Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გზა მცირე ბაზარზე მენეჯერობიდან, ოთხი ქვეყნის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელობამდე გაიცანით სოფი ბარეტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს 135 წელზე მეტი ისტორიის მქონე ბრენდს AVON, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში წარმატებით ოპერირების გარდა, საკუთარი თანამშრომლებისთვის კარიერული განვითარების, წინსვლისა და საერთაშორისო მასშტაბის მიღწევების გარანტორია. ეს ბრენდი უკვე 13 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დროის განმავლობაში, არაერთი შთამბეჭდავი პროექტი აქვს განხორციელებული. თუმცა AVON, უპირველეს ყოვლისა გამოირჩევა იმით, რომ ქართველ მონდომებულ და ამბიციურ თანამშრომლებს, უცხოურ ბაზრებზე მუშაობის შესაძლებლობასა და ძალების მოსინჯვის ფართო ასპარეზს სთავაზობს.

AVON-ში მიღწეული კარიერული წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოფი ბარეტი, რომელიც ბრენდის ადგილობრივ წარმომადგენლობაში ბიზნესინტეგრაციის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. სულ ახლახან, საქმის მიმართ ერთგულების, შთამბეჭდავი შედეგებისა და უშრეტი ენთუზიაზმის წყალობით, სოფი დაწინაურდა და ამიერიდან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ბაზრებზე სერვისის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

საქართველოს მსგავსი მცირე ბაზრის მქონე ქვეყნის წარმომადგენლისათვის, დამატებით 3 ქვეყნის სერვისის მიმართულების ჩაბარება წარმოუდგენელი მიღწევა და აღიარებაა, როგორც AVON-ის გუნდისათვის, ისევე თითოეული მისი თანამშრომლისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა იშვიათი გამონაკლისი არ ყოფილა და "AVON საქართველოს" სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებს საერთაშორისო მასშტაბის დაწინაურების, ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად მუშაობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა რეგულარულად ეძლევათ.

ამ კარიერული წარმატების, მომავალი გამოწვევების, მიზნებისა და საინტერესო სიახლეების შესახებ, Entrepreneur "AVON საქართველოს" ყოფილ ბიზნესინტეგრაციის მენეჯერსა და ახლა უკვე 4 ქვეყნის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელს, სოფი ბარეტს ესაუბრა.

სოფი ბარეტი განათლებით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მას უამრავი პროფესიული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა მიეცა, რამაც მისი მომავალი საქმიანობის სფერო განსაზღვრა. "AVON-ში მიღებულმა ცოდნამ მომცა შანსი, გამეზარდა ჩემი კომპეტენცია კონკრეტულ სფეროში, იმ საქმეზე მორგებით, რითაც დაკავებული ვიყავი", − აცხადებს სოფი, − "AVON-ში USAID-ის მიერ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტიდან მოვედი, სადაც სასტიპენდიო და საგრანტო პროექტების მენეჯერი ვიყავი. მანამდე აშშ-ში, ქ. ჰიუსტონში ერთ-ერთი წარმატებული მაღაზიების ქსელის მენეჯერად ვმუშაობდი. უკვე 9 წელია, რაც კომპანიასთან ვთანამშრომლობ, მას შემდეგ, რაც 2012 წელს ბიზნესტრენერის პოზიციაზე დავინიშნე, ეს ყველაფერი კი უნიკალური, საინტერესო და დინამიკური გარემოს დამსახურებაა".

სოფი ბარეტი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ AVON დიდ თუ პატარა ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა გამართული და დისციპლინირებული ბიზნესპროცესებით გამოირჩევა. მისი ყოფილი პოზიცია − ბიზნესინტეგრაციის მიმართულება, მოიცავდა კომერციული და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესების მართვას საქართველოსთვის. "მიმაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში, "AVON საქართველოს" ბაზრის წილის ზრდა კოსმეტიკურ ბაზარზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი ენერგიით, სწორად და თანმიმდევრულად მუშაობდა მთელი გუნდი", − გვიამბობს სოფი.

რაც შეეხება მის ახლანდელ თანამდებობებს, იგი AVON-ის მომხმარებელთან ურთიერთობის საერთაშორისო გუნდის წევრია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას აერთიანებს, სადაც ეს ბრენდია წარმოდგენილი. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი უხელმძღვანელებს საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ბაზრების სერვისის მიმართულებას. "მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრები, პასუხისმგებელია სერვისსა და ოპერაციულ პროცესებზე, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ჩვენი მომხმარებლებისა და გაყიდვების დიდი გუნდისთვის სრულყოფილი, ციფრული, პერსონალური სერვისისა და გამოცდილების უზრუნველყოფა", − აცხადებს სოფი ბარეტი.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა სახის პროცესებია გასავლელი და რამდენადაა სირთულეებთან დაკავშირებული AVON-ში მსგავსი მასშტაბის კარიერული წინსვლა. სოფიმ განგვიმარტა, რომ საქართველოს ბაზრის სიმცირისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის მიუხედავად, AVON-ს თანამშრომელთა საერთაშორისო დონეზე დაწინაურების ძალიან ბევრი პრეცედენტი ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კომპანია ბრაზილიური გიგანტი კორპორაციის − Natura & Co-ს წევრი გახდა, AVON ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. ამ ცვლილებების დამსახურებით, კომპანიის ბიზნესპროცესები უფრო მოქნილი გახდა და ახლა უკვე, ნებისმიერ ადამიანს სრულიად თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დისტანციურად აქტიურად იყოს ჩართული საქმიანობაში. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა, რომ სოფისა და კიდევ არაერთი სხვა წარმატებული მენეჯერის კანდიდატურები გლობალური დასაქმების ჭრილში განხილულიყო. "AVON-ში გამოცხადებული ვაკანსიები საკმაოდ გამჭვირვალეა და კომპანია უზრუნველყოფს მსგავსი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ყველასთვის. 9 წლის განმავლობაში ეს ჩემი მეოთხე დაწინაურებაა და ბუნებრივია, ამას ხელი შეუწყო კომპანიაში არსებულმა შიდა პროცესებმა, რომელიც გამჭვირვალედ აფასებს და მართავს ადამიანურ რესურსებს", − ამბობს სოფი ბარეტი.

დასაქმების პოლიტიკის კუთხით, AVON ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე. ვაკანსიები ხშირად ცხადდება და ინფორმაცია ყველასთვის თანაბრადაა ხელმისაწვდომი. ახალი ვაკანსიის შესახებ, უპირველესად, კომპანიის შიგნით, თანამშრომლებს შორის ცხადდება, რათა აბსოლუტურად ყველა დასაქმებულს, განსხვავებულ პოზიციაზე საკუთარი შესაძლებლობის მოსინჯვის შანსი ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლებს შორის არაა კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე კადრი, კომპანია ღია ვაკანსიასაც აცხადებს და ყველა კანდიდატი, თანაბარ, სამართლიან პირობებში გადის შერჩევის პროცესს.

საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, დისტანციური მუშაობა პანდემიის ერთ-ერთ მონაპოვრად აღიქმება, თუმცა საინტერესოა, რომ AVON-ში შინიდან მუშაობის გამოცდილება უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია და თანამშრომელს თვის განმავლობაში რამდენიმე დღე ოფისში მიუსვლელად შეეძლო ემუშავა. პანდემიის შემდეგ კი, დისტანციურად მუშაობა ჩვეული რიტმი გახდა. "ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, დისტანციურად, საქართველოდან, უკრაინის ბაზრისთვის, ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, რომელიც 1 ოქტომბრიდან წარმატებით ჩაეშვა და სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ დისტანციურად მუშაობა სავსებით შესაძლებელია იყოს პროდუქტიული. მეტიც − როცა მთლიანი ორგანიზაცია ასე მუშაობს და მუშაობის კულტურა შეცვლილია, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და რესურსებს უხსნის გზას", − აცხადებს სოფი ბარეტი.

საინტერესოა, თუ რა სახის გამოწვევებისა და სირთულეების შემცველია ერთდროულად 4 ბაზარზე სერვისის მიმართულების ხელმძღვანელობა. როგორც სოფიმ გვიამბო, იგი უკვე ერთი თვეა, რაც დამატებით სამ უცხოურ ბაზარზე მუშაობს და პირველი, რაც თვალშისაცემი იყო, თითოეული გუნდის მხრიდან საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. "ზოგადად, ნებისმიერი მიზნის მიღწევა ძალიან რეალისტურად მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევად შესაძლოა ადგილობრივი ბიზნესის სპეციფიკა ჩავთვალოთ, რაც ყველა ქვეყანაში განსხვავდება, აუცილებლად უნდა მოვერგოთ მთლიანი სტრატეგიის ფარგლებს. დარწმუნებული ვარ, ამასაც მარტივად გავართმევთ თავს", − აღნიშნავს სოფი ბარეტი.

Avon აქტიურად ნერგავს ციფრულ გადაწყვეტებსა და ახალ ტექნოლოგიებს ბიზნესის ოპერირების ყველა დონეზე. უპირველესად, ცვლილებების მთავარ მიზანს მომხმარებლებისა და გაყიდვების გუნდის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა და ციფრულ ინსტრუმენტებთან დაახლოება წარმოადგენს. მოგეხსენებათ, პირდაპირი გაყიდვების სისტემა სპეციფიკურ, უნიკალურ მიდგომას საჭიროებს. სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტის დანერგვითა და მუდმივი გაუმჯობესებით, AVON მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება, მარტივად და მოქნილად მართონ თავიანთი საქმიანობა, ბიზნესპროცესები და ყოველდღიური ოპერირება. "ჩვენი სტრატეგიაა, უბრალო ინფორმაციული მხარდაჭერიდან ჩვენი მუშაობის სტილი უფრო მოქნილი, გახსნილი და გრძელვადიან ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გავხადოთ", − აღნიშნავს სოფი ბარეტი.

AVON მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით წარმომადგენელს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის რეალიზაციითა და მათთან უშუალო კომუნიკაციით არიან დაკავებული. ნდობაზე დაფუძნებული ეს სისტემა, საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, პირდაპირ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა და უკეთ შევიგრძნოთ მათი საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ, მივიღოთ ის მნიშვნელოვანი უკუკავშირი, რაც მსგავსი გლობალური ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და განვითარებას სჭირდება.

საქართველოს ბაზარმა კომპანია AVON 2009 წლიდან გაიცნო. ბრენდის საუკუნოვანმა გამოცდილებამ, პროდუქტის ხარისხმა და ნდობამ, მისი პოზიციები საკმაოდ სწრაფად გაამყარა ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, დასაქმების მსურველთა ყურადღება AVON-ის მიერ შეთავაზებულმა მოქნილმა სამუშაო პირობებმა, კორპორაციულმა კულტურამ და თანამშრომელთა მიმართ განსაკუთრებულმა მიდგომებმა მიიქცია. კომპანიის ღირებულებები ადამიანზეა ორიენტირებული და ყველას თანასწორ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში აერთიანებს. ეს ყველაფერი კი, თანამშრომლებისათვის საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების, კარიერული განვითარებისა და პერსპექტიულ პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობას ქმნის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს