20000-ლარიანი ინვესტიცია ინოვაციური იდეების განსახორციელებლად BTU-ს სტუდენტური AI ჰაკათონი Lineate Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ხელოვნური ინტელექტი და განათლება" - სწორედ ასე ჰქვია ჰაკათონს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და აშშ-ში დაფუძნებულ საერთაშორისო სტატუსის მქონე ტექკომპანია Lineate Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ჰაკათონში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს (2-დან 4 მონაწილემდე) შეუძლია.
ჰაკათონი მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტის, AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას აერთიანებს და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
დაინტერესებულ სტუდენტებს ჰაკათონზე რეგისტრაცია 18 იანვრამდე შეეძლებათ. რეგისტრირებული მონაწილეები ორ შესარჩევ ეტაპს გაივლიან:
- პირველ ეტაპზე სტუდენტები იმუშავებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათ ტექნოლოგიურ უნარებსა და ცოდნას გამოავლენს;
- მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას, რომლის ფარგლებშიც, 7 დღის განმავლობაში, იმუშავებენ მენტორებთან ერთად და შექმნიან საბოლოო პროდუქტს, რომელსაც კომპეტენტურ ჟიურის წარუდგენენ.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20000 ლარია, რომელიც 3 გუნდზე გადანაწილდება. გამარჯვებული მონაწილეები მიღებულ ინვესტიციას საკუთარი იდეის პროტოტიპის განვითარებისთვის გამოიყენებენ. გარდა ამისა, BTU-ს მხარდაჭერით, 2024 წლის მაისში, მონაწილეობას მიიღებენ გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც საკუთარი პროდუქტის საბოლოო პროტოტიპს წარუდგენენ ანგელოზ ინვესტორებს - ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
რა ბენეფიტების მომტანი იქნება AI ჰაკათონში მონაწილეობა სტუდენტებისთვის და როგორ აისახება მსგავსი ტიპის პროექტები საქართველოს ტექნოლოგიურ პოტენციალზე? - ამ და სხვა კითხვებს Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, თორნიკე სულაბერიძე პასუხობს:
თორნიკე, რა როლი აქვს Lineate Georgia-ს AI Hackathon-ში და რა მოლოდინი არსებობს ამ პარტნიორობის ფარგლებში?
AI Hackathon-ის პროექტი ემსახურება ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარებასა და სტუდენტების ჩართულობის წახალისებას სექტორის პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენ ვართ პროექტის მთავარი პარტნიორი და იმედი გვაქვს, პროექტის გამარჯვებულებთან არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მთავარი ჯილდოს გადაცემით, არამედ - სამომავლოდ გრძელვადიანადაც ვითანამშრომლებთ.
რატომ ფიქრობთ, რომ AI Hackathon არის მნიშვნელოვანი მოვლენა ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის საქართველოში და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის?
ხელოვნური ინტელექტი განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენც არ ჩამოვრჩეთ განვითარების ეტაპს და მომენტუმს. გარდა ამისა, AI Hackathon-ი გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე თაობის ტექნიკური უნარ-ჩვევებით აღჭურვაში. ის სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამოიყენონ საკუთარი თეორიული ცოდნა რეალურ სამყაროში, გაიძლიერონ პრაქტიკული უნარები და მოემზადონ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.
ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გამოსცადოს საკუთარი თავი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში.
როგორ შეაფასებთ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების თანაკვეთას და როგორ შეესაბამება ეს ჰაკათონი თქვენს ხედვას?
სწრაფად ცვალებადი სამყაროდან გამომდინარე, ტექნოლოგიებიც სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი პროგრამული ენის ცოდნა გრძელვადიანად შესაძლებელია არალერევანტური გახდეს.
დამწყებ პროფესიონალებს უნდა ესმოდეთ, რომ 5-10 წელიწადში მათ შეიძლება მოუწიოთ პროგრამული ენების ცვლილებამ. სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში პროგრამული ენების საწყისებს სწავლობენ, ამ ცვლილებას მარტივად უღებენ ალღოს.
AI ჰაკათონის არსიც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება ამ ხედვას. პროექტის მიზანია, სტუდენტებმა გამოავლინონ და განივითარონ საკუთარი ცოდნა და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავებენ და მიიღებენ უნიკალურ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის გამოცდილებას.
თორნიკე, შეგიძლიათ განმარტოთ, თუ როგორ წარმოაჩენს თქვენ მიერ AI Hackathon-ის მთავარი სპონსორობა ინვესტიციას მომავალ ტექნოლოგიურ ინოვაციებში?
აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენი სპონსორობა არის მცირედი ინვესტიცია ტექეკოსისტემის განვითარების წახალისებისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სხვა კომპანიებმაც გამოთქვეს სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელებაში. გვჯერა, რომ კერძო სექტორისა და განათლების სექტორის თანამშრომლობით, ბაზარზე მეტ ადგილობრივ ტალანტს გავაჩენთ, რაც თავის მხრივ საქართველოს ტექეკოსისტემის განვითარებას განაპირობებს.
ჰაკათონი იმართება MIT - Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში MIT-ის სპიკერი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
ჰაკათონის მხარდამჭერები არიან: გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საერთაშორისო კომპანია Devexperts