Join our Waitlist for Expert Advice!

შთაგონების ხელოვნება ლიდერობის, როგორც საკუთარი თავის ღირსეულად მართვისა და გაძღოლის, კონცეფციისთვის შთაგონება თვითშთაგონებას გულისხმობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პოზიტიური აზროვნების მოდელი პოზიტიურ ენაზე მეტყველებას მოიაზრებს. ამ გადმოსახედიდან საინტერესოა, როგორ ფორმულირებას მოვუფიქრებდით კარგად ნაცნობ გამოთქმას: "შეძახილმა ხე გაახმო". დასაწყისისთვის ასე შეიძლება ვცადოთ: შეძახილმა ხე გაზარდა. შთაგონების ძალა და მნიშვნელობა დიდი ხანია აღიარებულია სხვადასხვა სფეროში. არც ისაა საიდუმლო, რომ გულწრფელ შთაგონებას არა მხოლოდ ადამიანის გადარჩენა და განკურნება, არამედ მისი ახალი სასიცოცხლო მოტივაციით შევსება შეუძლია. საინტერესოა, როდის და როგორ იყენებენ ამ ინსტრუმენტს ლიდერები.

ლიდერობის, როგორც საკუთარი თავის ღირსეულად მართვისა და გაძღოლის, კონცეფციისთვის შთაგონება თვითშთაგონებას გულისხმობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს გარშემო არსებული სიძნელეების მიუხედავად შესწევს ძალა, საკუთარ თავში სინათლის სხივი და იმედის ნაპერწკალი იპოვოს. ასეთ დროს შეიძლება ირგვლივ არც არავინ ეგულებოდეს მხარდამჭერი ან მის მიმართ ნდობის გამომხატველი, მაგრამ რაღაც საოცარი ძალით ადამიანს მისი მეხსიერების მდიდარი მასივიდან სწორედ ამ დროს მოაგონდეს წარსულში მისთვის სხვების მიერ ნათქვამი გამამხნევებელი და ინსპირაციის მიმნიჭებელი სიტყვები. ამ მდგომარეობით ადამიანი კალიფორნიაში გახარებულ ხეთა ჯიშს ემსგავსება, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში თვითმორწყვის უნარი აქვთ. თვითშთაგონების ძალა ადამიანს შეაძლებინებს არ დაელოდოს წვიმას და თავად მიანიჭოს საკუთარ თავს საჭირო საკვები ახალი სასიკეთო და სასარგებლო საქმეების საკეთებლად.

თუ ლიდერობის შედარებით გავრცელებულ ფორმაზე ვისაუბრებთ, რომელიც ერთი ადამიანის მიერ სხვების გაძღოლას მოიაზრებს, აქაც შთაგონებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გუნდის სტანდარტული მენეჯერი დავალებებს გასცემს, ამ დავალებების შესრულების ხარისხს ამოწმებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში შედეგებს აფასებს, გუნდის წევრთა პასუხისმგებლობის შესაბამის საკითხებს აყენებს. ლიდერის სასაუბრო ენა სხვაგვარია. ლიდერს აინტერესებს, რა რეალური მიზეზი იმალება ერთ დროს სანაქებო თანამშრომლის დემოტივირების უკან. გუნდის მენეჯერის მსგავსად არც ლიდერია გულგრილი შესრულებული სამუშაოს ხარისხისა თუ შეუსრულებელი ამოცანის მიმართ. მაგრამ ლიდერს გულწრფელად სჯერა, რომ შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული დავალების მიღმა პატივსადები და მოსმენის ღირსი მიზეზი დგას. საბოლოო ჯამში, მართვის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება ადამიანების სულგრძელობისა და ნდობის ხარისხით. ლიდერს აქვს მოთმინება, მოისმინოს და სულ მცირე კოგნიტიური ემპათიის დონეზე გაიგოს თანამშრომლის სატკივარი, გულწრფელად სჯეროდეს მისი შესაძლებლობების. ნამდვილი შთაგონება მაშინ იბადება, როდესაც ადამიანს ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში გავუწვდით დახმარების ხელს და გამოვუცხადებთ ნდობას. დემოტივირებული და საკუთარ თავში რწმენადაკარგული ადამიანის მიმღებლობით ლიდერი აღიარებს, რომ მასში არსებული რესურსისა და გამარჯვების სწამს.

ერთი შეხედვით, ასეთი ხარისხის თანადგომა და ემპათია ლიდერის სამსახურებრივ როლთან შეუთავსებლად შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, აქ გადამწყვეტია ხედვა თავად ლიდერობის შესახებ. თავის ემოციურ გამოსვლებში საიმონ სინეკი მთელი გულით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სამსახურებრივი გარემო ბევრად მეტია ვიდრე გამართული შრომის სტანდარტით ფუნქციონირებადი უწყება. დასაქმებულთა უფლებების ფორმალურად დაცვა და საკანონმდებლო ტრენდებისადმი ერთგულება მხოლოდ ნახევარი საქმეა იმ ნამდვილი მისიისა თუ დანიშნულების, რომელიც რეალურად აკისრია კომპანიის ხელმძღვანელობას. სინეკი ირწმუნება, რომ ვერცერთი, მათ შორის ფინანსური წახალისების, ინსტრუმენტით ვერ მოვახერხებთ თანამშრომელთა მდგრადი ლოიალობისა და მდგრადი შრომის ნაყოფიერების უზრუნველყოფას. ყველაზე მთავარი, მისი ხედვით, სამუშაო გარემოში იმ ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რომელიც ბევრი ადამიანისათვის შეიძლება ფუფუნების საგანს წარმოადგენს სამსახურს მიღმა ცხოვრებაშიც. ამ თვალთახედვიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მხოლოდ სტაბილური ხელფასი, კომპანიის მზარდობისა თუ ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა ემოციურ დონეზე დიდ განსხვავებას არ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანებისთვის. მაშ რა ქმნის სინამდვილეში ადამიანისთვის ემოციური უსაფრთხოების განცდას? საიდუმლო შთაგონებაშია. როდესაც ადამიანს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც მისი გუნდი და ხელმძღვანელობა არა განმსჯელ და განმკითხველ, არამედ მხარდამჭერ წრედ ეგულება, ის შეუძლებელს შეძლებს.

ნამდვილი ლიდერი მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ზევსივით ტყესაც ხედავს და ხეებსაც. ხშირად სისტემური ხედვის უნარის გააქტიურების ხარჯზე მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ადამიანები ინდივიდების ხედვისა და მათ მიმართ ემპათიის განცდის უნარებს თრგუნავენ საკუთარ თავში. თითქოს მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელისთვის შეუსაბამო იყოს სამუშაო დღის დასაწყისში "ერთ-ერთ რიგით თანამშრომელთან" ლიფტში გასაუბრება და მით უმეტეს, მისი დაგვიანების მიზეზით გულწრფელად დაინტერესება. წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს, თუ "უფროსების უფროსი" ამ დროს შეყოვნდება და ყურადღებით მოისმენს კომპანიის თანამშრომლის მშობლის ურგენტული ოპერაციის დეტალებს და თუ იმასაც გაუზიარებს, თავად როგორ ინერვიულა მსგავსი დაუგეგმავი და სტრესული გამოცდილების დროს. თან თუ ერთ-ორ ღერ გამამხნევებელ სიტყვას და ღიმილსაც მიაყოლებს, ამაზე რას იტყვით?..

გლობალური მიზნებისა და სისტემური ხედვის ჩამოყალიბების პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს კონკრეტული ადამიანები, რადგან სწორედ მათზე დგას ნებისმიერი სისტემა ბიზნესშიც და მის მიღმაც. ამ ადამიანებს დანახვა, დაფასება და საკუთარი მნიშვნელობის შეხსენება ჰაერივით ესაჭიროებათ. ფორმალური ლიდერებისგან განსხვავებით მათ არ მიუწვდებათ ხელი ძვირადღირებულ სამოტივაციო და კლასგარეშე ტრენინგებზე. ამიტომ, ხშირად მათთვის ლიდერის მიერ გულწრფელად ნათქვამი სიტყვა განუზომელი ტრანსფორმაციული ძალისაა. გულუხვ და სულგრძელ ლიდერს არ უთავდება დრო და სურვილი, შთააგონოს საკუთარი გუნდის წევრები. ჭეშმარიტი ლიდერი დაუზარელი მებაღესავით დროულად რწყავს ყვავილებს და ყველას სათითაოდ ესაუბრება.

შეძახილმა ხე გაზარდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია