Get All Access for $5/mo

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპმა - Intrro $2,2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა კომპანიის CTO ვასილ რეხვიაშვილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამშრომელთა შერჩევის რეკომენდაციებზე დაფუძნებულმა პლატფორმამ Intrro, ადრეული ეტაპის საინვესტიციო რაუნდი მოზიდული 2,2 მილიონი დოლარით დახურა. სტარტაპმა ეს ინვესტიცია ისეთი ფონდებისგან მოიპოვა, როგორებიცაა: ბერლინის Signals VC, ნიუ იორკის Data Frame Ventures და სან ფრანცისკოს Tribe Capital.

აღსანიშნავია, რომ Intrro-მ გასულს წელს, როდესაც სტარტაპი ჯერ კიდევ სულ ახალი დაარსებული იყო, საქართველოში გამართულ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რაც დამფუძნებელთათვის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა.

Intrro 2020 წელს ნასერ ოჯიდანმა და ნილ ჯეიმი შაჰმა დააარსეს. როგორც თავად დამფუძნებლები აცხადებენ: "ჩვენ საქმეებისადმი არასოდეს გვაქვს მარტივი მიდგომა. წამოვედით სამსახურებიდან და პროდუქტის პირველი ვერსია ჩვენი, პირადი დანაზოგით შევქმენით. "ფაბრიკაში" − თბილისში მდებარე ჰოსტელში, რომელიც საბჭოთა დროს სამკერვალო ფაბრიკა იყო, 200-ზე მეტ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერთან ჩავატარეთ გასაუბრება, ხოლო შემდეგ დავფუძნდით საქართველოში − პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3,9 მილიონია, ხოლო რეკომენდაციები − მათი დნმ-ის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვქონდა ბედნიერება შევხვედროდით ვასილ რეხვიაშვილს, რომელიც ჩვენს დამფუძნებელ ინჟინრად და ტექნიკურ დირექტორად იქცა. დანარჩენი კი, ისტორიაა".

Intrro წარმოადგენს საერთაშორისო სტარტაპს B2B მოდელით, რომელიც დასაქმების ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. პლატფორმის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თანამშრომლებმა თავიანთი LinkedIn-ნაცნობები (connections) გაუზიარონ კომპანიის რეკრუტერებს, რის შემდეგაც ისინი ამ სიიდან არჩევენ კანდიდატებს და თავიანთ თანამშრომლებს მათთვის სასურველი კანდიდატისათვის რეკომენდაციის გაწევას სთხოვენ. ხშირად სარეკომენდაციო სიაში დასაქმების მსურველი ადამიანები სულაც არ არიან. ბევრი მათგანი არც განიხილავს სამუშაოს ცვლილებას, თუმცა მსგავსი, რეკომენდაციებზე დამყარებული სისტემა რეკრუტერს ეხმარება სასურველ კანდიდატთან რეკომენდატორის ნაცნობობა/ურთიერთობა მის დასაინტერესებლად გამოიყენოს.

სტარტაპის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამსაქმებლებისთვის თანამშრომელთა რეკომენდაციის გათვალისწინებით ახალი კადრების აყვანა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია. მათი 88% ამბობს, რომ ხარისხიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში, უპირატესობას რეკომენდაციების მქონე კადრს ანიჭებენ. ეს ამარტივებს ახალი თანამშრომლის შერჩევას, რომელიც უკეთაც იმუშავებს და კომპანიაში დიდხანს დარჩება. თუმცა რეკომენდაციით კანდიდატების მოძებნა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რასაც ძირითადად ამ კუთხით სისტემური მიდგომის არარსებობა განაპირობებს. სწორედ ამის შეცვლას გეგმავს სტარტაპი Intrro.

თანადამფუძნებლები − ნასერი და ნილი რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფად მზარდი კომპანია AdeccoGroup-სთვის ტალანტების მოძიებით იყვნენ დაკავებული. მათ თავად გამოცადეს ის გაცხარებული "ტალანტების ომი", რაც დღეს დასაქმების ბაზარზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, Intrro კომპანიებისთვის ღია ვაკანსიების შევსების სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებას ცდილობდა − საუკეთესო კადრებზე ღია წვდომიდან დაწყებული, ვაკანსიისათვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატის მოძიებით დამთავრებული. თუმცა მათ დაინახეს, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ფული ძირითადად შეუსაბამო კანდიდატებზე იხარჯებოდა. Intrro-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტა თანამშრომელთა შერჩევის უფრო მეტად "ადამიანური" პროცესისკენ მიემართა.

"დასაქმების ბაზარი ასეთი კომპლექსური არასოდეს ყოფილა. კომპანიები რეკომენდაციებს ამ მდგომარეობიდან გამოსავლად მიიჩნევდნენ, თუმცა ხშირად თანამშრომლების რეკრუტერთა რანგში ჩაყენება ბევრ უხერხულობას უკავშირდება. Intrro აგვარებს ამ პრობლემას და ერთი click-ით რეფერალებს ერთად უყრის თავს", − აცხადებს ნასერ ოჯიდანი.

ეს პლატფორმა არის ერთგვარი ვაკანსიების Tinder, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს თავად მიიღონ მონაწილეობა ახალი კადრის აყვანის პროცესში. თითოეულ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა გაუწიოს რეკომენდაცია კანდიდატს და დაადასტუროს მისი ღირებულებითი თანხვედრა კომპანიის კულტურასთან. ამით დამსაქმებელიც კმაყოფილი რჩება, ვინაიდან იცის, რომ კანდიდატი არა უბრალოდ ინტერნეტის მეშვეობით მოძიებული უცხო ადამიანია, არამედ მის კვალიფიკაციას კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირი ადასტურებს.

სწორედ ამ ინოვაციურმა მიდგომამ უბიძგა ბერლინელ ინვესტორს Signal Venture Capital-სგან, რომ Intrro-ს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

"Intrro კომპანიებისათვის რეკომენდაციებზე დაფუძნებული სისტემური მიდგომის შეთავაზებით მათთვის კრიტიკულ პრობლემას წყვეტს. აქტიურ ვაკანსიებზე კანდიდატების მოძებნა პლატფორმის სრული ფუნქციონალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თითოეული ბიზნესფუნქცია, რომელსაც გარესამყაროსთან აქვს შეხება, შესაძლოა თანამშრომელთა ქსელური მონაცემების ათვისების წყალობით გაუმჯობესდეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ Intrro-ს გუნდს ვუჭერთ მხარს მათი წამოწყების პოტენციალის სრულად გახსნაში", − აცხადებს კრისტიან ვენიგერი, Signal Venture Capiral-ის მმართველი პარტნიორი.

როგორც სტარტაპის წარმომადგენლები განმარტავენ, მოზიდული ინვესტიცია მოხმარდება კომპანიის ზრდას, პროდუქტების გაუმჯობესებას, მონაცემთა ბაზების გაფართოებასა და საინჟინრო გუნდს.

Intrro-ს პლატფორმით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Airwallex, Riskified, Faire, Applyboard და Typeform. ისინი თავიანთ თანამშრომლებთან პარტნიორობით იძიებენ ხარისხიან, კვალიფიციურ კადრებს და იღებენ რეკომენდაციებს ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობიან.

"ჩვენი მომხმარებლები აცხადებენ, რომ სამსახურში რეკომენდაციით აყვანილი რეფერალების რაოდენობა, პლატფორმის გამოყენების პირველი 90 დღის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა. Intrro იქცა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად როგორც მსხვილი, ისე მცირე გუნდებისათვის", − აღნიშნავს ნასერ ოჯიდანი, Intrro-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით შემოვიდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე