"სიამაყით ვამბობ, რომ საქართველოში ნიჭიერი, ძლიერი და დინამიური გუნდი გვყავს" - Wolt-ის თანადამფუძნებელი ექსკლუზიური ინტერვიუ Wolt-ის თანადამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან მიკი კუუსთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wolt-ის მისიაა ყოველდღიურობას შემატოს სიხარული და სიმარტივე, ასევე, გაზარდოს შემოსავალი მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამეზობლოში.

ათი წლის განმავლობაში, რაც Wolt-ი დაარსდა ექვსი თანადამფუძნებლის, მათ შორის მიკი კუუსის მიერ, ფინეთის ქალაქ ჰელსინკიდან 28 ქვეყანაში გაფართოვდა; თანამშრომელთა რიცხვმა კი 6-დან 13 000-ზე მეტს მიაღწია. ის გაიზარდა და საკვების მიწოდებიდან თითქმის ყველაფრის მიწოდებას ახდენს – სურსათის, ტელევიზორების, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების, შინაური ცხოველების საკვების, ყვავილების და სხვა. მხოლოდ გასულ წელს, მისი საცალო ბიზნესი ორჯერ გაიზარდა. დღეს Wolt-ი წელიწადში მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სურსათს ყიდის. DoorDash-თან გაერთიანებამ 2022 წელს კომპანიის ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.

Wolt-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და ეს იყო პირველი ქვეყანა ევროკავშირის გარეთ, სადაც კომპანიას მხოლოდ 8 თანამშრომელი, 30 კურიერი და 100 პარტნიორი რესტორანი ჰყავდა. სწრაფი ზრდისა და ბაზრის ლიდერობის წყალობით, კომპანიას დღეს საქართველოში 600 თანამშრომელი, 7000 კურიერი და 3000-ზე მეტი პარტნიორი სავაჭრო და კვების ობიექტი ჰყავს.

"სიამაყით ვამბობ, რომ საქართველოში ნიჭიერი, ძლიერი და დინამიური გუნდი გვყავს," - ამბობს მიკი კუუსი, Wolt-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კუუსი, რომელსაც ფართო გამოცდილება აქვს, Forbes-ის 30 წლამდე ასაკის ყველაზე გავლენიან 30 პირს შორის მოხვდა სამომხმარებლო ტექნოლოგიების სფეროში. ის ასევე Wired-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მე-32 ადგილზეა ტექნოლოგიების სფეროში.

კუუსი ასევე ცნობილია, როგორც ტექნოლოგიური კონფერენციის Slush-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 2011 წელს ჰელსინკში ფუნქციონირებადი 150-კაციანი ადგილობრივი ღონისძიებიდან გადაიზარდა გლობალურ ფორუმად, რომელსაც ყოველწლიურად 15 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს 80-ზე მეტი ქვეყნიდან.

2022 წლის ზაფხულში Wolt-სა და DoorDash-ს შორის გარიგება შედგა და Wolt-ი ოფიციალურად შეუერთდა DoorDash-ს – აშშ-ის წამყვან ლოკალურ კომერციულ პლატფორმას. მას შემდეგ, კუუსი ხელმძღვანელობს DoorDash-ის ყველა საერთაშორისო ბიზნესს აშშ-ის გარეთ, მათ შორის კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. DoorDash-ი და Wolt-ი ერთობლივად 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ დღეს.

"საქართველო ძალიან საინტერესო და უნიკალური ქვეყანაა" – ინტერვიუს ვიწყებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან მისი შთაბეჭდილებებით და საქართველოზე საუბარით. მიუხედავად დატვირთული განრიგისა თბილისში, მან რამდენიმე წუთი დაგვითმო, რომ აეხსნა, რატომ არის ქართული ბაზარი მნიშვნელოვანი Wolt-ისთვის და რატომ იყო საქართველო პირველი ქვეყანა ევროკავშირის გარეთ მათი გაფართოებისთვის.

"ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, საქართველოს უნიკალური კუთხით ვხედავთ - ყოველი კილომეტრი განსხვავებული სამზარეულოთი, კულტურითა და ადათწესებით გამოირჩევა. გვინდა, მომხმარებლებისთვის ყველაფერი მარტივად იყოს ხელმისაწვდომი, პარალელურად კი გვსურს გაიზარდოს პარტნიორი ვაჭრობის ობიექტების გაყიდვები და კურიერების შემოსავალი. ქართველები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია და აქ სამომხმარებლო კულტურა განსხვავებულია. Wolt-ი საქართველოს 8 ქალაქში ფუნქციონირებს, რაც მის წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას ასახავს. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო იყო ევროკავშირის გარეთ პირველი ქვეყანა, სადაც შევედით. ნიჭიერი ადამიანები, ძლიერი ინსტიტუტები და ტექნოლოგიებისადმი გახსნილობა ჩვენი არჩევანის მთავარი მიზეზი იყო," - ამბობს მიკი კუუსი.

გვინახავს არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ Wolt-ი არის ბრენდი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და ქმნის შესაძლებლობების პლატფორმას. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, როგორ განსაზღვრავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც თქვენს ბიზნესს გააჩნია?

"Wolt-ი შეიძლება ახალგაზრდა ბრენდია; სულ ახლახან გახდა 10 წლის, თუმცა ის ძლიერი ბრენდია. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვხელმძღვანელობთ სურვილით, რომ პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ ყველა იმ საზოგადოებაზე, სადაც ვმუშაობთ. გვინდა მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება, ვეხმარებით პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს ონლაინ გაყიდვების განხორციელებაში და კურიერებს ვთავაზობთ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მოკლედ, ჩვენ ვართ პლატფორმა შესაძლებლობებისთვის და ახალი შანსებისთვის."

როგორ აფასებთ ადგილობრივ მენეჯმენტს და რას გვეტყვით Wolt-ის გუნდის ძლიერ მხარეებზე საქართველოში?

"საქართველოში შევქმენით ნიჭიერი, ძლიერი და დინამიური გუნდი, რომელიც რეგიონში საოპერაციო მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი თბილისის ოფისი სავსეა ნიჭიერი, ახალგაზრდა პროფესიონალებით, და ვამაყობ, რომ პატარა, 9 კვ.მ. ოფისიდან ვიქეცით დიდ მოთამაშედ, რომლის გუნდში დღეს უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია. დღესდღეისობით, ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ვართ და ჩვენი პლატფორმა აკავშირებს 7000-ზე მეტ კურიერსა და 3000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს. ის 8 ადამიანი, რომლებმაც Wolt-ში მუშაობა საქართველოში ჩვენი შემოსვლისას დაიწყეს, დღესაც ჩვენთან არიან და მრავალი მათგანი უკვე ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებს თბილისის ოფისში. ჩვენს გუნდში ზოგიერთი წევრი ახალ, საინტერესო პოზიციებზეც გადავიდა Wolt-ის ოჯახში. მაგ. ნატალია ხიზანიშვილი, რომელიც ადრე რეგიონალური გენერალური მენეჯერი იყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საკურატორო მიმართულებით, ახლახან დაინიშნა გენერალურ მენეჯერად იაპონიაში."

კუუსი ხშირად ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს Wolt-ი ინოვაციებს, ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას. ის საუბრობს მომავალი გეგმების შესახებ ამ მიმართულებით და აღნიშნავს, რომ მუდმივი დამატებითი ღირებულების შექმნა და ახალი პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლებისთვის არის Wolt-ის პრიორიტეტი.

"როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია შესაძლებლობების ძიება, ახალი გადაწყვეტილებების შექმნა, არსებული პროდუქციის გაუმჯობესება და ინოვაციების დანერგვა. ჩვენ მიზნად დავისახეთ მომხმარებლის საბოლოო გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება – იქნება ეს მომხმარებლებისთვის, პარტნიორი ობიექტებისთვის, კურიერებისთვის თუ ჩვენი გუნდისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვტესტავთ ახალ პროდუქტებსა და ფუნქციებს. მაგალითად, ჩვენ არამხოლოდ მომხმარებლისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ვქმნით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეუკვეთონ რაც სჭირდებათ, არამედ ვქმნით სრული ჯაჭვის მომცველ ეკექტრინულ პლატფორმას პარტნიორებისთვის, რათა მათ შეძლონ ონლაინ ბიზნესის სრულყიფილი მართვა, ასევე საუკეთესო აპლიკაციას კურიერებისთვის მათი მიწოდების ბიზნესის წარმატებით მართვისთვის. ჩვენ ასევე ვქმნით შიდა ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ანალიზი ჩავატაროთ, პლატფორმის გამართვა და განვითარება მოვახდინოთ, მომხმარებელსა და პარტნიორებთან ჩატის მართვა უზრუნველვყოთ. გარდა ტექნოლოგიური მხარისა, ჩვენ ასევე ვართ საოპერაციო კომპანია – მაგალითად, ვმართავთ საკვები პროდუქტების საკუთარ ბიზნესს Wolt Market-ით."

როგორ ჯდება მდგრადი განვითარება Wolt-ის მომავალ გეგმებში, განსაკუთრებით საქართველოში?

"მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ინვესტიციებს ვახორციელებთ იდეებში, რომლებიც გარემოზე ზეგავლენის შემცირებასა და კლიმატის ცვლილების დაძლევის მიზნების მიღწევაში დაეხმარება ქალაქებს. საბოლოო ჯამში, რაც უფრო უკეთეს შედეგს მივაღწევთ ადგილობრივი ეკონომიკებისთვის, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით. მაგალითად, დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ჩვენთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, რაც აქამდე ნახშირბადის კომპენსაციისთვის იყო გამოყენებული ასივე პროცენტით ჩავაბრუნეთ ბიზნესში რეინვესტირების გზით და ამ თანხებს გამოვიყენებთ კაპიტალდაბანდებისთვის, რაც რეალურად შეამცირებს ჩვენი კომპანიის ნახშირბადის კვალს. ახლა ჩვენი მიწოდების თითქმის 8 პროცენტი "მწვანეა" საქართველოში (ველოსიპედით ან ელექტრომობილით ხორციელდება) და ვცდილობთ, ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზარდოთ. ასევე ვმუშაობთ კურიერების დასახმარებლად, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდნენ დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ვაგრძელებთ ახალი პროდუქტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებას, რათა ნახშირბადის ემისიის შემცირება კიდევ უფრო მეტად შევძლოთ, რაც მე პირადად ძალიან მახარებს."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია