ვფიქრობ, ბიზნესის დაწყების დროს გეგმაზე მუშაობა დროის კარგვა უფროა, ვიდრე ბიზნესის წინსვლისთვის დახარჯული დრო ბიზნესში გეგმის საჭიროებას არ ვაკნინებ, მაგრამ ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე ამ ნაწილზე ფიქრი და მუშაობა დროის არაეფექტიანი ხარჯვაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა დაგეგმვაზე ვისაუბრებთ, ალბათ სჯობს ბიზნესი მისი არსებობის პერიოდების მიხედვით კატეგორიებად დავყოთ. ამ საკითხზე ჩვენს კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბრებ, რომელიც პრაქტიკაში გამოვცადეთ და ამ მომენტშიც ამ ფორმით ვმუშაობთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.
საწყის ეტაპზე, 0-დან 1 წელი, ეს პროცესი ცოტა განსხვავებულია და დაგეგმვის არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.
საერთოდ, ვფიქრობ, ბიზნესის დაწყების დროს გეგმაზე მუშაობა დროის კარგვა უფროა, ვიდრე ბიზნესის წინსვლისთვის დახარჯული დრო. საწყის ეტაპზე ჩვენი ქცევები უფრო იმპულსურია და ყოველდღიურ, ყოველწამიერ ჩართულობას მოითხოვს. აქ უფრო შემოქმედებითი, ემოციური და ტექნიკური საკითხების დალაგებაზე ხარ გადართული, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში კაპიტალი დააგროვო შემდგომი განვითარებისთვის. "ექსელის" ფაილში გეგმის დასაწერი დრო ნამდვილად არ გრჩება.
რა თქმა უნდა, ბიზნესში გეგმის საჭიროებას არ ვაკნინებ, მაგრამ ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე ამ ნაწილზე ფიქრი და მუშაობა დროის არაეფექტიანი ხარჯვაა.
როდესაც ახალი იდეის გარშემო, გაერთიანებული, ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანები არიან ჩართული, ამ დროს ემოციების მომხმარებლებისთვის გადაცემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსულო კონვეირის მომავლის "გუგლ"- კალენდარში წერა. თან, როცა იცი ასეთი დოკუმენტების შაბლონებით სავსეა ინტერნეტი და მათ არავინ იყენებს...
მეორე ეტაპი, 1-დან 2 წლამდე (სადაც ახლა ვიმყოფებით), ცოტა უფრო განსხვავებულია.
ჩვენი გეგმები დღეისათვის ჩანაწერებით შემოიფარგლება, რომელსაც დღიურის ფორმა აქვს და მოკლევადიანი საქმიანობების ჩამონათვალს უფრო ჰგავს, ვიდრე ბიზნეს, მარკეტინგულ თუ საკომუნიკაციო "დავარცხნილ" გეგმას. ეს პატარა "თასქმენეჯერივითაა" წიგნაკში, სადაც შეუსრულებელი "თასქი" თითქმის არ არსებობს.
გაცხადებული მიზანი გვაქვს, სად გვინდა ვიყოთ უახლოეს 1-3 წელიწადში, რა ტიპის საკომუნიკაციო აქტივობებს გამოვიყენებთ, როგორი იქნება ჩვენი გაყიდვების გეგმა, ქსელის გაფართოება, "დიჯითალი", როგორ უნდა გადავიდეთ ოფისის ფორმატში და გუნდის ახალი წევრებით გავძლიერდეთ – ამაზე წლის ბოლოს ვმსჯელობთ. ეს გენერალური ამოცანების ერთობლიობაა და ამ საკითხებისთვის კონკრეტული პროექტები და საქმიანობები გვაქვს გადანაწილებული.
1.5 წლიანი არსებობის შემდეგ, როდესაც საქმიანობების რაოდენობა იზრდება, ის ავტომატურად მოითხოვს რაიმე სახის რესურსის გამოყენებას, რათა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მოახვედრო და არ აიხლართო. ამ პერიოდიდან უკვე გჭირდება კლასიკური საშუალებების გამოყენება დროისა და საქმიანობის გადასანაწილებლად.
ბოლოს, კლასიკურად, "ბრაიანთრეისისეული" შაბლონური ფრაზით დავასრულებ. აქ თვალები უნდა დახუჭოთ და წარმოიდგინოთ, რომ ბრაიან თრეისი გეუბნებათ ამ ფრაზას: "დასაწყისში მოერიდეთ გეგმებზე მუშაობას. აქ ყველაზე მეტად საკუთარი საქმის კეთების ძლიერი სურვილი, სულ ცოტა გამოცდილება და ამ საქმის სიყვარული თუ გადაგარჩენთ".