Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ჭკვა ცოდნით მოიხმარების ცოდნის მართვა ცოდნის ცნების გააზრებას ემყარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესსაქმიანობაში და განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანების წრეში საკმაოდ გავრცელდა ახალი ტრენდი... არასრულფასოვანი და დამახინჯებულად გადმოცემული აზრი, რომ საქმიანობაში "მთავარია პრაქტიკა", და არა ის, თუ რა განათლება გვაქვს ჩვენ მიღებული ჩვენ მიერ შერჩეულ პროფესიაში. როგორ ვართ მომზადებული მთელი რიგი სირთულეების, გამოწვევების მიმართ, როგორია ჩვენი საფუძველი, რაც განსაზღვრავს მომავალში პრაქტიკაში ასათვისებელი მასალის ათვისების ხარისხს და სისწრაფეს, როგორი გამოწრთობილი და რამდენად გავარჯიშებულია ჩვენი გონება, რა მზადყოფნა გვაქვს საჭირო ცვლილებებისა და განვითარების მიმართ, რა მასშტაბის არის ჩვენი ჰორიზონტი და რა წარმოდგენები გვაქვს კრეატივზე თუ ხედვის მნიშვნელობაზე.

ვფიქრობ, ეს აზრი შემდეგნაირად უნდა იყოს გადმოცემული: "მე არ მაქვს საჭირო, მორგებული, სრულყოფილი თეორიული ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტი უნდა მაძლევდეს (რადგან უნივერსიტეტები ვერ ასწრებენ ცვლილებების ფეხდაფეხ სასწავლო პროგრამების ადაპტირებას), რის კომპენსირებასაც პრაქტიკის მეშვეობით შევძლებ დროთა განმავლობაში და პრაქტიკა, თავის მხრივ, მომცემს ფრაგმენტული ცოდნის შევსების საშუალებას, ცოდნის გადახარისხების, გამოყენებისა და პრაქტიკული მუშაობის სინთეზის გამოცდილებას, რაც საბოლოოდ ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ესე იგი, საუკეთესო შემთხვევაში მთავარია არა "პრაქტიკა", არამედ მთავარია ყველაფერი ერთად, ხოლო პრაქტიკა ეტაპია, რომელმაც უნდა "დაგასრულოს", და თავის მხრივ მოგცეს ხედვა მომავალში, რა და რა მიმართულებებით გჭირდება განვითარება.

მართალია ანტრეპრენერული აზროვნება არანაირ ჩარჩოებს არ ცნობს და ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ "მოქმედებისკენ", თუმცა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკის მნიშვნელობას სასწორის სხვადასხვა მხარეს არ ვდებთ. წარმოების დაწყება, პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, კაპიტალის დაბანდება და საკუთარ საქმესთან შეჭიდება, წინასწარი ანალიზის, ხედვის, ბაზრის კვლევის, გარკვეული ლოგიკისა და გონებრივი რესურსის გარეშე არაგონივრული და სარისკოა. მეტიც − ცოდნა არა მარტო საჭირო საძირკველია და განსაზღვრავს ბიზნესის მართვის მომავალი ეტაპების წარმატება-წარუმატებლობას და მასშტაბს, არამედ საჭიროა მისი მართვა, როგორც პერსონალურ, ისე ორგანიზაციის დონეზე.

ცოდნის მართვა ცოდნის ცნების გააზრებას ემყარება. ცოდნის ცნება აერთიანებს სხვადასხვა საკითხის, ცნების, იდეის, თეორიის, პროცედურისა და პრაქტიკის შესახებ მასალას, რომელსაც ვითვისებთ და რასაც შეგვიძლია დავარქვათ ცოდნის მარაგი, ან უფრო კონკრეტული დარგის შემთხვევაში, კომპეტენცია. ცოდნის მართვა არის ცოდნის მიღება მათგან, ვისაც ეს ცოდნა აქვს და მათთვის გადაცემა, ვისაც ეს სჭირდება ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით და ორიენტირებულია კომპანიისთვის საჭირო კონკრეტული სფეროს ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

ცოდნის მართვის მიზანი იმ ცოდნის, გამოცდილების, ცნებების შენახვა და გაზიარებაა, რომელიც კომპანიაში მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ოპერაციებისა და ღონისძიებების შედეგად დაგროვდა. ეს ცოდნა ერთ-ერთ ძირითად რესურსად განიხილება. ცოდნის მართვა არა იმდენად საინფორმაციო ტექნოლოგიების, არამედ უფრო ადამიანების სფეროა და უკავშირდება იმას, თუ როგორ იძენენ ისინი ცოდნას. ამიტომ კადრების სპეციალისტებისთვის და მათთვის, ვისაც კადრების მართვის ამ ნაწილში გავლენის მოხდენა შეუძლიათ, უმნიშვნელოვანეს სფეროდ იქცა ინტელექტუალური კაპიტალის მართვა. ის შეიცავს ადამიანურ, სოციალურ, ორგანიზაციულ ასპექტებს. ცოდნის მართვით ვახდენთ საჭირო ინფორმაციის ამოცნობას და შემდეგ იმგვარად გავრცელებას, რომ მისი შესწავლა მოხდეს.

ცოდნა იქცა პირდაპირ კონკურენტუნარიან უპირატესობად იდეებითა და ურთიერთობებით მოვაჭრე კომპანიებისთვის. ბიზნესის მართვის საფუძველში აქცენტმა ბუნებრივი რესურსებიდან ინტელექტუალურისკენ გადაინაცვლა, მენეჯერებიც იძულებულნი გახდნენ გამოეკვლიათ, რა ცოდნით უნდა განემტკიცებინათ საკუთარი საქმიანობა და როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს ცოდნა.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მონაცემები, ინფორმაცია და ცოდნა. მონაცემები − ეს არის ცოდნის ძირეული სტრუქტურული კომპონენტები; ინფორმაცია − ეს არის სხვადასხვა მონაცემთა ერთობლიობა, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი, ხოლო ცოდნა − ეს არის ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გამოყენების უნარის ქონის ერთობლიობა. ის პერსონალური და უხილავია, შესაბამისად, მისი თავმოყრა, აღნუსხვა და შემდეგ გავრცელება საკმაოდ რთული ამოცანაა.

ასევე, არსებობს თვალსაჩინო და "ნაგულისხმევი" ცოდნა. თვალსაჩინო ცოდნა სისტემატიზაციას ექვემდებარება − იგი აღნუსხული და ხელმისაწვდომია. ინახება მონაცემთა ბაზებში, შიდა კორპორაციულ ქსელებსა და ინტელექტუალური ქონების პორტფელებში, ხოლო ნაგულისხმევი ცოდნა − ეს ადამიანთა გონებაშია, მისი წერილობით გადმოცემა რთულია და მისი შეძენა პირადი გამოცდილების დაგროვებისას ხდება. ნაგულისხმევი ცოდნა მოიცავს მეცნიერულ და ტექნოლოგიურ გამოცდილებას, საექსპლუატაციო ნოუჰაუს, მრეწველობის გაგება-წვდომას და საქმიანი განსჯის უნარს. ცოდნის მართვის ძირითადი პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა გადააქციო ნაგულისხმევი ცოდნა თვალსაჩინო ცოდნად.

მნიშვნელოვანია ასევე ნდობა. ადამიანებს არ სურთ ცოდნის გაზიარება მათთვის, ვისაც არ ენდობიან. მეტიც − კომპანიის კულტურა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ცოდნის გაზიარებას და ხელს უწყობდეს მის შენახვას, რადგან "ცოდნა ძალაა". ადამიანები ფლობენ ცოდნას, რომელიც სამუშაოზე მიღებული საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს, მაგრამ თუ კოლეგებისთვის ოფიციალურად თუ არაოფიციალურად მისი გაზიარება არ სურთ, უმნიშვნელოვანესი ცოდნა იკარგება. თუ ის მხოლოდ თანამშრომელთა გონებაში რჩება, ან ერთეულებმა იციან, ან თუ ისინი ორგანიზაციიდან სხვაგან წავლენ სამუშაოდ და ამ ცოდნასაც თან გაიყოლებენ, ჩვენ ვკარგავთ მნიშვნელოვან ბერკეტს. ცოდნის მართვის უმნიშვნელოვანესი მხარე მისი გამოვლენა და განაწილებაა.

არსებობს ცოდნის მართვის კოდიფიკაციის სტრატეგია და პერსონალიზაციის სტრატეგია. კოდიფიცირების შემთხვევაში, ცოდნა საგულდაგულოდაა დამუშავებული და მოთავსებული მონაცემთა ბაზებში, რომელზეც ორგანიზაციის ყველა წევრს მიუწვდება ხელი. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მონაცემთა ბაზების სამართავ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და შიდა ქსელის გამოყენებაზე. პერსონალიზაციის სტრატეგია უკავშირდება იმ ადამიანს, რომელიც ქმნის მას და მისი გაზიარება ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობითაა შესაძლებელი. სტრატეგიის არჩევა ორგანიზაციის საქმიანობაზე და მეთოდოლოგიაზეა დამოკიდებული, რას აკეთებს ის და როგორ.

განმეორებად პრობლემებთან ჭიდილისას, შეუძლიათ დაეყრდნონ კოდიფიცირებულ მასალებს − ამ პრობლემებთან ბრძოლის უკვე გამოყენებულ ზომებს მიმართონ. პერსონალიზაციის სტრატეგიას იყენებენ მასშტაბურ პრობლემებზე მუშაობისას, რომელიც კრეატიულ და ანალიტიკურ რჩევებს მოითხოვს. ასეთ დროს ინდივიდუალური გამოცდილების მქონე წყაროა საჭირო, ამიტომ კომპანიები ისეთ ადამიანებს ეძებენ, ზრდიან, რომლებსაც ცოდნის ერთი-ერთზე გადაცემის უნარი აქვთ.

ცოდნის მართვაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ცვლილებებისთვის მზადყოფნა და იმის დადგენაა, თუ რა ცოდნა უნდა გააზიარო. შემდეგ მოდის ცოდნის მართვის სტრატეგიების დაკავშირება და მორგება კომპანიის სტრატეგიასთან. კომპანიებისთვის, რომლებიც კოდიფიკაციის სტრატეგიას იყენებენ, ცენტრალური ადგილი ტექნოლოგიებს უკავია, მაგრამ ვინც პერსონალიზაციის სტრატეგიას ირჩევს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს მხარდაჭერის მიზნით იყენებს.

ცოდნის მართვის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ღია კულტურის ხელშეწყობა, რომელშიც ღირებულებები და ნორმები ცოდნის გავრცელების აუცილებლობას წარმოაჩენს. ვალდებულებისა და ნდობის კლიმატის ხელშეწყობა. რჩევები ისეთი სტრუქტურების შექმნისა და განვითარების მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებას. ისეთი სარესურსო მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი ცოდნის დაგროვებისა და გაზიარება-გავრცელების შემძლე წონიან თანამშრომელთა მოზიდვასა და დამაგრებას. სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების მოწყობა, რომლებიც ადამიანებს შორის ცოდნის გაზიარებას უზრუნველყოფს. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურთან ერთად, თვალსაჩინო და ნაგულისხმევი ცოდნის თავმოყრა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი კოდიფიცირების სისტემების შექმნა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში კონკურენტუნარიანობის გასაღები სწორედ ცოდნაა და არა მატერიალური აქტივები, ან ფინანსური რესურსები. ცოდნის მართვა საშუალებას იძლევა საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი კადრების კრეატიულობა და გამოცდილება. ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის წყარო სწორედ აქ უნდა ვეძებოთ. წარმატებული კომპანია ცოდნის შემქმნელი კომპანიაა. მაგალითისთვის, ამ საკითხზე ფიქრის დროს, ხშირად მახსენდება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის კაფეში, თავისი სფეროს აღიარებული ვარსკვლავისგან წარმოთქმული და შემთხვევით გაგონილი "ფრაზა": "მე რომ მაშინ სოციალური ფსიქოლოგია მცოდნოდა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი"... "პრაქტიკოსებო", დროულად გამიჯნურდით თეორიაზე და დაწინაურდით!

თათია მამნიაშვილი

ფსიქოლოგი, ანტრეპრენერი პიროვნული ზრდის და ლიდერობის მენტორი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები ''ჰარი პოტერის'' წიგნებიდან

უკვე 22 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა