19 მაისს, საქართველოს კინოთეატრებში ფილმ "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა შედგება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
19 მაისს, თბილისში მსოფლიოში ცნობილი ბლოკბასტერის "ფორსაჟის" მე-9 ეპიზოდის პრემიერა შედგება, რომელსაც ქართველი მაყურებელი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გადაღებების გამო განსაკუთრებულად ელოდა.
ფილმში კარგად ჩანს თბილისისა და რუსთავის ქუჩები, სადაც 2019 წლის 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე ფილმის სცენების გადაღება მიმდინარეობდა.
"ფორსაჟის" საქართველოში გადაღებისა და კინომწარმოებელ კომპანია "Universal Pictures"-ის დაინტერესებაში, საკვანძო როლი ითამაშა სახელმწიფო პროგრამამ - "გადაიღე საქართველოში" და საპროდიუსერო კომპანია "ენკენი ფილმს"-მა. ამ საქვეყნოდ ცნობილი ფრანშიზის, საქართველოზე არჩევანის შეჩერების პროცესსა და პროექტის მნიშვნელობაზე, Entrepreneur-ს, სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი გაესაუბრა.
სახელმწიფო პროგრამას - "გადაიღე საქართველოში" 2016 წელს, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი ტიპის პროექტები მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც უცხოურ, თუ ადგილობრივ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს, საშუალებას აძლევს ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოონ გადაღებები, ფინანსურად და ბიუროკრატიულად ხელსაყრელ პირობებში.
"გადაიღე საქართველოში" მიზნად ისახავს, ქართულმა და უცხოურმა კინომწარმოებელმა სტუდიებმა და პროდიუსერებმა, შეძლონ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, ჩვენი მხრიდან ნაკლები ბიუროკრატიის და მეტი მოქნილობის შეთავაზებით. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია 20-25%-მდე ხარჯების უკან დაბრუნების, ე.წ. Cash back სისტემა, რომელიც კომპანიებს ფინანსების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს.
როგორც მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, დაარსების დღიდან, პროგრამა საკმაოდ აქტიურია, აწარმოებს მოლაპარაკებებს და თანამშრომლობს საერთაშორისო მნიშვნელობის კინოსტუდიებთან და პროდიუსერებთან. 2016 წლიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა არაერთი მსხვილი კინო-პროექტი, ძირითადად აზიური ბაზრის ცნობილი ბრენდების, მათ შორის - "ბოლივუდის" მიერაც, თუმცა "გადაიღე საქართველოში"-ს მთავარ სამიზნეს ევროპული და ამერიკული ბაზარი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, "აწარმოე საქართველოში" მჭიდრო ურთიერთობაშია "ჰოლივუდთან" და მის ისეთ ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან, როგორიცაა კინომწარმოებელი კომპანია Universal Pictures.
რაც შეეხება, უშუალოდ ბლოკბასტერ "ფორსაჟი 9"-ის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებას, მიხეილი ამბობს, რომ საპროდიუსერო კომპანია "ენკენი ფილმის", "გადაიღე საქართველოში"-სა და სახელმწიფოს, პრაქტიკულად ყველა უწყების, აქტიური ჩართულობის გარეშე, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
საქართველოს გადასაღებ ლოკაციად შერჩევის პროცესი, ორმხრივი ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და შეთავაზების პროდუქტი აღმოჩნდა. ამ მსოფლიო დონის ბლოკბასტერის - "ფორსაჟის" მოზიდვა საქართველოში მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა. პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივმა საპროდიუსერო კომპანია "ენკენი ფილმს"-მა, რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში "Universal Pictures"-ის წარმომადგენლებთან ერთად შეუფასებელი სამუშაო გასწია და შემდგომ, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებიც კი თავად უზრუნველყო. "ენკენი ფილმისა" და "გადაიღე საქართველოში"-ს ერთობლივი ძალისხმევით, საბოლოოდ მოხდა ცნობილი გლობალური ბრენდის დაინტერესება საქართველოთი, მათ გააცნეს ყველა ის ლოკაცია, რომელიც ხელსაყრელი იქნებოდა კადრებისათვის, შესთავაზეს Cash back სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური სტიმულია ყველა სტუდიისათვის, მოახერხეს და უმოკლეს ვადებში დაძლიეს რიგი ბიუროკრატიული პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იყო უზარმაზარი ოდენობის ტექნიკისა და ავტომობილების ტრანსპორტირებასთან, გადასაღებად ქუჩების გადაკეტვასთან და საერთო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან.
ამასთან, მიხეილ ხიდურელი განსაკუთრებულად აღნიშნავს სახელმწიფოს ჩართულობას ამ პროექტის მსვლელობის პროცესში. გახმაურებული ფრანშიზის გადაღება ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა. სახელმწიფოს, პრაქტიკულად ყველა ორგანო მობილიზებული იყო საიმისოდ, რომ საერთაშორისო ბრენდ Universal Pictures-ს არანაირი შეფერხება არ შეხებოდა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გასჩენოდა. უწყებები პროექტს რიგი ლოგისტიკური დეტალების მოგვარებაში, ნებართვების ოპერატიულად გაცემაში, გადასაღებად მნიშვნელოვანი ქუჩების დროულად გადაკეტვაში, ფინანსური ბენეფიტების უზრუნველყოფაში და ბევრ სხვა საკითხში, მნიშვნელოვნად დაეხმარნენ.
Entrepreneur დაინტერესდა, ფინანსური ინვესტიციის გარდა, რომელიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ გადაღებებს უკავშირდებოდა, რა სიკეთეების მომტანი იქნებოდა ეს პროექტი საქართველოსთვის. საქართველოში "ფორსაჟის" მე-9 ეპიზოდის გადაღების ჯამური ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა გარდა იმისა, რომ Universal Pictures-ის საქართველოში ოპერირებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია მოუტანა, მიხეილმა საუბარში, მთელი რიგი საკვანძო საკითხი გამოყო.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გადამღები ჯგუფიდან, რომელიც 600 სპეციალისტს აერთიანებდა, 425 ადგილობრივი პროფესიონალი იყო, ხოლო ჯამში გადაღებების პერიოდში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა, რაც ქართული მხარის მსგავსი მასშტაბის პროექტში უშუალო ჩართულობა, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო შემთხვევაა. "ფორსაჟი 9"-ის გადაღების პროცესმა, ადგილობრივ სპეციალისტებს ჰოლივუდის გამოცდილებასა და ფროდაქშენის დეტალების გაზიარების შესაძლებლობა მისცა, რაც ქართული კინემატოგრაფიის განვითარებისა და ქართველი მაღალი დონის პროფესიონალების ფორმირების მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
მიხეილ ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი უპრეცედენტო პროექტი საქართველოს, როგორც მოქნილი და საიმედო პარტნიორის იმიჯის შექმნაში დაეხმარება. ცხადია, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც Universal Pictures-ა, უამრავ დეტალს აქცევს ყურადღებას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ბიუროკრატიული წინააღმდეგობები, ფინანსური მხარე, ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე, ქალაქებისა და ზოგადად ქვეყნის ესთეტიკური მიმზიდველობა და სხვა. ის, რომ საქართველომ მოახერხა და ასეთ გლობალურ პროექტს წარმატებით უმასპინძლა, სერიოზული განაცხადია საერთაშორისო მასშტაბით და კიდევ არაერთი სტუდიისათვის თავიანთი პროდუქტის სწორედ აქ წარმოების სტიმული გახდება.
გარდა კინოსტუდიებისა, ფილმი "ფორსაჟის" საქართველოში გადაღება, უამრავი საერთაშორისო ვიზიტორისათვის, ქვეყნის მონახულების მოტივატორი გახდება. კადრებში კარგადაა იდენტიფიცირებული საქართველოს, კერძოდ კი თბილისისა და რუსთავის ლოკაციები. უმაღლესი ხარისხითაა გადაღებული ძველი თბილისისა და თანამედროვე უბნების ხედები, რაც ამ ფრანშიზის მრავალმილიონიანი აუდიტორიისათვის, მთელი მსოფლიოს გარშემო, საქართველოს შესახებ ცნობადობას აუმაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიურ რეალობაში ვცხოვრობთ, რაც საბოლოო ჯამში ფილმის პრემიერის ვადების გადაწევის მიზეზი გახდა, ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება და საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირების საქმეში, "ფორსაჟი" თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
მიხეილ ხიდურელმა გაგვაცნო სააგენტოს მხრიდან, პრემიერასთან დაკავშირებული მოლოდინები და ის, თუ რამდენად რეზონანსული იქნება საქართველოს კადრების გაშუქება მსოფლიო დონის ბლოკბასტერში. მისი თქმით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მოუთმენლად ელის ფილმის ქართულ პრემიერას და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა გლობალურად ცნობილ ფრანშიზა "ფორსაჟთან" და კინოსტუდია Universal Pictures-სთან, დადებითად იმოქმედებს იმ ისედაც მზარდ ინტერესზე საქართველოში ფილმის გადაღების კუთხით, რაც მანამდეც შეინიშნებოდა. სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოხდეს ქვეყნის აქტიურად წარმოჩინება საერთაშორისო არენაზე და სულ უფრო მეტმა მსხვილმა ამერიკულმა თუ ევროპულმა ბრენდმა, მოაპყროს ჩვენკენ თავისი ყურადღება.
"ვფიქრობთ, ჩვენ ერთგვარი გარდატეხა მოვახდინეთ, იმით, რომ საქართველოში ისეთმა მსხვილმა ბრენდმა როგორიც Universal Pictures-ა თავისი ფილმი გადაიღო. ჩვენ მოვახერხეთ და ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენელ კომპანიას მოქნილი მიდგომა, სწრაფი გადაწყვეტილებები, კომფორტული Cash back სისტემა შევთავაზეთ. ამ ყველაფერმა, სახელმწიფოს მაღალი დონის ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად." - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.