ალექსანდრე პარუნოვი - Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი საქართველოდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორც Entrepreneur-ისთვის გახდა ცნობილი, გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს კიდევ ერთი თანამშრომელი შეემატა საქართველოდან. საუბარია ხელოვნური ინტელექტის ახალგაზრდა ინჟინერ ალექსანდრე პარუნოვზე, რომელმაც თავდაუზოგავი შრომისა და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მოახერხა საკუთარი მიზნების რეალიზება და მალე Meta-ს ლონდონის ოფისის გუნდს შეუერთდება.
"დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავდი Meta-ში და სხვა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში აპლიკაციის შეტანას, თუმცა ვინაიდან ვფიქრობდი, რომ კიდევ მჭირდებოდა მომზადება და ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრიორიტეტები სხვაგვარად მქონდა გადანაწილებული. რამდენიმე თვის წინ ელექტრონულ ფოსტაზე დამიკავშირდა Meta-ს რეკრუტერი, რომელიც დაინტერესდა ჩემი გამოცდილებით Machine Learning ინჟინრის პოზიციაზე კომპანიის ლონდონის ოფისისთვის. თავიდან ვფიქრობდი, რომ ისევ არ ვიყავი მზად გამევლო საკმაოდ რთული შესარჩევი პროცესი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დამარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა მეცადა", − ამბობს Entrepreneur-თან საუბრისას ალექსანდრე პარუნოვი, − "პირველი ეტაპი სტანდარტულად რეკრუტერთან გასაუბრება იყო, სადაც ზოგადად ვისაუბრეთ ჩემს გამოცდილებაზე, ინტერესებზე და კარიერულ გეგმებზე, ასევე, მიამბო უფრო მეტი რამ Meta-ზე და მათ გამოწვევებზე. მეორე ეტაპი გახლდათ ტექნიკური ინტერვიუ, სადაც ჩემს პროგრამირების ცოდნას ამოწმებდნენ. მესამე და ბოლო ეტაპი კი ყველაზე რთული და ამავდროულად დამღლელი აღმოჩნდა, რადგან ზედიზედ რამდენიმე ინტერვიუ იყო ჩანიშნული. დასკვნით გასაუბრებაზე კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ჰქონდათ ჩემს გამოცდილებასთან, ტექნიკურ უნარებთან, ანალიტიკურ აზროვნებასთან და ა.შ. დაკავშირებით. ბოლო ეტაპიდან რამდენიმე დღის შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის პოზიცია. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება საკუთარ გუნდთან ერთად დიდ მონაცემთა ბაზებთან და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან მუშაობა, რაც Meta-ს ამბიციური გეგმების მიღწევაში დაეხმარება".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრე Meta-ს გუნდის ლონდონის ოფისში იმუშავებს. მანამდე იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ბერლინში ცხოვრობდა, თუმცა დაბადებიდან სტუდენტობამდე პერიოდი მან თბილისში გაატარა. 8 წლის ასაკში ალექსანდრეს დაეღუპა დედა, ხოლო ერთი წლის თავზე − მამა. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ბიჭუნაზე მეურვეობა მამიდამ და ბიძამ აიღეს, და ალექსანდრე ფაქტობრივად მათ გაზარდეს.
"დავდიოდი 98-ე საჯარო სკოლაში და ყოველთვის მიყვარდა ტექნიკური საგნები, ასევე − ისტორია და გეოგრაფია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიღაც საგანში ძალიან ძლიერი ვიყავი. სამაგიეროდ, ყოველთვის მქონდა დიდი ინტერესი სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა შინ, რასაც კი ფიზიკისა და ქიმიის წიგნებში ამოვიკითხავდი. მიხარია, რომ არც სახლი დამიწვავს და არც საკუთარ თავს ვავნე რაიმე", − იხსენებს ალექსანდრე, − "ძალიან მიზიდავდა ამერიკული განათლების სტილი, მინდოდა უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება მქონოდა. აქედან გამომდინარე, ბაკალავრიატზე სწავლა ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებათა და მათემატიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც იმ დროისთვის გადაულახავად მეჩვენებოდა, იყო მომენტი, როდესაც ამერიკულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე გამოცდების ჩაბარება. არ მქონდა ძირითადი საგნების სათანადო ცოდნა, არც ინგლისურ ენას ვფლობდი მაღალ დონეზე. საჭირო იყო საფუძვლიანად მოვმზადებულიყავი რამდენიმე საგანში. ფინანსური სახსრები იმ დროისთვის არ გამაჩნდა, ამიტომ იძულებული ვიყავი ყველა საგანში დამოუკიდებლად მოვმზადებულიყავი და მოვიპოვე 100%-იანი გრანტი. ხანდახან ვფიქრობ და არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი მოტივაცია, მაგრამ მიხარია, რომ ბოლომდე მივიყვანე დაწყებული საქმე. სწავლის საფასურის გარდა ცხადია მჭირდებოდა ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, ამიტომ ზაფხულობით მე და ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები აშშ-ში მივდიოდით Work and Travel პროექტის ფარგლებში და 3-4 თვით ვრჩებოდით. მე მზარეულად ვმუშაობდი და როგორც მეგობრები ამბობენ, გემრიელად ვამზადებ. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იქაური კულტურის გაცნობა".
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ალექსანდრე პარუნოვი კვლავ 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად. ესპანეთში იგი ხელოვნური ინტელექტის ბაზისებს სწავლობდა და პარალელურად ორ ტექნოლოგიურ სტარტაპში მუშაობდა.
ბარსელონის უნივერსიტეტში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, ალექსანდრე ბერლინში გადასახლდა და ჯერ ერთ გერმანულ სტარტაპში მოსინჯა ძალები, შემდეგ კი მეორეში. ბერლინში გატარებული სამი წლის შემდეგ, ალექსანდრე ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და მალე უკვე Meta-ს თანამშრომლის ამპლუაში ცდის ბედს.
როგორ ჩვენმა რესპონდენტმა საუბრის დროს განაცხადა, იგი ერთნაირად იღებს მარცხსა და გამარჯვებას, ორივე შემთხვევაში მადლობელია. ალექსანდრეს თქმით, იგი ყოველთვის ცდილობს მომხდარს შორიდან შეხედოს, გააანალიზოს და მიხვდეს, რამ გამოიწვია მარცხი ან რა დაეხმარა გამარჯვებაში. ეს მას შემდგომში დამარცხების შანსების შემცირებაში ეხმარება. "ჩემი აზრით, პიროვნული თუ კარიერული ზრდისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანია ფაქტების ჯანსაღი კრიტიკა, საკუთარი თავისა და გარემოს გაანალიზება", − აცხადებს ალექსანდრე.
რაც შეეხება ალექსანდრეს გეგმებს, იგი მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებას, განვითარებას და რაც შეიძლება მეტის სწავლას აპირებს. მისსავე თქმით, სამყარო და ცხოვრება იმდენად საინტერესოა, რომ არასოდეს ჰბეზრდება უფრო და უფრო მეტი გამოწვევით მიღებული მღელვარება.
და მაინც, რას ურჩევდა ალექსანდრე პარუნოვი ქართველ ანტრეპრენერებს და არა მარტო? – "ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ "გიჟური იდეების" განხორციელების. იდეები, რომელიც გარკვეულ მომენტში გიჟურად ან არარეალურად გეჩვენებათ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფებს, შესაძლოა სულაც არ იყოს ასეთი, უბრალოდ შრომა სჭირდება დასახული მიზნის მიღწევას. ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ხელშია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ წავიყვანთ მას. ჩემი აზრით, საქართველოში დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვა ადამიანების აზრს, მაშინაც კი, როდესაც საქმე ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეხება. თუკი გადაწყვეტილებას ჩვენი შეხედულებისამებრ მივიღებთ, მარცხის შემთხვევაში ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი თავდაჯერებულობა იზრდება, რაც კიდევ უფრო მეტი გამარჯვების წინაპირობაა".