Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ადამიანის 7 ძირითადი მოთხოვნა, რომელზეც წარმატებული კომპანიები ფოკუსირდებიან კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც საკუთარი, ისე თქვენი მომხმარებლების პიროვნული მოთხოვნების კონცეფციის გაცნობიერებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როგორც ანტრეპრენერმა, საკუთარ თავს აუცილებლად უნდა ჰკითხოთ: სად მსურს ჩემი ფულისა და ენერგიის ინვესტირება? რომელ ბაზარზე ვაპირებ ორიენტირებას? და, რაც ყველაზე მთავარია − რაში სჭირდება ამ ბაზარს ჩემი დახმარება?

ამ შეკითხვებზე სათანადო პასუხის გაცემა დიდ გავლენას მოახდენს ყველა მონაწილე მხარეზე − წარმატებას მოგიტანთ ან პირიქით, თქვენს ბიზნესს გაანადგურებს. ბევრ ანტრეპრენერს რაღაც გასაოცარის შექმნის მწველი სურვილის ამოძრავებს და ყველანაირად ცდილობენ, გზად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ისინი ჩქარობენ, თავიანთი იდეის განხორციელება სურთ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუ რა პრობლემას აგვარებენ, რატომ აკეთებენ ამას და სურს თუ არა მომხმარებელს პრობლემის ასეთი მოგვარება.

მსგავსი სტატია: დიზაინერული აზროვნება, ანუ პრობლემის ძიების ხელოვნება ბიზნესიდეების გადასარჩენად

პასუხის გასაცემად შეკითხვაზე − "რატომ?" მთავარი, როგორც საკუთარი, ისე თქვენი მომხმარებლების პირადი მოთხოვნების კონცეფციის გაცნობიერებაა.

ადამიანის ორგანული მოთხოვნები

ადამიანის ძირითადი მოთხოვნების კონცეფციით დავიწყოთ. ცნობილი ეკონომისტი მანფრედ მაქს ნიფი ამბობდა: "განვითარების მიზანი უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნების დაკმაყოფილება, და არა მწარმოებლობა და მომხმარებლობა. ეს მხოლოდ კაცობრიობის კი არა, არსებობის მოთხოვნებიცაა".

ნიფმა შექმნა "ადამიანის მასშტაბის განვითარება", რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგი ორი ვარაუდია გამოთქმული: პირველი − ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნები შეზღუდულია, მათი რაოდენობაც შეზღუდულია და ისინი კლასიფიცირებულია. ეს იდეა ტრადიციულ კონცეფციას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ადამიანს უამრავი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა აქვს. მეორე − ნიფმა აღნიშნა, რომ ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნები ყველა კულტურასა და ისტორიულ პერიოდში ერთი და იგივე რჩება. ეს ასევე ეწინააღმდეგება ტრადიციულ კონცეფციას, რომლის თანახმადაც, ადამიანის მოთხოვნები ტენდენციებზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მსგავსი სტატია: თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარების 10 გზა

იდეა, რომ თითოეულ ჩვენგანს, როგორც ცოცხალ არსებას, ძირითადი მოთხოვნები გვაქვს, შესაძლოა საკმაოდ რევოლუციური იყოს, თუ საზოგადოებაში ვიზრდებით, რომელიც წინა თაობებისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ მოთხოვნებს გვახვევს თავს − "ეს უნდა გააკეთოთ" ან "ეს არ უნდა გააკეთოთ". ამის საპირისპიროდ, ორგანული მოთხოვნების კონცეფცია იმის რწმენაა, რომ ადამიანები თავიდანვე არიან დაპროგრამებული მთელი რიგი ორგანული მოთხოვნებით. ორგანული მოთხოვნა ადამიანის ძირითადი ნაწილია, რომელიც ყოველდღიურ ნებასა და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს აკავშირებს ერთმანეთთან. იდეა შემდეგია − როდესაც ადამიანს ორგანული მოთხოვნა არ აქვს დაკმაყოფილებული, სხეულს დისკომფორტის გრძნობა უჩნდება. დაკმაყოფილებისას კი, სხეული მარტივად რეაგირებს და კარგად გრძნობს თავს.

წარმატების გასაღები: სიცოცხლისუნარიანობა და ჟინი

მოდით, სტარტაპის დაფუძნების პროცესის დროს გამოვიყენოთ ორგანული მოთხოვნების კონცეფცია. საკუთარი მოთხოვნების გაცნობიერების გარეშე, თქვენ, როგორც ანტრეპრენერმა, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინოთ, რომ ოცნების მისაღწევად, ბიზნესს აუცილებელი ჟინისა და სიცოცხლისუნარიანობის გარეშე მართავთ. თუ თქვენი სამიზნე ბაზრის მოთხოვნები არ გაქვთ გაცნობიერებული, შესაძლოა, არასწორი პროდუქტი ან სამიზნე ბაზარი შეარჩიოთ.

ვენჩურული კაპიტალისტი რამდენიმე ფაქტორის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ანტრეპრენერს უნდა დაუჭიროს მხარი. ესენია მისი სამიზნე ბაზარი, მიღწევები და ბიზნესგეგმა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლისუნარიანობა და მიზანმიმართულობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვს თუ არა ანტრეპრენერს ენერგია და ნებისყოფა, ბოლომდე მიიყვანოს სტარტაპი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს და იგი მომგებიანი გახადოს? ანტრეპრენერმა კომპანიის ღირებულებები საკუთარ მოთხოვნებს უნდა დაუკავშიროს, ვენჩურული კაპიტალისტის კრიტერიუმების შესრულებისა და წარმატების მიღწევის ალბათობის გასაზრდელად. ანტრეპრენერი თავისი სტარტაპის დაფინანსების შანსის გაზრდას ნამდვილად შეძლებს, თუ ნათელი წარმოდგენა ექნება, რატომ სურს კონკრეტული კომპანიის შექმნა და დამაჯერებლად დასაბუთებს კიდეც თავის იდეას ინვესტორებთან პრეზენტაციისას.

მსგავი სტატია: რიჩარდ ბრენსონის ბედნიერებისა და წარმატების 8 გასაღები

ადამიანის ძირითადი მოთხოვნების დადგენა

არსებობს ადამიანის შვიდი ძირითადი მოთხოვნა, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება აუდიტორიას და ანტრეპრენერებს:

  1. სტაბილურობა /უსაფრთხოება ამის გარეშე აფორიაქებული ხართ;
  2. ცვლილებები/გართობა – ამის გარეშე მოწყენილი ხართ;
  3. სტატუსი/მნიშვნელობა – ამის გარეშე შეგრძნება გაქვთ, რომ არ გაფასებენ;
  4. სიყვარული/კავშირი – ამის გარეშე თავს მარტოდ გრძნობთ;
  5. თვითგამოხატვა − ამის გარეშე ცხოვრების არსს ვერ გამოხატავთ;
  6. ზრდა/ცოდნა – ამის გარეშე, თავს ჩამორჩენილად გრძნობთ;
  7. წვლილის შეტანა – ამის გარეშე კმაყოფილების გრძნობა არ გექნებათ, რომ ვინმეს დაეხმარეთ.

ამ მოთხოვნათაგან ზოგიერთი შესაძლოა სხვებზე ძლიერი და დომინანტური იყოს. თითოეულ პიროვნებას მათი განსხვავებული კონფიგურაცია ექნება გამოცდილების, განათლებისა და ფასეულობათა სისტემის მიხედვით.

მაგალითად, ჯანდაცვის ენთუზიასტებს სტაბილურობის/უსაფრთხოების დომინანტური მოთხოვნა აქვთ, ფუფუნების მოყვარულებს − უფრო მეტად სტატუსი/მნიშვნელობა სჭირდებათ. ანტრეპრენერებს შესაძლოა წარმატების, მნიშვნელობის, თვითგამოხატვისა და წვლილის შეტანის უფრო ძლიერი სურვილი ჰქონდეთ. ამის საპირისპიროდ, ხელოვანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა თვითგამოხატვა და სიყვარული/კავშირი იყოს.

კომპანიის ფასეულობები, რომლებიც ადამიანის მოთხოვნებს ასახავს

ქვემოთ სხვადასხვა კომპანიების ღირებულებათა ჩამონათვალია. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ასახავენ ისინი ადამიანის ძირითად მოთხოვნებს − მომხმარებლის იქნება ეს თუ მათი საკუთარი.

Adidas

ინოვაციისა და დიზაინის დარგის ლიდერები ვართ, ვცდილობთ ნებისმიერი დონის სპორტსმენს დავეხმაროთ უნარების მაქსიმალურად გამოვლენაში ყველა იმ პროდუქტით, რომელიც ბაზარზე გამოგვაქვს.

(შექმნა და ზრდა)

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ განსაკუთრებული ფინანსური შედეგების მიღწევას.

(სტაბილობა)

Ben & Jerry's

ჩვენი ეკონომიკური მისია მოითხოვს, საკუთარი კომპანია ისე ვმართოთ, რომ სტაბილური ფინანსური ზრდა გვქონდეს.

(ზრდა)

ჩვენი სოციალური მისია გვაიძულებს ინოვაციური გზებით გამოვიყენოთ საკუთარი კომპანია, რომ სამყარო უკეთესი გახდეს.

(ინოვაცია)

Google

აქ ყოველთვის მეტი ინფორმაციაა.

(სწავლა და ზრდა)

ინფორმაციის აუცილებლობა ყველა საზღვარს კვეთს

(ბაზარი ცოდნას მოითხოვს)

Starbucks

სითბოსა და თანამონაწილეობის კულტურის შექმნა, სადაც ყველა სასურველი სტუმარია

(კავშირი)

აქ ყოფნა გამჭვირვალობას, ღირსებასა და პატივისცემას უკავშირდება

(კავშირი)

წარმატებულმა კომპანიებმა თავიდანვე გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მათი ბიზნესი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის მოთხოვნებთან. ამას სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის სეგმენტებს შორისაც კი შეუძლია ნდობისა და ერთგულების განწყობის შექმნა.

ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება

როგორც კი საკუთარ მოთხოვნებს დაადგენთ, ბაზრის ვარიანტების სია უნდა შეადგინოთ, შემდეგ ეს მოთხოვნები და ბაზრები ერთმანეთს შეუთანხმოთ. თუ თქვენი ძირითადი მოთხოვნები ადამიანებთან კავშირი და თვითგამოხატვაა, იმ ჯგუფების ბაზარზე უნდა გახვიდეთ, რომელთათვისაც იგივე ფასეულობებია პრიორიტეტული. ცხოვრებაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, შესაძლოა უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდეთ, თუ სტაბილური სამსახურის მქონე ადამიანებზე გააკეთებთ გათვლას. თუ ცვლილებები მოგწონთ, მაშინ იქნებ წვეულებების ორგანიზატორებზე სჯობდეს გათვლა, რომელთა მოთხოვნები ერთი მოვლენიდან მეორემდე იცვლება. ბევრი განსხვავებული კომბინაციის მოფიქრება შეიძლება, რომლებიც ნამდვილად გაამართლებს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ადამიანურსა და საბაზრო მოთხოვნებს შორის ბალანსის დადგენა.

კომპანიის ფასეულობები, როგორც მოთხოვნების ანარეკლი

თქვენი კომპანიის ღირებულებებისა და მოთხოვნების განსაზღვრის დრო მას შემდეგ დგება, რაც საკუთარსა და შერჩეული ბაზრის მოთხოვნებს დაადგენთ. ეს ყველაფერი, საბოლოოდ თანამოაზრეებს მოიზიდავს, რომლებსაც იგივე მიზნები და მოთხოვნები აქვთ. თქვენ ერთად შექმნით კულტურას, რომელიც ყველასთვის იქნება სასარგებლო. თუ კომპანიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებები ექნება, გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეც მნიშვნელოვნად გაიზრდება და თქვენი სტარტაპის შრომის ნაყოფიერებაც. გარდა ამისა, თუ პირადად თქვენი და ბაზრის მოთხოვნები, ასევე, კომპანიის ღირებულებები ერთმანეთთან იქნება შეთანხმებული, მომხმარებლები სარგებელს − მომსახურების განსაკუთრებულ ხარისხს მიიღებენ.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს