2 კვ.მ-ით დაწყებული ოჯახური ბიზნესი - ესთეტიკური ცენტრი ''სოფიანას'' წარმატების ისტორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თავიდან მუშაობა 2 კვ.მ.-ითა და ქირით დავიწყე. დღეს კი ვარ საკუთარი ფართის მფლობელი, რომელიც უკვე 150 კვ.მ-ს შეადგენს. ოცნება ამისრულდა. მაქვს საყვარელი საქმე და მყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ უფრო გავაფართოვო ბიზნესი. მე თუ კიდევ უფრო წარმატებული გავხდები, შევძლებ, მეტი სიახლე შემოვიტანო ჩემს რაიონში და მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალო დადებითად", - სოფიო ბანძელაძე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართელოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ქუთაისში სტარტაპების პრეაქსელერაციის პროგრამა განხორციელდა. პროგრამის მიზანი ინოვაციური აზროვნების განვითარება, მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და იდეების განვითარება გახლდათ. ტრენინგებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები. პროგრამის ფარგლებში 50-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა: იდეების გენერირება, ბაზრის კვლევა, MVP, ბრენდი/ბრენდინგი, ბიზნეს მოდელის შემუშავება და სხვა. თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდგომ ჩატარდა ფინალური დემო დღე, სადაც გამარჯვებული და რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.
BTU-ს ერთ-ერთი რჩეული მონაწილე ესთეტიკური ცენტრი "სოფიანა" და მისი დამფუძნებელი, სოფიო ბანძელაძე გახდა. კომპანიას სახელი სამი დის სახელწოდებით დაერქვა: სოფიო, ფიქრია, ანა. დებმა წამოწყება და საქმიანობა მიუძღვნეს საკუთარ დედას, რომელიც 40 წელია კოსმეტოლოგია. "გვსურდა, ჩვენი საქმიანობით დედისათვის გამოგვეხატა პატივისცემა და ამავდროულად, შეგვექმნა სამუშაო წყარო, რითიც დავასაქმებდით ადამიანებს და უკეთესობისკენ შევცვლიდით მათ ცხოვრებას", - აღნიშნავენ გუნდში.
"სოფიანა" იმერეთის რეგიონში ფუნქცნიორებს და ერთგულ მომხმარებლებს მრავალფეროვან კოსმეტოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. უახლოეს პერიოდში კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ფიტნეს ცენტრის გახსნასაც გეგმავს. "ჩვენს რაიონში შევქმენით დამატებითი 8 სამუშაო ადგილი. დავასაქმეთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ მუშაობის მოტივაცია და განწყობის შექმნა მომხმარებლებისთვის. ბაზარზე უკვე 12 წელიწადია ვარ და სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას, მუდმივად მყავდეს ერთგული მომხმარებლები. ჩვენი ესთეტიკური ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვთა და ქალთა, ისე - მამაკაცთა სეგმენტზე. "სოფიანას" სერვისებზე მოთხოვნა კი დღიდიდღე იზრდება. მომხმარებლები ჩვენგან დადებითად განწყობილნი მიდიან და შემდეგ უკან მეგობრებთან ერთად ბრუნდებიან. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ნიშნავს დამატებით მომხმარებლებს. ჩვენც თანაშრომლები, ვცდილობთ მეტი ყურადღებითა და კეთილსინდისიერებით მოვემსახუროთ მომხმარებლებს", - აღნიშნავს სოფიო ბანძელაძე.
"სოფიანას" დამფუძნებელს, მისივე განმარტებით, ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება ანტრეპრენერობისკენ, ვინაიდან ყოველთვის ცდილობდა, გამოწვევები ახალ შესაძლებლობად ექცია და ყოველთვის უშიშრად აეღო საკუთარ თავზე ახალი პროექტებისა თუ საქმიანობის განხორციელება. პროფესიით ბიოქიმიკოსმა საკუთარი სპეციალობა ზუსტად დაუკავშირა ბიზნესს და თვლის, რომ წამოწყებამ მისი იმედები გაამართლა. "ვფიქრობ, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია რისკების, სწავლობს და ვითარდება ნებისმიერი მარცხის შემთხვევაში. ანტრეპრენერს უყვარს საკუთარი საქმე და სწორედ ამიტომ, კეთილსინდისიერია მომხმარებლების მიმართ. თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება საქმისადმი, წარმატება ყოველთვის გარანტირებული იქნება. ძალიან მიყვარს ჩემი თითოეული მომხმარებელი და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ადამიანების სასიკეთო ცვლილებაში", - განმარტავს სოფიო ბანძელაძე.
აღსანიშნავია, რომ "სოფიანას" მომხმარებლებისადმი კორპორატიული პასუხისმგებლობა გააჩნია. ცენტრი სრულიად უფასოდ ემსახურება ონკოპაციენტებსა და სოციალური სტატუსის მქონე პირებს. შენობა სრულად ადაპტირებულია და მომსახურების მიღება შეუძლიათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსაც. "ვფიქრობ, მომხმარებლები ჩვენში ყველაზე მეტად ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურების უმაღლეს ხარისხს აფასებენ. მოტივირებული ვართ, ავითვისოთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია და განვახორციელოთ საქმიანობაში. გვჯერა, რომ პიროვნული და პროფესიული ზრდა ხანგრძლივი წარმატების გარანტია. დიდი სურვილი გვაქვს, პროფესიონალიზმი, ხელმისაწვდომი ფასები და კმაყოფილი მომხმარებელი გადამდები იყოს სხვა რაიონებისთვისაც და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ადამიანთა ცხოვრების ხარისხი. "აჯობე დროს" - სწორედ ეს არის ჩვენი როგორც ცხოვრებისეული, ისე სამსახურეობრივი სლოგანი. ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, იყვნენ იმაზე უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელი, ვიდრე მათი ასაკია.
თავიდან მუშაობა 2 კვ.მ.-ითა და ქირით დავიწყე. დღეს კი ვარ საკუთარი ფართის მფლობელი, რომელიც უკვე 150 კვ.მ.-ს შეადგენს. ოცნება ამისრულდა. მაქვს საყვარელი საქმე და მყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ უფრო გავაფართოვო ბიზნესი. მე თუ კიდევ უფრო წარმატებული გავხდები, შევძლებ, მეტი სიახლე შემოვიტანო ჩემს რაიონში და მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალო დადებითად", - სოფიო ბანძელაძე.