კონცეფცია - No Time/არ მცალია, რომელსაც სტივ ჯობსი და ალბერტ აინშტაინი მიმართავდნენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნეირომეცნიერებს თუ დავუჯერებთ, შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად, ნებისმიერმა ადამიანმა, თავის მჭიდრო გრაფიკში "არაფრის კეთებისთვის" მცირედი დროის გამონახვა ყოველთვის უნდა მოახერხოს.
როგორც მეცნიერება და ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, დღის განრიგის შედგენა და მისი ზედმიწევნით შესრულება, წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რუტინა შესაძლოა ჯანსაღად და პროდუქტიულად გვეჩვენებოდეს, მან შესაძლოა მაინც მოკლას ჩვენში კრეატივი და ნერვული აშლილობაც გამოიწვიოს. წარმატებული ადამიანები კი, თავიანთი დროის მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ კონცეფცია No Time/"არ მცალია"-ს უთმობენ.
სტივენ კოტლერი, ავტორი წიგნისა "შეუძლებლობის ხელოვნება" და TED-პლატფორმის სპიკერი აღნიშნავს, რომ No Time/"არ მცალია" არის მომენტი, როდესაც ადამიანს შეუძლია ცოტა ხნით მოწყდეს ყოველდღიურ საზრუნავებს და ინფორმაციული ხმაურისაგან, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ახლავს, დროებით მაინც დაიცვას თავი.
ყველას მოგვეხსენება, რომ ინტერნეტი სავსეა სტატიებით ცნობილ და შემდგარ პიროვნებებზე, რომლებიც თავიანთ დილის რუტინას გვიზიარებენ, გვაძლევენ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შევმატოთ პოზიტივი ჩვენს ყოველდღიურობას. გავრცელებულია მოსაზრება, რომ კმაყოფილების დონისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად, უნდა მივმართოთ ე.წ. "მადლიერების პრაქტიკას" (სამყაროს ყოველი გათენებული დღისთვის მადლობა გადავუხადოთ); ხშირად უნდა ვისეირნოთ ბუნებაში და უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი. მეცნიერულ დონეზეც კი დამტკიცებულია, რომ ეს აქტივობები, ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობისათვის სასარგებლოა. თუ მსგავს რიტუალებს რეგულარულ ხასიათს მივცემთ და გამოვიმუშავებთ ჯანსაღ ჩვევებს, No Time/"არ მცალია" კონცეფცია შესაძლოა აღარც დაგვჭირდეს და საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა ბუნებრივ მოცემულობად გვექცეს. მაგრამ მაინც რა არის No Time/"არ მცალია" და როგორ გამოვიყენოთ ეს მიდგომა პრაქტიკაში?
ადამიანებს არასოდეს გვყოფნის დრო No Time/"არ მცალია"-სთვის
No Time/"არ მცალია", როგორც მას ავტორი, სტივენ კოტლერი განმარტავს, არის "მარტოობისა და სიწყნარის დრო, რომელშიც ადამიანი იზოლირებულია გარესამყაროს ხმაურისა და მის მიმართ მოთხოვნებისგან".
No Time/"არ მცალია" არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს დროს 04:00-დან (როდესაც დილის წერის სესიას ვიწყებ) 07:30-მდე (როცა დანარჩენი მსოფლიო იღვიძებს). სრული სიბნელე, რომელიც ჩემ გარდა არავის ეკუთვნის", − ამბობს ავტორი, − "ყოველდღიური ყოფიერი საზრუნავები ჯერ კიდევ ტვირთად არ გვაწევს, ასე რომ, ამ დროს, რუტინული ცხოვრებისათვის უპატიებელ ფუფუნებას − სიმშვიდეს, შევიგრძნობთ ისე, როგორც არასდროს".
კოტლერის თქმით, ნეირომეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანის შემოქმედებითი განვითარებისათვის, ასეთ დროებით მოწყვეტას გარესამყაროსგან და No Time/"არ მცალია"-ს თქმას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"რუტინული წნეხი აიძულებს ჩვენს ტვინს ფოკუსირდეს დეტალებზე, გაააქტიუროს მარცხენა ნახევარსფერო და დაბლოკოს მოვლენათა სრული სურათი. უარეს შემთხვევაში, მუდმივი დაძაბულობა და კონცენტრაცია, სტრესსა და მენტალურ აშლილობებსაც კი იწვევს. სინამდვილეში, სიჩქარეში ყოფნა არავის მოსწონს და ეს გაუთავებელი რბოლები, ერთი მხრივ, განწყობას გვიფუჭებს, ხოლო მეორე მხრივ ყურადღებას გვიქვეითებს. ამგვარად, პერიოდულად, "უსაქმურობა" და No Time/"არ მცალია"-კონცეფცია, შესაძლოა ჩვენი კრეატიულობისათვის კატალიზატორიც კი გახდეს", − განმარტავს კოტლერი.
უფრო რომ გავამარტივოთ, No Time/"არ მცალია" გვეხმარება მოვდუნდეთ და სამყაროს ფართო სურათი დავინახოთ, ამით კი ჩვენს გონებაში არსებულ ნოვატორულ იდეებს გამოვლენის საშუალება მივცეთ. განმეორებადი, ყოველდღიური რუტინა და ქაოსი, რომელშიც ვცხოვრობთ, საკუთარ თავში ამაღლებულ აზრებთან წვდომას გვიზღუდავს. ისეთი, ერთი შეხედვით კეთილი განზრახვის მქონე აქტივობასაც კი, როგორიც იოგას გაკვეთილია, არასათანადო მიდგომით, შეუძლია საკუთარ თავს დაგვაშოროს და ჩვენს გონებაში მოსული ნაკადები დაბლოკოს.
სტივ ჯობსი და ალბერტ აინშტაინი ხშირად მიმართავდნენ "არ მცალია"- კონცეფციას
მიუხედავად იმისა, რომ კოტლერს თავი შემოქმედებითი ნეირობიოლოგიის სფეროს ფუძემდებლად მიაჩნია, ბევრმა წარმატებულმა ადამიანმა იმავე ჭეშმარიტებას ინტუიციურად მიაგნო. ალბერტ აინშტაინმა აღიარა, რომ ბევრჯერ მნიშვნელოვანი და ფასეული იდეები მასთან სწორედ მაშინ მისულა, როდესაც არაფერს აკეთებდა და ტკბებოდა თავისი No Time/"არ მცალია"-თი.
აღნიშნავენ, რომ სტივ ჯობსიც ცნობილი "უსაქმური" იყო. "დრო, როდესაც სტივ ჯობსი ყველა საქმეს გადადებდა, არაფერს აკეთებდა და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრობდა, ფუჭად დახარჯულად ვერ მიიჩნევა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი აზრები სწორედ ასე დროს იბადებოდა", − სტივ ჯობსის "უსაქმურობის" ხანგრძლივ სესიებს გამოეხმაურა პროფესორი ადამ გრანტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორმა გენიოსმა, თავიანთი იდეების განსახორციელებლად, უდიდესი საქმე გასწია. გარდა იმისა, რომ No Time/"არ მცალია" საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიოს შესაცვლელად, იგი აგრეთვე ადამიანში მთლიანობის შეგრძნების მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც იდეალურ დილის განრიგს ვადგენთ ხოლმე, No Time/"არ მცალია"-ს ყოველთვის არასათანადო დროს ვუთმობთ. შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროდუქტიულობის ხარისხის ასამაღლებლად და უბრალოდ, საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გარდასაქმნელად, აუცილებელია პერიოდულად რუტინულ საქმეებს ვუთხრათ − No Time/"არ მცალია" და ცოტა ხანი არაფერი ვაკეთოთ, რათა ჩვენმა გონებამ გენიალური იდეებისათვის თავისუფალი სივრცის დატოვება შეძლოს.