Get All Access for $5/mo

რას ნიშნავს თანამედროვე სამყაროში, იყო "ინფლუენსერი" ვინ არიან "ინფლუენსერები"?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ვინ არიან "ინფლუენსერები"? რამდენად ახდენენ ისინი გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ამ საყოველთაო უნდობლობის ეპოქაში?

სიტყვა − "ინფლუენსერი", ქართულ სამეტყველო ენაში ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მკვიდრდება. ზოგს ეს ტერმინი, შესაძლოა ყურს სჭრიდეს და მიუღებლად ჟღერდეს, თუმცა ფაქტია, რომ ციფრული ინდუსტრიის შემოსვლას ნასესხები სიტყვების შემოდინებაც მოჰყვა. იმისათვის, რომ ცოტა გავამარტივოთ აღქმა და განვმარტოთ "ინფლუენსინგის" მნიშვნელობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, კონკრეტული სფეროს ექსპერტის მხრიდან, რჩევებისა და სუბიექტური თუ ობიექტური იდეების გაზიარება. შესაბამისად, "ინფლუენსერები" არიან ადამიანები, რომლებიც ციფრული არხების, სოციალური ქსელების საშუალებით, აუდიტორიასთან კონტაქტს ამყარებენ და ნდობასა და ავტორიტეტს იხვეჭენ.

რამდენიმე წლის წინ, თამამად ვიტყოდით, რომ "გავლენიანი ადამიანების ერაში" ვცხოვრობთ. ამა თუ იმ ინდუსტრიის წარმატებული წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში თავიანთ გამომწერებზე საკმარის ძალაუფლებას ფლობდნენ და სხვადასხვა ბრენდის პროდუქტის შეძენის, გასინჯვის, მათგან სერვისის მიღების მოტივაციას უქმნიდნენ.

დღეს, ეტაპობრივად ვუახლოვდებით იმ რეალობას, სადაც "ინფლუენსერების" მიმართ ნდობა მცირდება. ეს ტერმინი, თითქოს გაცვდა და აუდიტორიის ნაწილში უარყოფით ემოციებს აღძრავს, რაც მთლიანად ამ კონცეფციას აქტუალობას უკარგავს.

ისმის შეკითხვა − რას ნიშნავს, იყო "ინფლუენსერი" თანამედროვე სამყაროში? და თუკი ჯერ კიდევ რაიმეს ნიშნავს, როგორ შევინარჩუნოთ გავლენა ასეთ საყოველთაო უნდობლობის პირობებში?

გავლენის შემცირება და ინფორმაციის გადატვირთვა

მოდით, პრობლემის არსს ჩავუღრმავდეთ. ინტერნეტთან ღია წვდომის უპირატესობებია ხელმისაწვდომობა და უნივერსალურობა. ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, შეუძლია გახსნას თავისი გვერდი სოციალურ ქსელებში, შექმნას კონტენტი, აზიაროს საკუთარი აზრები და შემოიკრიბოს აუდიტორია.

ერთი მხრივ, ეს იყო საშუალება იმ უმცირესობებისათვის, ვისი ხმაც არ ისმოდა, რომ საზოგადოებამდე მიეტანათ თავიანთი იდეები, მათი პრობლემები კი ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო. თუმცა, ამან, ამავდროულად ინტერნეტის ინფორმაციული გადატვირთვა და ე.წ. "ინფორმაციული ხმაური" გამოიწვია.

კონტენტ-მარკეტინგი − ესაა მძლავრი სტრატეგია და ადამიანთა უმეტესობას ეს ესმის. მინიმალური ძალისხმევით, შესაძლებელია უზარმაზარი მოცულობის კონტენტის შექმნა და დიდი აუდიტორიის მოცვა. დღესდღეობით, ყველა ჩვენგანი, მეტნაკლებად აქტიურია სოციალურ ქსელებში და ვცდილობთ, ჩვენს პოსტებს რაც შეიძლება მეტი ნახვა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში კი, მივდივართ იქამდე, რომ მილიონობით ადამიანი, განზრახ თუ უნებლიეთ, "ინფლუენსერობასა" და გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც ამ ტერმინისა და საზოგადოებრივი მოვლენის გაუფასურებას იწვევს.

გავლენის ბოროტად გამოყენება

უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ "ინფლუენსერები", რომლებიც საკუთარ გავლენას ბოროტად იყენებენ. თავდაპირველად, ზოგიერთი კომპანია, იქნებოდა ეს რესტორანი, საწარმო, სერვისის მიმწოდებელი თუ სხვა, "ინფლუენსერებისათვის" ფასდაკლებებისა და ინდივიდუალური შეთავაზებებისთვის მზადყოფნას გამოხატავდა. მალევე, ეს მიღებულ ნორმად იქცა და ზოგიერთი "გავლენიანი ადამიანი" უკვე ყველასგან იმავე მიდგომას ითხოვდა, რამაც ამ სფეროს რეპუტაცია საგრძნობლად შეურყია.

ამან, ტერმინ "ინფლუენსერს" ერთგვარად ნეგატიური კონოტაცია შესძინა, დააკარგვინა მასების მხრიდან ნდობა და ეს, ერთ დროს საპატიო წოდება, დამცინავ ეპითეტად აქცია.

გავლენიანად ყოფნის პარადოქსი

"ინფლუენსერად" ყოფნის მთავარი არსი, იმაში მდგომარეობს, რომ გავლენის მქონე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებულ მანკიერ ხედვებსა და მიდგომებს უპირისპირდებოდეს; თავისი კონტენტით, აუდიტორიას სიახლეს სთავაზობდეს და ნოვაციებსა და აზროვნების დამკვიდრებული ჩარჩოდან გამოსვლას ახალისებდეს. მაშინ, როცა უმეტესობა, პირიქით − ცდილობს თავი დაიზღვიოს და ხალხს უთხრას ის, რისი მოსმენაც მათ სურთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ინფლუენსერები" ხშირად ქმნიან პლატფორმებს, რომლებიც უკვე არსებულ იდეებს ეფუძნება. ისინი მასების განწყობის ერთგვარ რუპორად იქცნენ, ნაცვლად იმისა, რომ აუდიტორიის ყურადღება ახალი მიგნებებისკენ მიმართონ.

თანამედროვე "ინფლუენსერი"

ცხადია, "ინფლუენსერები" ჯერ კიდევ ინარჩუნებენ გავლენასა და ავტორიტეტს საზოგადოებაში. ბევრი მათგანი, ადამიანთა ობიექტურ ინფორმირებულობას, გართობას, განათლებასა და საქმიან რჩევებს ემსახურება. თუმცა, იმისათვის, რომ ფსევდო-"ინფლუენსერებისა" და უბრალო მანიპულატორების ზღვას გამოეყოთ, თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ.

მარტივი პრინციპები დამწყები "ინფლუენსერებისათვის"

იმისათვის, რომ ამ სფეროში თავი დავიმკვიდროთ, გრძელვადიანი წარმატება მოვიპოვოთ და ყველა ის სარგებელი მივიღოთ, რასაც "ინფლუენსერობა" გვთავაზობს, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს უნდა მივაქციოთ.

იყავით თქვენი თავისა და ინდუსტრიის ერთგული − საყოველთაო აზრთან თანხმობამ და ხალხისთვის იმის მიწოდებამ, რაც უნდათ, შესაძლოა მოკლევადიანი პოპულარობა მოგიტანოთ, თუმცა ნამდვილ ლიდერად ვერასოდეს ჩამოგაყალიბებთ. უერთგულეთ თქვენს პიროვნულ პრინციპებსა და იმ სფეროს ინტერესებს, რომელშიც საქმიანობთ.

ვემსახუროთ სიმართლესა და სამართლიანობას − იმის ნაცვლად, რომ აუდიტორიას დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და შემთხვევითი აზრები თავს მოვახვიოთ, ვეცადოთ ვიყოთ მართლები, ზუსტები და თანმიმდევრულები. არის მომენტები, როდესაც რაიმე მოვლენაზე ემოციური, სპონტანური კომენტარისგან თავის შეკავება რთულია, თუმცა როდესაც გვაქვს პრეტენზია, საზოგადოებრივ განწყობებს ვაყალიბებდეთ, სიღრმისეული ანალიზი და პროფესიული ეთიკის დაცვა გვმართებს. ეს ნელი და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა თუკი მას მიმართავთ, დიდ პატივისცემასაც დავიმსახურებთ.

მთავარია ხარისხი, და არა რაოდენობა − ახალი კონტენტის რეგულარულად გამოქვეყნება, მარტივი და სასარგებლო საქმიანობაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხარისხი და ის ღირებულება, რასაც ემსახურებით, განთავსებული პოსტებისა და სტატიების რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. სჯობს საინტერესო იდეების შესახებ, კვირაში 3-ჯერ ვესაუბროთ ჩვენს აუდიტორიას, ვიდრე ყოველდღიურად მოვაბეზროთ თავი არაფრისმომცემი კონტენტით.

არ გამოიყენოთ ბოროტად თქვენი გავლენა − "ინფლუენსერები" ისედაც უამრავი უპირატესობით სარგებლობენ საზოგადოებაში, ამიტომ ყველგან და ყოველთვის დამატებითი სარგებლის ძიება, თქვენს რეპუტაციას ნამდვილად არ წაადგება. არ შევიქმნათ ცრუ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სოც-ქსელის გვერდის გამომწერი, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უნდა იჩენდეს ჩვენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ეკრანს მიღმა და იგივე ადამიანი რეალურ ცხოვრებაში, ერთი პიროვნებაა, აუდიტორია ამ ორ როლს განსხვავებულად აღიქვამს.

ურთიერთობა საზოგადოებასთან − გაამახვილეთ ყურადღება გულწრფელ და ცოცხალ ურთიერთობაზე ადამიანებთან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ ჩვენი აზრი არაა გადამწყვეტი და სხვა იდეებსაც აქვთ არსებობის უფლება. შესაძლოა, მასასთან შედარებით, რაიმე კონკრეტულ თემაში მეტად კომპეტენტური ვიყოთ, მაგრამ "ინფლუენსერობის" მთელი ხიბლი იმაშია, რომ შეგეძლოს აუდიტორიისგან უკუკავშირის მიღება. არაა აუცილებელი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, თუმცა სხვის აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ.

საზოგადოება, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, დამოკიდებული იყო ლიდერებისა და ექსპერტების აზრზე და დიდი ალბათობით, მომავალშიც ასე იქნება. გავლენის მქონე ადამიანები მიგვითითებენ სწორ გზას, გვაცნობენ ახალ კონცეფციებს და ცხოვრებას გვიმარტივებენ, იმის მიუხედავად, თუ რომელი საკომუნიკაციო არხიდან ვიღებთ ინფორმაციას. ციფრული სამყაროს ხელმისაწვდომობამ, ამ კუთხით ორი რამ შეცვალა: გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც "ინფლუენსერობა" სურს, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ამის რესურსი არ გააჩნია და გამოიკვეთა ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელიც გავლენის მოსაპოვებლად აუცილებელია. ამის გათვალისწინებით, თანამედროვე ლიდერებს მეტი კვალიფიკაცია, მოსმენის უნარი და რაც ყველაზე მთავარია − გულწრფელობა მართებთ, რათა ინფორმაციის იმ მორევში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, უბრალოდ, არ ჩაიძირონ და თავიანთი კვალი დატოვონ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან