"ისტორია ვაინ" - ბრჭყვიალა სასმლის ხელოვნება ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"წარმოვიდგინეთ ყველაზე წარმოუდგენელი: ბრჭყვიალა სასმელი და ვთქვით, რატომაც არა?" − ასე იხსენებენ "ისტორია ვაინის" დამფუძნებლები − ნათია მამალაშვილი და ანა კამინსკენე ბრენდის დაფუძნებას.
იდეის დაბადების შემდეგ ნათიამ და ანამ დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, როგორ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც მათ წარმოსახვაში უკვე არსებობდა. დამფუძნებლებს სურდათ, სასმელი ყოფილიყო ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, თუმცა არ დაეკარგა ბრწყინვალება. საბოლოო ჯამში კი გაჩნდა ნახევრად ტკბილი ღვინისეული სასმელი "ისტორია".
"ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც სრულიად ახალია ყველა ადამიანისთვის, ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას. მეტადრე მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა გამოირჩევა განსაკუთრებული სიყვარულით ვაზისა და ღვინისადმი. ჩვენ კი სწორედ მისი სახეცვლილი ვერსიის შეთავაზება გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის", − იხსენებს ნათია.
"ისტორია ვაინის" თანადამფუძნებელი ანა ამბობს, რომ ეს განსხვავებულობა დღემდე კრიტიკის საგანია. თუმცა, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებს მომხმარებლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, რომ სასმელი სრულიად უვნებელია.
როგორც ნათია ამბობს, მიუხედავად კრიტიკის არსებობისა, საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა ინოვაციას, ეს კი მხოლოდ არწმუნებთ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ.
მთავარ სირთულედ ბიზნესსაქმიანობაში საწყის ეტაპს ასახელებენ. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სიახლეზე მუშაობა ყოველთვის მოითხოვს სიმამაცეს. გარდა ამისა, თავდაპირველად რთულია ყოველდღიური საქმიანობის დეტალებიც კი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ყველაფერზე მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს.
"არ არის მარტივი დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი, თავადვე იზრუნო მის ვიზუალურ მხარეზე, ბრენდის შექმნასა და განვითარებაზე, ასევე მარკეტინგულ საქმიანობაზე. ამავე დროს ჩართული უნდა იყო ჩამოსხმის, რეალიზაციის და ადრესატამდე მიწოდების პროცესებშიც".
მიუხედავად სირთულეებისა, ნათია ურჩევს დამწყებებს, მიჰყვნენ საკუთარ სურვილებს და ენდონ ინტუიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი თავის რწმენა და იმ ადამიანების უგულებელყოფაა, რომლებიც გეუბნებათ, რომ რაიმე არ გამოგივათ. მისივე თქმით, "წარმოუდგენელი ოცნებები ყველაზე რეალური და ხელშესახებია. მთავარია გჯეროდეთ და ნათლად ხედავდეთ იმას, რაც მთელი გულით გსურთ".
Entrepreneur-თან საუბრისას ნათია მამალაშვილმა ანტრეპრენერობასა და ძირითად თვისებებზეც ისაუბრა. მისი აზრით, ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველა სტერეოტიპის მსხვრევა, სამყაროს უამრავ ფერში დანახვა და შესაძლებლობების დაუღალავი ძიება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე მათ არ ეშინიათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვაც.
ინსპირაციაზე საუბრისას ანა ამბობს, რომ მთავარი შთაგონების წყარო მომხმარებლები არიან − ადამიანები, რომლებიც სწორედ "ისტორია ვაინს" ანდობენ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების გაფერადებასა და აბრჭყვიალებას.
"ჩვენთვის ბრჭყვიალა სასმელი ხელოვნებაა, ხოლო ინსპირაციის წყარო ადამიანები არიან. ისინი "ისტორიას" ირჩევენ მნიშვნელოვანი დღეების მეგზურად და მასთან ერთად ინახავენ მოგონებებს, რომლებიც ისტორიას დარჩება", − აღნიშნავს ანა.
"ისტორია ვაინის" გეგმები შორსმიმავალია. როგორც ანა გვიყვება, ამჟამად მიმდინარეობს ახალი პროდუქტის შექმნის პროცესი, რომელსაც სულ მალე იხილავს საზოგადოება. დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ახალი პროდუქტი ისეთივე აღფრთოვანებას გამოიწვევს, როგორიც ბრჭყვიალა ღვინოს მოჰყვა.
გარდა ამისა, "ისტორია ვაინი" მომავალი წლიდან ბაზრის მეტად ათვისებაზე აპირებს ფოკუსირებას. გეგმაში შედის სასმლის ექსპორტზე გატანაც.
ნათია და ანა ამბობენ, რომ სასმელმა წელიწადზე ნაკლებ დროში უკვე მოახერხა და "ისტორია ვაინის" გარეშე ღონისძიებები იშვიათობად იქცა. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია.