Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ქალები, რომლებიც "ელპლუსის" საწარმოში წარმატებას ქმნიან გაიცანით დიანა ველთაური და ეთერ ჭუმბურიძე, რომლებიც ელპლუსის საწარმოს მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობენ

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ელპლუსის" მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში მათ არაერთ სექტორში 500-ზე მეტი მასშტაბური პროექტი წარმატებით განახორციელეს.

"ელპლუსი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო. საწარმო აქტიურად 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს − იქნება ეს სახანძრო და მეტალის კარის წარმოება, თუ ცეცხლმაქრების, სახანძრო კარადის, ფასადის, სტენდის, სტელაჟების, თაროებისა და მეტალის სხვა კონსტრუქციების წარმოება. რაც მთავარია, პროდუქცია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალისგან და ევროპული სტანდარტის დაცვით იქმნება.

"ელპლუსის" საწარმოს მაღალკვალიფიციურ გუნდს ინოვაციური იდეების მქონე ორი ახალგაზრდა − დიანა ველთაური და ეთერ ჭუმბურიძე ხელმძღვანელობენ. მენეჯერულ რგოლში მყოფ ქალებს კომპანია სტაბილურად მიჰყავთ წარმატებისკენ.

დიანასა და ეთერის ხელმძღვანელობის პერიოდში საწარმოში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. შეიქმნა წარმოებისთვის ოპტიმალური კარის დიზაინი, სახანძრო კარი კი ესპანეთში 2-საათიან ცეცხლმედეგობაზე გაიტესტა. Bpmn-მოდელის გამოყენებით მათ საწარმო პროცესების ოპტიმიზაცია შეძლეს − გააანალიზეს წარმოების პროცესი, მოძებნეს სუსტი რგოლები და შეცვალეს მიდგომები. ამ ცვლილების ერთ-ერთი შედეგია ის, რომ დღიურად წარმოებული კარის რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, საწარმოში Lean Manufacturing-ის პრინციპები დაინერგა, რამაც შეკვეთების დაწყებიდან დასრულებამდე დრო 3-ჯერ შეამცირა, ასევე შემცირდა და თითქმის განულდა ნახევრად წარმოებული, საწარმოში დასაწყობებული პროდუქციის რაოდენობა.

Entprepreneur-ს სურს, უკეთ გაგაცნოთ ის ქალები, რომლებმაც წარმატებით დაიმკვიდრეს თავი წარმოების აღნიშნულ სფეროში და დღეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წარმატება მოაქვთ.

დიანა ველთაური წარმოების ხელმძღვანელი

"ჩემი კარიერა "ელპლუსში" ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. შემოვუერთდი კომპანიას, სადაც მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო პირობები და მუდმივი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა დამხვდა. მუშაობის დაწყების პირველივე წელს კომპანიამ უზრუნველყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტრენინგებზე ჩემი გადამზადება და ეს პრაქტიკა სტაბილურად გრძელდება თანამშრომლების მუდმივი განვითარებისთვის", ამბობს დიანა ველთაური.

როგორც წარმოების ხელმძღვანელი, დიანა იმ ორ მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობს, რომლებსაც მართვის პროცესში შეეჯახა და მათი წარმატებით გადალახვაც შეძლო. პირველი გამოწვევა კვალიფიციური კადრების აყვანა გახლდათ. ვინაიდან "ელპლუსის" საწარმო სპეციფიკურ პროდუქტს ქმნის, საჭიროა სპეციფიკური გამოცდილებაც, ასეთი კადრის პოვნა კი საქართველოში რთულია. თუმცა, სფეროსთან დაკავშირებული ცოდნის მქონე კადრების მოძიებითა და მათი გადამზადებით, ეს გამოწვევა კომპანიაში მალევე გადალახეს, შედეგები კი წარმოებაზეც აისახა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა პროცესების სწორად წარმართვა იყო, რისთვისაც ამ მიმართულებით გამოცდილი ინგლისელი კონსულტანტი მოიწვიეს, შედეგად გადაამზადეს საწარმოს თითოეული თანამშრომელი, გაამარტივეს საწარმოო პროცესები და ჩამოაყალიბეს კულტურა, რომელიც პროცესების მუდმივი განვითარებისთვის, უშუალოდ დანადგარებთან მომუშავე თანამშრომლებისგან წამოსული ინიციატივების განხორციელებას გულისხმობს.

ეთერ ჭუმბურიძე წარმოების ოპერაციების მენეჯერი

"მე და დიანა თავიდანვე ჩართულები ვიყავით ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხის გადაწყვეტაში, ძალიან დიდ დროს ვატარებდით საწარმოს თანამშრომლების გვერდით და ნელ-ნელა შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გავმართეთ. ელპლუსმა ამ 4 წლის განმავლობაში დიდი ნდობა გამოგვიცხადა, მოგვცა საშუალება დაგვენერგა თანამედროვე მიდგომები, ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოგვეჩინა და წარმატებისთვის მიგვეღწია. დღესაც არ ვჩერდებით და არსებული საწარმოს მუდმივ განვითარებასთან ერთად, უკვე ახალი საწარმოს პროექტზეც ვმუშაობთ", განმარტავს ეთერ ჭუმბურიძე.

მუდმივი შრომისა და თვალსაჩინო პროგრესის პარალელურად, სფეროში, სადაც ძირითადად მამაკაცები დომინირებენ, ქალები ხშირად აწყდებიან გამოწვევებს, თუმცა ეთერმა შეძლო, ეს გამოწვევა შესაძლებლობად გარდაექმნა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა პირადად ჩემთვის იყო თავის დამკვიდრება ისეთ სფეროში, სადაც მენეჯერად ახალგაზრდა გოგოს არავინ მოელის და საკუთარი კომპეტენტურობის დასამტკიცებლად ბევრად მეტი შრომა გჭირდება, ვიდრე ნებისმიერ მამაკაცს. თავიდან ჩვენს თანამშრომლებს საკმაოდ გაუჭირდათ ჩვენი მიღება, მაგრამ ნელ-ნელა კოლეგებისადმი მეგობრული და სამართლიანი მიდგომით, მუდმივად მათი ინტერესების გათვალისწინებით, ამ ადამიანების პატივისცემა დავიმსახურეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, დღესაც ხშირად ვხვდებით კლიენტებს, რომლებიც ჩვენთან ტექნიკური საკითხების განხილვის შემდეგ, გაოცებულები რჩებიან, ან თანამდებობის შეტყობისას გაკვირვებულები გვიყურებენ", ამბობს ეთერ ჭუმბურიძე.

პროცესების სამართავად, "ელპლუსის" საწარმოში თანამედროვე ონლაინპლატფორმებს იყენებენ, რომლებიც წარმოების სხვადასხვა რგოლს ერთ სივრცეში აქცევს, ეს კი პროცესების მართვასა და კონტროლს მნიშვნელოვნად ამარტივებს. ამჟამად საწარმოში აქტიურად მიმდინარეობს ERP-ის დანერგვა და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ.

სამომავლო გეგმები

2023 წლის მთავარი გამოწვევა პროდუქციის მომზადებაა ექსპორტზე გასატანად, რისთვისაც სახანძრო კარსა და ცეცხლმაქრზე CE სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. საწარმოში აქტიურად მუშაობენ ევროპულ აკრედიტებულ ლაბორატორიებთან, რაც ევროპულ ბაზარზე მათი პროდუქტის დაშვებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ისინი აქტიურად მონაწილეობენ სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ მენეჯერთა გადამზადების პროგრამაში, რომლის მიზანი საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაა.

ამჟამად "ელპლუსში" აქტიურად მუშაობენ ახალი საწარმოს პროექტზე, სადაც ოპერაციების მაქსიმალურად ავტომატიზაცია და გაციფრულება მოხდება.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს