Cyber Monday Sale! 50% Off All Access

GCMC - განვითარების შესაძლებლობა ქართული სამშენებლო მასალების კომპანიებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

"ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი" (GCMC) სამშენებლო სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს. გაერთიანების მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს წევრი კომპანიების პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციასა და განვითარებაში.

"ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი" პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული და GIZ-ი ახორციელებს. GCMC ყურადღებას ინოვაციებსა და ხარისხზე, წარმოების პროცესების დიგიტალიზაციაზე, ჭკვიან ტექნოლოგიებთან ადაპტირებაზე, ასევე, ხარისხის მართვის სისტემათა დანერგვის მხარდაჭერასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის გამყარებაზე ამახვილებს.

"კლასტერების მიზანია, ცალკეული სექტორების განვითარებას შეუწყოს ხელი. ცალ-ცალკე მდგარი კომპანიებისთვის ბევრად რთულია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაიქნება ეს სახელმწიფოსთან თუ კერძო სექტორთან ურთიერთობა. თუმცა, როდესაც არსებობს გაერთიანება, საერთო პრობლემებზე გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივი ხდება. სხვადასხვა სფეროში კლასტერებისა და ასოციაციების შექმნა ევროპაში აპრობირებული მეთოდია, ჩვენთან ახლა იდგამს ფეხს ეს მიმართულება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა", − აღნიშნავს GCMC-ის მენეჯერი მარიამ ცაიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

"ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი" ჯერ კიდევ 2020 წელს დაარსდა. მართალია, პანდემიამ განვითარების პროცესი შეანელა, თუმცა თითქმის 4 წლის თავზე ასოციაციამ არაერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი დადო. თუ 2020 წლისთვის ორგანიზაციაში 13 მცირე და საშუალო საწარმო ერთიანდებოდა, დღეს წევრი კომპანიების რიცხვი 20-ს შეადგენს.

რა სახის სერვისები არსებობს GCMC-ში?

GCMC წევრ კომპანიებს ძირითადად 4 ტიპის მომსახურებას სთავაზობს, როგორებიცაა, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა, წარმოების ხარისხის გაუმჯობესება, საჯარო სექტორთან მედიაცია და კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა, ეს სერვისების მცირე ჩამონათვალია, რადგან კომპანიების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სია მუდმივად ახლდება.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც კლასტერი შეიქმნა, არის ის, რომ ქართულ სამშენებლო მასალებს არ აქვს ცნობადობა და ნდობა ჩვენსავე ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში ეს სფერო იმპორტზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს პოტენციალი, რომ ქართულმა წარმოებამ იმპორტი დიდწილად ჩაანაცვლოს, ამას კი შემსყიდველებთან ხშირი კომუნიკაცია და PR-ის მიმართულებით მეტი მხარდაჭერა სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგი და გაყიდვები ერთმანეთზეა დამოკიდებული, რაშიც დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ კომპანიებს", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი.

კლასტერი წევრ ორგანიზაციებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღებაში ეხმარება. გასული 4 წლის განმავლობაში წევრი კომპანიები სამჯერ მონაწილეობდნენ "კავკასუს ბილდში", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მშენებლობისა და ინტერიერის სფეროში. კომპანიები ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ბათუმში, სომხეთში, პოლონეთში, ყაზახეთსა და გერმანიაში გამართულ სამშენებლო მასალების გამოფენაში. როგორც მარიამი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, თითოეული გამოფენა იმის მიხედვით შეირჩევა, თუ სად აქვს ქართულ პროდუქციას რეალიზებისა და პარტნიორების მოპოვების მეტი შანსი.

"პანდემიის შემდეგ თითქმის ყველა გამოფენაზე ვიყავით და ძალიან კარგად დავინახეთ ბაზარი. ერთია, როდესაც თეორიულად გგონია სად გაქვს გასვლის შანსი და მეორეა, როდესაც რეალურად თვითონ დაინახავ, რისთვის ხარ მზად და რა გზა გაქვს გასავლელი იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებშიც განახორციელო ექსპორტი. დავინახეთ, რომ ყაზახეთი ძალიან კარგი ბაზარია, ბევრი რჩევებიც მივიღეთ. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან პროექტებიც წამოვიღეთ. პოლონეთთან, რომელიც ძალიან ძლიერია ამ მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობაზე დავიწყეთ მუშაობა. რეალურად, ეს პირველი ნაბიჯებია. ახლა უკვე ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი.

გამოფენების გარდა, კლასტერი აქტიურად უწევს ორგანიზებას B2B-შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შემსყიდველებთან − იქნებიან ესენი არქიტექტორები, დეველოპერული კომპანიები თუ სხვა. GCMC-ის აქტიურად ჩამოჰყავს შემსყიდველები სხვადასხვა ქვეყნიდან. გასული 4 წლის განმავლობაში, ამ მიზნით საქართველოს სომხეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ესტუმრნენ. როგორც მარიამი აღნიშნავს, დღეს რეგიონში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სომხეთში არსებობს ქართული სამშენებლო მასალის რეალიზაციის საჭიროება, ამიტომაც მათ დიდი სამშენებლო და სადისტრიბუციო კომპანიები ჩამოიყვანეს სომხეთიდან, რომლებიც საქართველოში პარტნიორებს ეძებენ. ორგანიზაციაში სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარებაზე ახლაც აქტიურად მუშაობენ.

ქართული ბრენდების პოპულარიზაციისთვის GCMC აქტიურად მუშაობს მათ დიგიტალიზაციაზე − აქვთ ფოტოგადაღებები, ქმნიან ვიდეოსერიებს, აქტიურად ავრცელებენ ამბებს სოციალური ქსელებით და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანონ ინფორმაცია.

მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და სიახლეების ათვისება "კლასტერის" ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ორგანიზაციაში არაერთ ტრენინგსა თუ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას უწევენ ორგანიზებას კომპანიების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ადგილობრივ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. გასული წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები ესტუმრნენ, რომლებიც კლასტერის წევრ კომპანიებს შიდა წარმოების საკითხების განვითარებაში ეხმარებოდნენ. ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საწყობისა და მარაგების მართვა და სხვა.

"ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი" გასული 4 წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაცია PTB-ის პარტნიორი გახდა, რომელიც სტანდარტებისა და სერტიფიცირების მიმართულებაზე მუშაობს, ეს კი სამშენებლო სექტორისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია. GCMC აქტიურად ცდილობს წევრ კომპანიებს ევროპული სტანდარტის დანერგვაში დაეხმაროს, რაც ევროპულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გარდა ამისა, კლასტერი კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლსაც ასრულებს, რათა თანამშრომლობის პროცესი ორივე მხარისთვის უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს.

"ყველას აქვს გარკვეული პრობლემა ან ხარვეზი, რეალური ცვლილებების მიღწევა კი მარტო რთულია. ამიტომ, სხვა ასოციაციებთან თანამშრომლობით კლასტერი ვცდილობთ, ჩვენი ხმა, რომელიც სახელმწიფოსთან მივა, კიდევ უფრო ძლიერი იყოს. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით: USAID-ის, GIZ-ისა და ICCA-ის მხარდაჭერით შესყიდვების კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე პაკეტი მოვამზადეთ, გარკვეული ნაწილი კი გათვალისწინებული იყო. ამ თემაზე კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას. ვთანამშრომლობთ პროგრამასთან "აწარმოე საქართველოში", რათა სამშენებლო მასალების სექტორს ექსპორტის მიმართულებით გაეწიოს მხარდაჭერა", − აღნიშნავს მარიამი.

სხვადასხვა დონორის მხარდაჭერითა და კლასტერის აქტიური მონაწილეობით, დღეს სექტორული კვლევები მიმდინარეობს, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ახლა, კვლევების შედეგად ინდუსტრიაში ხელშესახები ციფრები არსებობს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ხდება განვითარება და სად აქვს სფეროს ჩავარდნა. ამასთან, ეს ციფრები სახელმწიფოსთან თუ სხვა პარტნიორებთან ურთიერთობისას მკაფიო სურათს ქმნის, რაც პროცესებს კიდევ უფრო ამარტივებს.

ვის შეუძლია გახდეს GCMC-ის წევრი?

ნებისმიერ სამშენებლო მასალების საწარმო კომპანიას, რომელიც ადგილობრივ პროდუქტს აწარმოებს და არ არის საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი წარმომადგენლობა, აქვს შესაძლებლობა იყოს "კლასტერის" წევრი. მიზეზი მარტივია, GCMC-ის მიზანი ქართული წარმოების განვითარება და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

"კომპანიების ჩართულობის გარეშე, კლასტერი წარმატებული ვერ იქნება. ესაა სინერგიით შექმნილი ერთიანობა, ძალა, რომელმაც ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს და სფერო განავითაროს. სწორედ კომპანიებისგან უნდა მოდიოდეს პრობლემები, სურვილები, სინდიკაციები, რა მიმართულებით სურთ სექტორის განვითარება, რადგან ამ ჩართულობით კარგ შედეგამდე გავდივართ - ყველა ერთად ვმუშაობთ საერთო საქმისთვის. გაწევრიანებისას კომპანიების ერთადერთი მოვალეობაა კარგად გაიაზრონ, თუ რა კონტრიბუცია უნდა შემოიტანონ და რა სარგებელი უნდა მიიღონ აქედან", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი.

"კლასტერის" შიგნით პროცესები სრულად დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართება. გარდა იმისა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების დანიშვნა არჩევნების საფუძველზე ხდება, წევრი კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სფეროს განვითარებისთვის არაერთი ტიპის შეხვედრა იმართება და პარალელურად კვლევებიც ტარდება.

"შეხვედრებზე განიხილება როგორც ინდივიდუალური კომპანიების, ასევე, ზოგადად, სფეროს პრობლემები. შესაძლებელია საუბარი იყოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც რიგ კომპანიებს ხელს უშლის განვითარებაში. ამიტომ, ყველა ერთად ვიწყებთ ფიქრს, როგორ იქნება უკეთესი, ვარკვევთ ვინ არის მეორე მხარეს პასუხისმგებელი პირი და რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ამ საკითხზე კომუნიკაცია", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი.

როგორია სამომავლო გეგმები?

Entrepreneur-თან საუბრისას მარიამ ცაიშვილი აღნიშნავს, რომ კლასტერის უდიდესი მიღწევა დღეს ის კოლაბორაცია და ერთიანობაა, რაც ორგანიზაციის შიგნით არსებობს.

"სექტორი შეიკრა, კომპანიები ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში, უზიარებენ რჩევებსა და თავიანთ განვლილ გზებს. მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან დააჩქარებს განვითარების პროცესს. მთავარია, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ელაპარაკება, როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორ ორგანიზაციებს, პარტნიორებს, სავაჭრო პალატებს და ა.შ.", − აღნიშნავს მარიამი.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარების საწყის ეტაპზე კომპანიებთან თანამშრომლობა რთული აღმოჩნდა, ეს გამოწვევა "ქართული სამშენებლო მასალების კლასტერმა" წარმატებით გადალახა. გაიზარდა არა მხოლოდ წევრი კომპანიების რიცხოვნობა, არამედ ბევრი დონორი ორგანიზაცია დღეს GCMC-ის პარტნიორი გახდა.

სამომავლოდ სამშენებლო მასალების კლასტერს მასშტაბური გეგმები აქვს. გარდა იმისა, რომ დღემდე გრძელდება ახალი კომპანიების მიღება, ორგანიზაციაში აქტიურად აგრძელებენ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით. იგეგმება ახალი პარტნიორობის დამყარება და ასევე, ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე უფრო აქტიური მუშაობა.

"ჩვენ უკვე დავინახეთ, როგორი ხარისხია საჭირო ექსპორტისთვის და ასევე, ადგილობრივ დონეზე განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ამ სტანდარტებს მივაღწიოთ, ამიტომ აქტიურად შევუწყობთ ხელს კომპანიებს, რათა მათ ინდივიდუალურად განვითარება შეძლონ", − აღნიშნავს მარიამ ცაიშვილი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!