27 აპრილს საქართველოში პირველი Start-up მარათონის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Alte University-ის ინიციატივით, GITA-ს, "თიბისის" პროგრამა "სტარტაპერთან" თანამშრომლობით, ისრაელის საელჩოს თანადგომით, Entrepreneur Georgia-სა და ონლაინგამოცემა "ახალი განათლების" საინფორმაციო მხარდაჭერით, Start-up-მარათონი ხორციელდება. პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება, მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას.
კონკურსის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის − 128 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შერჩეული 15 გუნდი 27 აპრილს კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარდგება. აპლიკანტები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით შეირჩნენ, მათ შორის: ბიზნესიდეის ინოვაციურობა; იდეის ვალიდურობა: რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს?; იდეის განხორციელებადობა − რამდენად რეალისტურია?; და გავლენა − რა სახის ცვლილებების მომტანია ბიზნესიდეა? აღსანიშნავია, რომ მონაწილეები არიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მათი იდეების უმეტესი ნაწილი კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება.
მარათონის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები ხელმძღვანელობენ. პროექტის მონაწილეთა ონლაინტრენინგები უკვე დასრულდა და ახლა მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი − მენტორინგის სესიები, დაიწყო. ინდივიდუალური კონსულტაციები მოიცავს "ალტე უნივერსიტეტის" მიერ შერჩეული მენტორების რეგიონებში სტუმრობასა და ადგილზე ე.წ. ქოუჩინგის გაწევას.
"სტარტაპმარათონზე საკმაოდ საინტერესო გუნდებია წარმოდგენილი. უნდა ითქვას, რომ მარათონში არა მარტო გუნდებია საინტერესო, არამედ მათი იდეებიც, რომელთაც მოიცვეს სხვადასხვა სფერო − ესაა ტექნოლოგიები, სპორტი, დასაქმება, High Tech, აგროსფერო და ა.შ. მენტორინგის სესიაზე გუნდებს ვამზადებთ საბოლოო Pitch-ისთვის, მათთან ერთად დეტალურად გავდივართ ბიზნესმოდელებს, ვცდილობთ ერთად დავხვეწოთ იდეები და ისინი ისეთი სახით მივიტანოთ ჟიურიმდე, რომ იყოს მაქსიმალურად გასაგები, წარმოჩენილი იქნას ყველა დადებითი მხარე და ჩანდეს მათი ინოვაციურობა, განხორციელებადობა", − აცხადებს ლევან პაიჭაძე, მენტორი.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, რომელიც მოიაზრებს დაჯილდოებას, 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას როგორც გამარჯვებული, ისე რჩეული გუნდების შესახებ. გამარჯვებული გუნდის წევრები Alte University-ისგან სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას, ხოლო "თიბისი სტარტაპერისგან" 5 000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. "Start-up გარაჟის" სერვისები კი მათ საშუალებას მისცემს, განავითარონ იდეა და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე. სკოლის მოსწავლეთა ინოვაციურ იდეებს Alte University და მისი პარტნიორი ორგანიზაციები შეაფასებენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, "თიბისი სტარტაპერი", ჟურნალი Entrepreneur და ისრაელის საელჩო საქართველოში.