Get All Access for $5/mo

Glovo Local - მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების მხარდამჭერი ინიციატივა Glovo-სგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობი გლობალური კომპანია Glovo, მსოფლიო ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მცირე თუ საშუალო ბიზნესების დასახმარებლად, ახალ პლატფორმას - Glovo Local ნერგავს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სავაჭრო და სარესტორნო ინდუსტრიის მოთამაშეებს, თავიანთი სერვისების გაციფრულების შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ Glovo Local იქნება პირველი პროგრამა ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, რომელიც ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს და იგი ხელმისაწვდომი იქნება 25-ვე ქვეყანაში, სადაც Glovo ოპერირებს.

რას მოიცავს გაციფრულების შეთავაზება? ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება:

  • არხებისა და მაღაზიებისთვის განკუთვნილი ციფრული და ლოგისტიკური სერვისები;
  • ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესებს, როგორც გაყიდვის წერტილის ოპერაციების მართვაში, ასევე, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებაში;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები;
  • მხარდაჭერა მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებში, რაც დაეხმარება მათ მიიზიდონ ახალი მომხმარებლები და გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ხილვადობა.

ახალ შეთავაზებებზე წვდომის მიღება, Glovo Local-ის საიტზეა შესაძლებელი. ეს არის ერთგვარი ერთიანი ჰაბი, სადაც, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ იმ შეთავაზებაზე რეგისტრაცია, რომელიც მათ დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებაში.

Glovo-ს ამ ახალ ინიციატივაზე, ისევე როგორც ქართული ონლაინ ბაზრის გამოწვევებსა თუ ძლიერ მხარეებზე, Entrepreneur კომპანიის გენერალურ მენეჯერს საქართველოში, არტემ კოლოსიუკს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ქართული ონლაინ ბაზრის რეალობას?

მთელ მსოფლიოში, ინფლაციასა და კომუნალური გადასახადების ზრდას დიდი გავლენა აქვს როგორც მომხმარებლის შემოსავალზე, ასევე ბიზნეს მარჟაზე. ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხოლოდ 20% აწარმოებს ონლაინ ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იგივე სიტუაციას ვხედავთ საქართველოშიც. ამიტომ, აუცილებელი და გადაუდებელია ქართული ბაზრის გაციფრულება. Glovo ბიზნესს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს: Glovo Local მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება და სავაჭრო თუ სარესტორნო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესებს სერვისების გაციფრულებაში დაეხმარება.

რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესები?

ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი მრავალი დაბრკოლების წინაშე დგას, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთების ზრდას და იმას, თუ რა გავლენას ახდენს ეს მცირე ბიზნესებსა და მომხმარებლებზე. იმისათვის, რომ ბაზარი დარჩეს კონკურენტუნარიანი და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, ბიზნესმა უნდა გაიაროს გაციფრულების პროცესი.

როგორც ვიცით, თქვენ გლობალურ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. გთხოვთ შევადაროთ, რამდენად ახლობელია პრობლემები, რომელთა წინაშეც, სხვა ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესები დგანან, ქართული ბაზრის მოთამაშეებისთვის?

სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ცხრა ქვეყანაში ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც ნათელია, რომ ბიზნესები რთული დროის მოლოდინში არიან. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების 80% წუხს იმაზე, თუ როგორ მოემზადონ მომავლისთვის, ხოლო ორი მესამედი უკვე გადარჩენისათვის ბრძოლის რეჟიმშია. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც.

ვისაუბროთ კონკრეტულ გზამკვლევზე: რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქართულმა ბიზნესებმა, რათა Glovo Local-ის შეთავაზებით ისარგებლონ?

პროცესი საკმაოდ მარტივია, ბიზნესებმა უნდა შეავსონ ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილი ფორმა, რათა დამატებითი დანახარჯების გარეშე ჰქონდეთ წვდომა სპეციალურ სერვისებზე, რომლებიც მორგებული იქნება მათ სპეციფიკაზე.

არის თუ არა რაიმე ბიზნეს კრიტერიუმები, რასაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ?

ბიზნესის რეგისტრაცია Glovo Local-ზე შესაძლებელია ონლაინ, სწრაფად და უსაფრთხოდ. თუ ყველა საჭირო დოკუმენტი და დეტალი იქნება მოწოდებული, შესაბამისად გაფორმდება ხელშეკრულებაც. რეგისტრაციის წარმატებით დასრულებას კი, დაახლოებით 5 სამუშაო დღე დასჭირდება.

ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული პროგრამა შეცვლის ქართული ბაზრის რეალობას? როგორ?

ჩვენ გვჯერა, რომ Glovo Local-ის საშუალებით, მცირე და საშუალო ბიზნესების რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება. პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი შეთავაზებები მოიცავს არხებისა და მაღაზიებისთვის განკუთვნილ ციფრულ და ლოგისტიკურ სერვისებს; ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესებს, როგორც გაყიდვის წერტილის ოპერაციების მართვაში, ასევე, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებაში; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს; მხარდაჭერას მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებში, რათა დაეხმაროს მათ მიიზიდონ ახალი მომხმარებლები და გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ხილვადობა.

შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც, მცირე და საშუალო ბიზნესები, აღნიშნული პროგრამით უნდა დაინტერესდნენ?

კვლევის შედეგების მიხედვით, სავაჭრო და სარესტორნო ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო ბიზნესის 80%, ნერვიულობს მომავალზე, ხოლო 32%, სამომხმარებლო ხარჯების შემცირების გამოწვევის წინაშე დგას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბიზნესების თითქმის ნახევარს უჭირს ცვლილებების ტემპის შენარჩუნება. ასევე ამბობენ, რომ მომხმარებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ციფრულ კომერციაზე, ვიდრე მაღაზიაში ვაჭრობაზე.

ბიზნესებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ამბიციაა მეტი ინვესტიცია დააბანდონ მარკეტინგში. ამის მიუხედავად, რესურსები კვლავ შეზღუდული რჩება. Glovo Local, სწორედ ამ სერვისებს, დამატებითი ხარჯების გარეშე უზრუნველყოფს და ხსნის ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ახალ გზებს, რათა მათ ზრდაში, ინოვაციურობასა და მომხმარებელთან უწყვეტ კომუნიკაციაში დაეხმაროს.

დასკვნისათვის, ვისაუბროთ თქვენს მოლოდინებზე. კონკრეტულად, რა შედეგს ელით პროგრამისგან მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?

გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვჯერა, რომ გავაერთიანებთ და გავაციფრულებთ ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს Glovo Local-ის ფარგლებში და მივაწვდით მათ ბიზნესის ზრდისთვის ყველა რესურსს, რაც გზას გაუხსნის ადგილობრივ ეკონომიკურ გაძლიერებას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!