:
- თქვენს თანამშრომლებს რთული საკითხების გადაჭრაში დაეხმარეთ. მაგალითად, იმის გარკვევაში, რატომ ვერ ახერხებენ დადგენილ ვადებში ამოცანის შესრულებას. თუ მიზეზი მათი საქმეების მეტისმეტად გრძელი ჩამონათვალია, უჩვენეთ, როგორ უნდა შეადგინონ პრიორიტეტების გაცილებით მოკლე სია.
- შეეცადეთ სამუშაო ადგილას მშვიდი ვითარება სუფევდეს და თანამშრომლებს არაფერი უფანტავდეთ ყურადღებას. თუნდაც, მხოლოდ აუცილებელი შეხვედრები დაგეგმეთ.
- ამოცანების შესრულების რეალური ვადები დაადგინეთ და ამით დაგეგმარების შეცდომებს აიცილებთ თავიდან.
- მოქნილ გრაფიკს დაუჭირეთ მხარი. როგორც აღმოჩნდა, შრომის ნაყოფიერების მტერია, მუდამ ერთი და იგივე გრაფიკის დაცვა: 9-დან 5-მდე. მიეცით თქვენს გუნდს საშუალება მაშინ იმუშაონ, როდესაც მეტად ნაყოფიერები არიან.
- თუ თქვენი გუნდის წევრები მთელი ძალით მუშაობენ, მეტს ნუ დაავალებთ.
- უბიძგეთ დიდი პროექტები პატარა, გაცილებით ადვილად შესასრულებელ ბლოკებად დაყონ.
- დაეხმარეთ მათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი წონასწორობის შენარჩუნებაში. უბიძგეთ თქვენს გუნდს ხშირად შეისვენონ და ნუ ჩააცივდებით მათ, როდესაც არ მუშაობენ.
2. ემოციური ინტელექტის ნაკლებობა (EI).
როგორც Entrepreneur-ის წინა სტატიაში აღვნიშნე, - ემოციური ინტელექტი - ეს ჩვენი უნარია უბრალოდ წავიკითხოთ, შევიგრძნოთ, და როგორც ჩვენს, ისე გარშემომყოფთა ემოციებზე გვქონდეს რეაქცია. ემოციური ინტელექტი შემდეგი ოთხი კომპონენტისგან შედგება:
- თვით-ანალიზი. თქვენი გრძნობების, ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობა.
- თვით-მართვა. საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი ცივი გონებით.
- სოციალური ცნობიერება. აუდიტორიის შეცნობის სოციალური უნარები და თქვენი იდეის ამ კონკრეტული ჯგუფისთვის გადაცემა.
- ურთიერთობების მართვა. სხვებისადმი თანაგრძნობის გამოხატვა, რომ გაცილებით ღრმა ურთიერთობების დამყარება შეძლოთ მათთან.
ასე რომ, ემოციური ინტელექტი უდიდეს როლს ასრულებს შრომის ნაყოფიერებაში, და იმაშიც, რომ ეფექტური ლიდერი იყოთ. მაგალითად, EI-ის წყალობით, თქვენი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეების ამოცნობაც შეგიძლიათ და ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარების ნაცვლად, მათთვის სწორი ამოცანების დასახვა. კიდევ უკეთესია თუ საკომუნიკაციო უნარებიც გექნებათ, და ამ პასუხიმგებლობის შესაბამის მიზნებს და მოლოდინებს სრულიად ნათლად და მკაფიოდ აუხსნით მათ.
3. არასოდეს გადიხართ ოფისიდან
"შრომის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომა, ჩემი აზრით, ის არის, რომ აღმასრულებლები მთელი დღის განმავლობაში ოფისში სხედან, - ამბობს Monster.com-თან ინტერვიუს დროს მეტ გირვანი, ექსპერტი შრომის ნაყოფიერების საკითხებში და My Gung Ho-ს თანადამფუძნებელი, - დღეში თუნდაც ერთხელ უნდა მოიაროთ მთელი ოფისი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს კოლეგებთან შეხვედრისა და დალაპარაკების შესაძლებლობას მოგცემთ".
ამას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, "რამდენიმე ელექტრონული წერილისა და შეხვედრების ჩატარების ნაცვლად, ამ იმპროვიზებული საუბრების გამოყენება შეგიძლიათ", - ამბობს გირვანი.
კიდევ როგორ შეიძლება თითეულ თანამშრომლისთვის დროსთან დაკავშირებული პრიორიტეტების დასახვა? მათთან ერთი-ერთზე შეხვედრას გაუკეთეთ ორგანიზება, მაგალითად, სადილზე შეხვედით ან ტელეფონით დაუკავშირდით. ეს თანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნის და ამასთან ერთად, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოგცემთ. ამავე დროს, იმასაც გაარკვევთ, რა დაბრკოლებებს ეჯახებიან ისინი და როგორ შეძლებთ მათ გადალახვაში დახმარებას.
ფილოსოფიის დოქტორი, დეიმონ ჩენტოლა, Psychology Today-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სოციალურ ქსელებს განიხილავს და იმასაც, თუ როგორ დაგეხმარებათ იგი ამ საკითხებში უკეთ გარკვევასა და დაოსტატებაში. მაგრამ იგივე ფსიქოლოგია, იმ კონკრეტული დროის შემთხვევაშიც უნდა გამოიყენოთ, რომელსაც თქვენს თანამშრომლებთან ატარებთ. უნდა დაადგინოთ, რა იქნება საუკეთესო გზა მათი მოტივაციისათვის: მხარდაჭერა თუ კონკურენცია? აქ თქვენ ხართ მენტორი და ამიტომ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.
4. მიკრომენეჯმენტი
იცით, ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს, როდესაც სპორტულ შეჯიბრებებს ვუყურებ? როდესაც გუნდის მფლობელი მეტისმეტად აქტიურად ერევა თამაშში. გასაგებია, ეს თქვენი გუნდია და თქვენ მასში უამრავი დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული, მაგრამ მწვრთნელი ტყუილად ხომ არ დაგიქირავებიათ. დაე, თქვენი მწვრთნელი იყოს ერთადერთი, ვინც კოორდინირებას გაუკეთებს თამაშს და გუნდის წევრებს გამოიძახებს. თქვენ მშვიდად, ჩრდილში უნდა იჯდეთ, თქვენი როლი უნდა იცოდეთ: თქვენ საყრდენი ხართ.
ეს ნამდვილად ასეა, როდესაც ლაპარაკი ლიდერებს ეხება. თუ თქვენი გუნდის წევრებს იმდენად არ ენდობით, რომ თავიანთი საქმის გაკეთების საშუალება მისცეთ, რატომ დაიქირავეთ ისინი?
მართალია, ზოგჯერ ისე ხდება, რომ მიკრომენეჯმენტი აუცილებელიც კია, მაგრამ მას თანამშრომლები ჭკუიდან გადაჰყავს. ამიტომ, ასეთი ბოსი ნუ იქნებით. ვიცი, რომ შესაძლოა, ზოგიერთისთვის ეს დიდი პრობლემა იყოს, მაგრამ შემდეგი გზებით შეგიძლიათ ვითარების მოგვარება:
- საჭირო ადამიანები დაიქირავეთ;
- ნათლად და მკაფიოდ გააცანით თქვენი მიზნები და მოლოდინები;
- მიეცით ყველა ის ინსტრუმენტი და რესურსი, რომლებიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად;
- ისეთი ატმოსფერო შექმენით, სადაც ყველას ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაე, გუნდმა თავის კალენდარში შეიტანოს ყველა ამოცანა, რომ თქვენც იცოდეთ და მათაც, თუ როგორ ანაწილებენ ისინი თავიანთ დროს;
- მიეცით მათ შესაძლებლობა ისე იმუშაონ, როგორც სურთ და როცა სურთ ... თუმცა, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- მიეცით მათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება;
5. ცუდი სამუშაო პირობები
ერთი წამით დაფიქრდით, თქვენს სამუშაო პირობებზე. წარმოიდგინეთ, რომ სულ ახლახანს მოხვდით თქვენს საოცნებო სამსახურში, მაგრამ პირველივე დღეს ისეთ ადგილას აღმოჩნდით, რომელიც საერთო ზონასთანაა ახლოს. იქ ხმაურია, და ამასთან ერთად, მოუხერხებელი სავარძელი გაქვთ და მოძველებული ტექნიკა, ოფისის ჩაბნელებულ ზონაში გიწევთ მუშაობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას?
როდესაც თქვენს გუნდს ეხება საქმე, სამუშაო პირობებსა და ატმოსფეროს მიაქციეთ ყურადღება. აუცილებლად იზრუნეთ იმაზე, რომ თანამშრომლებს ერგონომიული ავეჯი და ეფექტური ტექნოლოგიები ჰქონდეთ. აქვე მშვიდი ადგილებიც უნდა იყოს, სადაც მთლიანად შეძლებენ სამუშაოში ჩართვას. შენობაში კარგი განათება აუცილებელია და ამაზეც თქვენ უნდა იზრუნოთ. თუ შესაძლებელია, ეს ბუნებრივი განათება უნდა იყოს, რადგან შრომის ნაყოფიერებას ამაღლებს.
კიდევ რა საშუალებები არსებობს ნაყოფიერი სამუშაო ადგილის შესაქმნელად? მცენარეებში გააკეთეთ ინვესტირება და თქვენს გუნდს საკუთარი სამუშაო ადგილების მორთვის საშუალება მიეცით ისე, როგორც მოსწონთ.
ყურადღება მიაქციეთ, უნებურად შემწყნარებლურად ხომ არ უყურებთ ტოქსიკურ სამუშაო ატმოსფეროს, არც თქვენ და თქვენი გუნდის არც ერთმა წევრმა არ უნდა სცადოს სხვა წევრების დაშინება, დევნა ან დამცირება. ყურადღება მიაქციეთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ შესაძლოა თქვენთანაც ასე ხდება, და ამის შესახებ უნდა იცოდეთ.
6. უარი - გამჭვირვალობას
შესაძლოა, თქვენი, როგორც ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, თქვენი გუნდის წევრების პოტენციალის სრული გამოვლენაა. და ამის ყველაზე სწორი გზა, კომპანიაში გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაა.
გამჭვირვალობა გაცილებით ჯანსაღ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის და თანამშრომლობას უწყობს ხელს. გამჭვირვალობაში ყველაზე კარგი ისაა, რომ ნდობას განამტკიცებს და ყველას ახსენებს, როგორია სრული სურათი, და პრობლემების სწრაფად გადაჭრაში გეხმარებათ. ეს ღია ურთიერთობა ჰორიზონტალური იერარქიის შექმნას განაპირობებს, რაც გაცილებიც მოქნილი და დემოკრატიულია.
7. მითითება, თუ რა გააკეთეს არასწორად
ჩემს კოლეგებს ერთი საგანგაშო ტენდენცია შევნიშნე, კერძოდ, ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა გააკეთა თანამშრომელმა არასწორად, და არა იმის აღიარებასა და დაფასებაზე, თუ რა გააკეთა სწორად.
დადებითზე ყურადღების გამახვილება სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე უნდა დახუჭოთ თვალი. ბოლოს და ბოლოს, ეს სწავლის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მათ ოდესმე ექნებათ. უბრალოდ, თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებენ და თქვენი მადლიერებაც უნდა გამოხატოთ. მათ წინაშე არც აღლუმის ჩატარებაა საჭირო, და არც ყალბი ჯილდოების გადაცემა, უბრალოდ, უნდა იცოდნენ, რაში გამოიჩინეს თავი, რომ კიდევ ერთხელ შეძლონ იგივეს გამეორება.
8. მათი კეთილდღების პრიორიტეტად არ მიჩნევა
დროის მართვის მსგავსად, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არც ამ საკითხთან გაქვთ არანაირი შეხება. შესაძლოა, არც ეს იყოს ჭეშმარიტებისგან შორს.
ბუნებრივია, არ გინდათ თანამშრომლებს უკარნახოთ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, განსაკუთრებით, როდესაც სამსახურში არ არიან. მაგრამ სამსახურში შეგიძლიათ მათი დახმარება, თუნდაც, თანამშრომელთა გამაჯანსაღებელი პროგრამისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ხელშეწყობით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თავიანთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას