''გადაიღე საქართველოში'' - საქართველო გლობალური კინოინდუსტრიის რადარებზე ბრუნდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიმდინარე წლის 16-22 სექტემბერს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით, ჰოლივუდში მომუშავე კინოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ, რომლებიც კონკრეტული ფილმებისთვის გადასაღებ ლოკაციებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი პანდემიური პერიოდის შემდეგ, აშშ-ის კინოინდუსტრიის ავტორიტეტული სკაუტებისა და პროდიუსერების პირველი სტუმრობაა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ქართულ კინოწარმოებასთან და ბაზარზე მომუშავე კომპანიებთან გაცნობას, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.
მოგეხსენებათ, პანდემიამდე საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე მსოფლიოში ცნობილ ბლოკბასტერ "ფორსაჟის" მე-9 ეპიზოდი გადაიღეს, რომელიც მაყურებელმა გასულ წელს იხილა. მას შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მსხვილ ამერიკულ კინოსტუდიებთან მუშაობა დროებით შეფერხდა, თუმცა მიმდინარე წლიდან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აღდგენა შეინიშნება, რასაც პროდიუსერებისა და ლოკაციის სკაუტების მხრიდან გაზრდილი ინტერესიც მოწმობს.
16-22 სექტემბრის ტურის ფარგლებში, სკაუტები გაეცნენ საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, მათ მოინახულეს გადასაღებად საინტერესო ადგილები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის: თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში. ამ გაცნობითი ტურის ერთ-ერთი მონაწილე, ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენელი მეთიუ ზამიასი გახლდათ, რომელმაც განაცხადა: "ბევრი ადგილი გადამიღია და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სილამაზით არცერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდება. მისი სილამაზისა და მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება".
აღნიშნულ ტურსა და პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სამომავლო გეგმებზე, Entrepreneur პროგრამის მენეჯერს, თათია ბიძინაშვილს ესაუბრა:
სანამ უშუალოდ 16-22 სექტემბრის ტურს შევეხებოდეთ, გვიამბეთ, რა არის პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მთავარი მიზანი და მიმართულებები, რომლებსაც თქვენი მუშაობა მოიცავს?
მოგეხსენებათ, 2016 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, პრემიერმინისტრის ინიციატივით დაინერგა სახელმწიფო პროგრამა "გადაიღე საქართველოში", რომლის ძირითადი მიზანია კინოინდუსტრიის სფეროში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო კინოპროდიუსერებისა და ლოკაციების სკაუტების მოწვევაზე საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, უშუალოდ ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაზე. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მნიშვნელობის კინომარკეტებზე და არა მარტო აცნობს მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს უპირატესობებს, არამედ მათ ჩამოყვანას და ლოკაციების დათვალიერებას უწევს ორგანიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ გლობალური მასშტაბით და გვაქვს აქტიური შეხება ევროპისა და აზიის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ბოლო წლების განმავლობაში აშშ ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი გახდა და უფრო მეტად "ჰოლივუდის" პროდიუსერებთან და აგენტებთან ურთიერთობაზე ვკონცენტრირდებით.
პროდიუსერებისა და სკაუტების ბოლო მსგავსი ვიზიტი, პანდემიამდე, 2019 წელს გვქონდა, რასაც შედეგად მსოფლიოში აღიარებულ ბლოკბასტერ "ფორსაჟის" გადაღება მოჰყვა საქართველოში. ამას წინ უძღოდა სამწლიანი აქტიური თანამშრომლობა Universal Pictures-თან, Disney-ისთან, HBO-სთან, Paramount-თან, თუმცა ერთია, როდესაც ამ ადამიანებს ვუყვებით საქართველოს შესახებ და სრულიად სხვაა, როდესაც ისინი თავიანთი თვალით ხედავენ პოტენციური პროექტებისთვის საჭირო ლოკაციებს და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კინოკომპანიებს. "ჰოლივუდის" კინომწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გადასაღები ლოკაცია. ერთ-ერთი უპირველესია გადამღები ჯგუფის უსაფრთხოება, კორუფციის დონე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამჭვირვალობა და სიმარტივე, საზოგადოების კეთილგანწყობა უშუალოდ გადაღებების პროცესის მიმართ და ცხადია, ბიუროკრატიული ბარიერების სიმცირე.
გვიამბეთ უშუალოდ ტურის შესახებ. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ვიზიტი და როგორია მოლოდინი?
აღნიშნულ ტურს, რომელიც 16-22 სექტემბერს შედგა, წინ უძღოდა პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ვიზიტი აშშ-ში, ქართულ კომპანიებთან ერთად. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენმა ბენეფიციარებმა გაიცნეს ავტორიტეტული კინოსტუდიები და კომპანიები, რომლებიც "ჰოლივუდის" ფილმებზე მუშაობენ და ამავე შეხვედრების დროს, მოხდა ამერიკელი პროდიუსერებისა და სკაუტების მოწვევა საქართველოში, რათა მათ უკეთ გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი.
აღმოჩნდა, რომ ყველა პროდიუსერს, რომელიც მოვიწვიეთ, უკვე ჰქონდათ კონკრეტული პროექტები, რომელთა გადასაღებადაც განიხილავდნენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ლოკაციას. თუმცა მათი წარმოდგენით, საქართველოში შესაძლოა არ დახვედროდათ კარგი კინოტექნიკა, საპროდიუსერო კომპანიები, ინფრასტრუქტურა, როგორც მაგალითად ბულგარეთში ან ხორვატიაშია, რაც აბრკოლებს ამერიკელ პროდიუსერებს თავიანთი პროექტების საქართველოში განხორციელების გზაზე. ამ ტურის ფარგლებში, მათ ნახეს ჩვენი შესაძლებლობები არაერთი მიმართულებით, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია. მაგალითად, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კინოპროდიუსერი, მეთიუ ზაიმასი უკვე განიხილავს საქართველოს, როგორც გადასაღებ ლოკაციას თავისი მორიგი პროექტისთვის. ასევე, ბილ დოლბი, მრავალპროფილური გამოცდილების მქონე ლოკაციების მენეჯერი, დაინტერესდა საქართველოთი და ამზადებს ადგილმდებარეობების ფოტომასალას სხვადასხვა კომპანიისთვის შესათავაზებლად.
აღნიშნული ვიზიტის დროს, პროდიუსერებმა გაგვიზიარეს, თუ რომელ ქვეყნებთან განიხილავენ თანამშრომლობას, ვისთან აქვთ გაგზავნილი კონკრეტული პროექტების სცენარები და სად როგორ ბიუჯეტს ვარაუდობენ; რომელი კონკრეტული კრიტერიუმებით აფასებენ ლოკაციებს. მაგალითად, შესაძლოა საქართველოში ბიუჯეტი ნაკლები იყოს, თუმცა ბულგარეთში უფრო უადვილდებოდეთ მუშაობა მსხვილი ადგილობრივი სტუდიების არსებობის გამო.
რაც შეეხება პროდიუსერების დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, პირველადი შეფასება იყო, რომ აღფრთოვანებული არიან როგორც სხვადასხვა ლოკაციით, საბჭოთა არქიტექტურით, მთებით, ზღვითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, ისე ტექნიკური ბაზით, პავილიონებითა და საპროდიუსერო კომპანიებით, რომლებთან შეხვედრის შესაძლებლობა მათ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით გამართულ ვახშამზე მიეცათ.
საბოლოო ჯამში, ტური საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, თუმცა ეს არ გახლავთ ხანმოკლე პროცესი. გვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს საქართველოს უპირატესობები და თავიანთ კოლეგებსაც გაუზიარონ ინფორმაცია. ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მხრიდან მზადყოფნა აშკარაა და ველოდებით ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.
რომელია ის მთავარი უპირატესობები, რომელთა გამო მსხვილი ამერიკული კომპანიები გადასაღებ ლოკაციად განიხილავენ საქართველოს და რა ხელშესახებ სარგებელს იღებს ქვეყანა გლობალური კინოინდუსტრიის რადარებზე გამოჩენით?
გარდა იმისა, რომ საქართველოში გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან მთა, ზღვა, უდაბნოს ტიპის ლანდშაფტი, ურბანული დასახლება, არქიტექტურული ძეგლები და ა.შ. რაც ლოგისტიკურად გაცილებით ამარტივებს გადაღების პროცესს სხვადასხვა სცენისა თუ ჟანრისათვის, პროგრამა "გადაიღე საქართველოში" კინოკომპანიებს დახარჯული კვალიფიციური თანხის დაბრუნების საინტერესო Cash Rebate-სისტემას სთავაზობს.
ეს პროგრამა გულისხმობს გადაღებულ, დასრულებულ პროექტებზე, რომლებსაც უკვე აქვთ კონკრეტული თანხა დახარჯული და აუდიტის მიერ დადასტურებული, მათზე თანხის ანაზღაურებას. მსგავსი პროგრამები კარგადაა აპრობირებული სხვადასხვა ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში, დახარჯავენ მინიმუმ ნახევარ მილიონ ლარს, დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს, დაიქირავებენ ადგილობრივ კინოტექნიკას, სერვისკომპანიებს, და წარმოგვიდგენენ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნას, რომ საქართველოში ნამდვილად დაიხარჯა გარკვეული თანხა, სახელმწიფო მათ კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ს უნაზღაურებს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დამტკიცებული აქვს იმ ხარჯების ჩამონათვალი, რომელთაც ვაღიარებთ კვალიფიციურად. სპეციალური საბჭო, რომელიც როგორც მთავრობის ადმინისტრაციის, ისე სააგენტოს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, ხუთი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს პროექტს, რის მიხედვითაც ხდება თანხის ანაზღაურება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ: ჰყავდა თუ არა კომპანიას დასაქმებული ადგილობრივების საკმაო რაოდენობა, მოხდა თუ არა საქართველოს, როგორც ქვეყნის, მკაფიო იდენტიფიცირება ფილმში, იყო თუ არა დახარჯული თანხა პოსტ-პროდაქშენში, მომზადდა თუ არა ვიდეორგოლი საქართველოში გადაღების გამოცდილებასთან დაკავშირებით და გავრცელდა თუ არა იგი სოციალურ ქსელებში; იყო თუ არა ფილმის ტიტრებში მითითებული, რომ პროექტი ჩვენი პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი და ა.შ. მაგალითად, "ფორსაჟის" გადაღების შემდეგ, სახელმწიფომ კინოკომპანიის ხარჯების 25% აანაზღაურა, ვინაიდან ფილმში მკაფიოდ გახლდათ ნაჩვენები, რომ მოქმედება ხდება თბილისში, რამდენიმეჯერ იყო ნახსენები საქართველო და მაქსიმალურად მოხდა ლოკაციის პოპულარიზაცია.
ცხადია, სახელმწიფოც მოგებული რჩება მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებით. ეს არამარტო ფინანსური მოგებაა, არამედ თავად კინოინდუსტრიის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, ადგილობრივებისთვის იქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი ძირითადი მოტივატორია და იზრდება საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა მსოფლიოს მასშტაბით. მსგავს პროგრამას ერთგვარი გადადინების ეფექტი აქვს მრავალი მიმართულებით.
როგორია პროგრამის "გადაიღე საქართველოში" უახლოესი სამომავლო გეგმები და რომელ მიმართულებებზე მიმდინარეობს ამჟამად აქტიური მუშაობა?
"ფორსაჟის" მე-9 ეპიზოდის გადაღების შემდეგ, კიდევ სამ პროექტზე გვქონდა საკმაოდ აქტიური მოლაპარაკება, თუმცა პანდემიის გამო ეს პროექტები დროებით შეჩერდა. პანდემიის შესუსტებას მოჰყვა ომი უკრაინის ტერიტორიაზე, რომელმაც რეგიონის უსაფრთხოების კუთხით დამატებითი შეკითხვები გააჩინა კინომწარმოებლებს შორის. 2022 ჩვენი პროგრამისთვის რეაბილიტაციის წელია, ვუბრუნდებით ძველ ნიშნულებს და პარალელურად, შემოსული განაცხადების რაოდენობაც იზრდება. ამ ეტაპზე, საუბარი გვაქვს პატარ-პატარა ქართულ-ევროპულ კინოპროდუქციაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით.
დღესდღეობით, ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ საწყის სტრატეგიას და ხელი შევუწყოთ ხარისხიანი ფილმების გადაღებას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში კარგი კინოსტუდიების განვითარების კუთხითაც. ასევე, პოპულარული ხდება პოსტ-პროდაქშენის მიმართულებაც, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული სფეროა და მას შემდეგ, რაც Postred-მა Netflix-ის ერთ-ერთ პროექტ Euphoria-ს გაუწია მომსახურება, ქართულმა კომპანიამ ძალიან კარგი გამოხმაურება პოვა და საქართველოს სახელიც გაჟღერდა ავტორიტეტულ კინომწარმოებლებს შორის.
ჩვენი სამომავლო გეგმებია მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ პოსტ-პროდაქშენზე, ანიმაციაზე და ხარისხიანი ფილმების გადაღებაზე საქართველოში. ამ ეტაპზე, დანამდვილებით ვიცით, რომ ნოემბრის დასაწყისში პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ხუთ ქართულ კომპანიასთან ერთად აშშ-ში მიემგზავრება და ადგილობრივ კინომარკეტს დაესწრება. ასეთი ღონისძიებების დროს, ყველა ავტორიტეტული სტუდია ლოს ანჯელესში იყრის თავს და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროდიუსერებთან შესახვედრად. ამერიკული უმაღლესი დონის კომპანიების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საჭიროა მეტი პირდაპირი კომუნიკაცია, მათთან შესახვედრად ბრძოლა და ახალი გადასაღები ლოკაციის შეთავაზება, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ ამ ვიზიტის ფარგლებში.