Get All Access for $5/mo

"ბიზნეს ბენეფიტი" – "სპარკის" ახალი პროექტი ეკოსისტემის გასავითარებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

ბოლო ნახევარი წელია საქართველოს მოსახლეობა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიურ რეალობაში ცხოვრობს. ახალმა კორონავირუსმა COVID 19-მა, გავლენა ეკონომიკასთან ერთად საჯარო თუ კერძო სექტორის საქმიანობაზეც იქონია. უფრო აქტუალური გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ონლაინშეხვედრები თუ ტრენინგები.

თბილისის მერიისა და ევროკავშირის პროექტი "სპარკი" დისტანციურად, თუმცა აქტიურად აგრძელებს მუშაობას. სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის "სპარკი" უამრავ საჭირო ტრენინგთან ერთად, ამჯერად ახალ პროექტს − "ბიზნეს ბენეფიტს" იწყებს.

"ბიზნეს ბენეფიტის" მიზანია ბიზნესსუბიექტებისთვის დახმარების ანაზღაურების გარეშე აღმოჩენა იმ მიმართულებით (მარკეტინგი, გაყიდვა, დიზაინი, ინფორმაციული ტექნოლოგიები), რომლის საჭიროებაც მათ აქვთ, სხვა ბიზნესისთვის დახმარების გაცემის სანაცვლოდ.

პლატფორმა აკავშირებს სხვადასხვა ბიზნესს და აძლევს შესაძლებლობას მიიღონ და სანაცვლოდაც გასცენ კომპეტენტური და კვალიფიციური კონსულტაცია.

პროექტში ჩასართავად ყველა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტს შეუძლია დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე: https://accelerate.ge/benefit/

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ბიზნესაქსელერატორ "სპარკის" მენეჯერს, სანდრო კანდელაკს, რომელმაც განგვიმარტა, რომ რაიმე სახის ბიზნესსუბიექტებზე შეზღუდვები არ მოქმედებს და პროექტში ჩასართავად მთავარია სუბიექტს ზუსტად ჰქონდეს იდენტიფიცირებული თავისი საჭიროებები და ის საკითხები, რაშიც სჭირდება დახმარება. ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესი მზად უნდა იყოს ანალოგიურად დაეხმაროს სხვას, კომპანიის პროფესიული უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

"პროექტის მიზანია დაეხმაროს როგორც შედარებით დიდ კომპანიებს, ასევე დამწყებ ბიზნესებს და სტარტაპებს. რადგან სხვადასხვა ტიპის საჭიროება ადამიანური რესურსების მიმართულებით დღესდღეობით ყველა მათგანს აქვს, რომლის მოსაგვარებლად, ან ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით, ან ვერ ახერხებენ შესაბამისი კადრების მოძიებას.

ამ ეტაპზე პროექტის გაშვებიდან 1 კვირის განმავლობაში შემოსულია 50-მდე განაცხადი. ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებია პიარი/ მარკეტინგი, სოციალური მედია და გაყიდვა. ამის მიზეზი გარკვეულწილად შეიძლება იყოს პანდემიის პერიოდში შემცირებული გაყიდვა სხვადასხვა ინდუსტრიაში და ონლაინ საკომუნიკაციო არხების გამოყენების საჭიროების გაზრდა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.

მეორე მხრივ აღსანიშნავია კომპანიების აქტიური მზადყოფნა, სხვებს დაეხმარონ ლოგისტიკის მიმართულებით. ეს, რეალურად, ტექნოლოგიებთან დაახლოებულ კომპანიებს და სტარტაპებს საშუალებას აძლევს თავისი უნარები მსგავს კომპანიებს მოახმარონ, თვითონ კი ლოგისტიკური გამოწვევები გადაჭრან, რომელიც დამწყები ბიზნესის ხშირი გამოწვევაა", − აღნიშნავს სანდრო კანდელაკი.

მისი თქმით, მომსახურების გაცვლის ვადა წინასწარ განსაზღვრული არ არის და ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტსა და ამ პროექტის სპეციფიკაზე. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, ან გარკვეულ შემთხვევებში შედარებით გრძელვადიანი. "მაგალითად, კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს დიზაინერი ერთი კონკრეტული პროექტისთვის ერთჯერადად, ან მთლიანი სოციალური მედიამარკეტინგის პროცესების მართვა. მსგავს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელმა კომპანიამ შესაბამისი სარგებელი უნდა ნახოს მომსახურების მიმღები კომპანიისგან. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და მოლაპარაკების პროცესით ფორმირდება", − გვიხსნის სანდრო.

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოხდეს ბიზნესების ზუსტი შესაბამისობა, რაც პროცესის შედეგობრივად ეფექტურ განვითარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, "სპარკი" ჯერ აანალიზებს კომპანიების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, და ამის შემდეგ აკავშირებს მათ ერთმანეთს.

"ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კომპანიებთან კომუნიკაცია ყველა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სწორ განვითარებას.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პლატფორმა რეალურ დახმარებას გაუწევს კერძო სექტორს, გადაჭრან ის გამოწვევები, რომელიც პანდემიის პირობებში გაჩნდა მათ წინაშე. თუმცა ასევე ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში "ბიზნეს ბენეფიტი" იქნება ერთ-ერთი საფუძველი ქართული ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავებისა, რაც უფრო მეტ წარმატებულ კომპანიას ნიშნავს ჩვენი ეკონომიკისთვის", − აცხადებს სანდრო კანდელაკი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე