''1ანობა'' - პლატფორმა მოხალისეობრივი ძალების ერთიანობისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"1ანობა" − ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელიც მეგობრების − ვალერი ჩეხერიას ("აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი), ნინო ზამბახიძისა (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე) და სანდრო კანდელაკის (ბიზნესაქსელერატორ Spark-ის მენეჯერი) ინიციატივით დაიწყო და კორონავირუსს, შემოტევის საპასუხოდ, მოხალისეთა გაერთიანებულ ძალებს უპირისპირებს. "ერთიანობა" ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელში გაერთიანებულ მოხალისეებს და კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ კოორდინირებულად და საერთო რესურსების მობილიზებით დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. "1ანობის" დამფუძნებლებს ძალების კონსოლიდაციის ეფექტურობის ღრმად სწამთ. ეს მოტივაცია გადამდები აღმოჩნდა უამრავი მოხალისისა და კომპანიისთვის, რომლებიც ოპერატიულად ჩაერთნენ ინიციატივაში და COVID 19-ით გამოწვეულ სირთულეებს უამრავ ადამიანს უმსუბუქებენ.
"ჩვენი პლატფორმა სამი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველია ის, რომ რეგისტრირდებიან მოხალისეები, რომლებიც ფიზიკურად ძლიერი ადამიანები არიან და შეუძლიათ პროდუქტის მიტანა ბენეფიციართან. მეორე მხრივ, სოციალური კოპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში რეგისტრირდებიან ბიზნესები, რომელთაც აქვთ ფულადი შემოწირულობის, საწვავისა და საკვები პროდუქტების მოწოდების სურვილი. მესამე მხრივ კი რეგისტრირდებიან ბენეფიციარები, რომლებიც დღეს დახმარებას საჭიროებენ. ესენი არიან შშმ-პირები, მარტოხელა დედები და 65 წელს ზემოთ ხანშიშესული, მარტოხელა მოხუცები, რომელთაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსი აქვთ. ჩვენ ამ ადამიანებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ ორგანიზებულ მოხალისეთა ჯგუფებით საშუალებით. ამავდროულად, გვაქვს შემდეგი მობილიზება: გვყავს ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც დადიან და ემსახურებიან ბენეფიციარებს, და არის კიდევ სარეზერვო ჯგუფები. ამავდროულად, ჩვენ ვაძლიერებთ პლატფორმა SOPLIDAN.GE-ს, რათა ფერმერული მეურნეობები გაძლიერდეს და მათ მიერ მოწეული პროდუქტის რეალიზების ბაზარი არსებობდეს. ჩვენი პლატფორმა სულ ახალი შექმნილია და კიდევ გაძლიერდება", − გვეუბნება ნინო ზამბახიძე.
Covid 19 მართლაც მთელი მსოფლიოსთვის იმაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ძალისხმევას არ ზოგავენ მასთან საბრძოლველად, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის. იმისათვის კი, რათა ინფიცირების ზრდასთან ერთად, სოციალური და ეკონომიკური დესტრუქციული პროცესები შევაკავოთ, მსგავსი ტიპის კროსექტორულ თანამშრომლობას დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
"იმისათვის, რომ სწორად გადავანაწილოთ რესურსები და ვიცოდეთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ ეს დახმარება, ჩვენ საიტზე არის სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც შეუძლია შეავსოს საჭიროების მქონე ადამიანმა, ან თუ თვითონ არ შეუძლია, სხვამ დაარეგისტრიროს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გამგეობებთან, უბნის ინსპექტორებთანაც, რომ დროული და საჭირო ინფორმაცია მიზნობრივად გამოვიყენოთ. სათანადოდ აღჭურვილი ჩვენი მოხალისეები ადგილზე სტუმრობენ მათ, ვისაც ამის აუცილებელი საჭიროება აქვთ და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გადასცემენ საკვებსა და მედიკამენტებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არც კი აქვთ ინფორმაცია, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. მთელ ამ პროცესში, როგორც ჩვენი მოხალისეების, ასევე ბენეფიციარების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია", − ამბობს ვალერი ჩეხერია.
ოპერატიულობისა და ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლისთვის სოციალურ ქსელ facebook-ზე შეიქმნა ჯგუფიც, რომელიც ათასზე მეტ მოხალისეს ითვლის და ეს რაოდენობა მუდმივად მზარდია. როგორც პლატფორმის დამფუძნებლები აღნიშნავენ, დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ უფრო მეტი ადამიანი გადამზადდეს და ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში. ამავდროულად, იგეგმება COVID-რუკის დამატებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, იზოლაციაში რომელიღაც რეგიონი აღმოჩნდება, პლატფორმაზე ეს ინფორმაცია ოპერატიულად აისახება. მის მმართველ გუნდს კი ეცოდინება, ვინ ჰყავს იქ მოხალისეები და სურსათს ცენტრალიზებულად გააგზავნის ადგილზე, სადაც ადგილობრივი მოხალისეები საჭიროების მქონე ადამიანებს საკვებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს დაურიგებენ.
"საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ მძიმე სიტუაციებში სამოქალაქო ჩართულობა რამდენად დიდ როლს თამაშობდა კრიზისის დასაძლევად. შესაბამისად, ამ მდგომარეობაშიც მოხალისეების ჩართულობა ბიზნესთან ერთად დიდ სინერგიას ქმნის, რომელსაც, მიმაჩნია, რომ ყველა გამოწვევის გადალახვა შეუძლია. ყველაზე სასიხარული კი ის გახლავთ, რომ ამ დიდ ერთიანობას აქვს უდიდესი მასშტაბები. ჩვენი მოხალისეები არიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, რაც საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ შორეულ და მიუვალ სოფლებსაც კი. ამის კარგი მაგალითია რამდენიმე დღის წინანდელი ისტორია, როდესაც საქართველოს რამდენიმე რეგიონში კრიტიკული საჭიროების მქონე ოჯახებს სწორედ ჩვენი მოხალისეების მეშვეობით დავეხმარეთ. გამოსავალი ყოველთვის ერთიანობაშია. ზუსტად ეს ერთიანობა გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ყველაფერს ერთად გადავლახავთ", − სანდრო კანდელაკი.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა "1ანობა" მხოლოდ COVID-ზე არ იმუშავებს. "ერთიანობა" მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და საქართველოს მისი სახით, კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში, მართვის ქმედითი ინსტრუმენტი ექნება.