Get All Access for $5/mo

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაპანაძეების ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. მეუღლეები, დავით და ვალენტინა კაპანაძეები და ვაჟი, დათო აწარმოებენ სხვადასხვა ბოსტნეულს, მათ შორის ბადრიჯანს, კიტრს, პომიდორს, ტკბილ წიწაკასა და ტკბილ სიმინდს. 2019 წელს ფერმერთა ოჯახი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ევროკავშირის პროექტში, რომლის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აგრონომებთან ერთად საცდელი მეურნეობები მოაწყო. თუმცა, როგორც დავით კაპანაძე იხსენებს, თავიდან პროექტს ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეხვდა აგრონომებს, რომლებმაც მოსავლის მიღების თანამედროვე პრაქტიკები გაუზიარეს, ეჭვები სწრაფად გაეფანტა.

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ოჯახმა სრულიად შეცვალა მოსავლის მოყვანის წესები. ისინი ტრადიციული მიდგომებიდან გადავიდნენ თანამედროვე, არსებული გარემო პირობებისა და მოთხოვნების შესაბამის მეთოდებზე.

დასაწყისში ნახევარ ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბადრიჯანი მოიყვანეს. FAO-ს ექსპერტების დახმარებით დაინერგა ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამები. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს.

ლაგოდეხის სოფელ თამარიანში კაპანაძეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართული პირველი ოჯახი იყო. აგრობიზნესის სწორი დაგეგმვის შედეგად გაოთხმაგებული მოსავლის მიღების შემდეგ კი, მათ მეზობელმა ფერმერებმაც მიბაძეს და აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში "საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში". ორგანიზაციები საერთო მიზანს ემსახურებიან: უზრუნველჰყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული ფუნქციონირება და დააფინანსონ ან შეღავათი გაუწიონ ფერმერებს, ამით კი სოფლის მეურნეობა კონკურენტუნარიან საქმიანობად აქციონ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა და პრაქტიკაში გადმოგვეტანა მთელი ის ცონდა, რაც ევროკავშრის დახმარებით FAO-ს ექსპერტებმა გაგვიზიარეს. ყველა მათი რჩევა გავითვალისწინეთ და შედეგად მივიღეთ ბადრიჯნის 4-ჯერ გაზრდილი მოსავალი. წვიმამ მეზობელი ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენმა ნარგავებმა კი ყველა ამინდსა და მავნებელს გაუძლო", - გვიყვება ვალენტინა კაპანაძე, საცდელი მეურნეობის მასპინძელი ფერმერი.

აღსანიშნავია, რომ ოჯახმა სულ მალე ბადრიჯნის გარდა ტკბილი სიმინდის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. ყველაფერი კი FAO-ს მიერ ბაზრის კვლევის ჩატარებით დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ტკბილი სიმინდის მოთხოვნა მაღალი იყო. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ოჯახს 0.3 ჰა ფართობზე სიმინდის დათესვაში დაეხმარა, ასევე დაინერგა საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა მაღალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებას, სწორად დამუშავებული ნიადაგის გამოყენებასა და წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. მიღებული პროდუქტის რეალიზება "კარფურის" სუპერმარკეტების ქსელში მოხდა, რითაც ოჯახმა ხელი შეუწყო ჰიპერმარკეტის ახალი საიმიჯო სტრატეგიის - "ვყიდით ქართულ პროდუქტს" განხორციელებას. როგორც კაპანაძეები ამბობენ, ისინი ყოველკვირეულად 2-3 ტონა ბადრიჯანსა და თითქმის იმავე რაოდენობით ტკბილ სიმინდს ყიდიან.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი პროდუქტი კარფურში გაიყიდებოდა. მიხარია, რომ ხალხი ჩემს ტკბილ სიმინდს ყიდულობს. ეს პირველი შემთხვევაა და იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება ჩემი და კარფურის თანამშრომლობა, მადლობა ევროკავშირს და FAO-ს ამ შესაძლებლიბისთვის," – აღნიშნა დავით კაპანაძემ.

ეს არის პროექტის ფარგლებში პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. საბოლოოდ კი, ეს ხელს უწყობს მცირე ფერმერებსა და შემსყიდველ კომპანიებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას და "საქართველოში წარმოებული' უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.

კაპანაძეები მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. თავად დათო კაპანაძე ფერმერთა საველე სკოლის აქტიური წევრია. ფერმერთა სკოლაში 12-13-მდე ოჯახია გაწევრიანებული. იგი მიზნად ისახავს აქტუალური საკითხების განხილვას, ერთმანეთის დახმარებასა და სიახლეების დროულ გავრცელებას. სწორედ გაზიარებული გამოცდილების შედეგად მოაწყვეს თანასოფლელებმა კაპანაძეების მსგავსი ნაკვეთები, სადაც უამრავი ბოსტნეული მოიყვანეს.

კაპანაძეების ფერმაში წელს ბატატის მოყვანასაც აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმები დროებით შეფერხდა. ოჯახი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდება, რის შემდეგაც ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მომავალში ქართულ ბაზარზე უამრავ სიახლეს შემოიტანენ.

მულჩირება გულისხმობს ნიადაგის დაფარვას სხვადასხვა მასალებით, მცენარეული ნარჩენების ჩათვლით, აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, იცავს მას ეროზიისაგან და უნარჩუნებს ტენიანობას. მულჩირება სარეველებთან ბრძოლაშიც გვეხმარება, რაც ზოგავს ფერმერის დროს და ფინანსებს.

წვეთოვანი სარწყავი სისტემა წყალს ნელი დინებით აწვდის მცენარეთა ფესვებს. ის 40%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე თვითდინებით მორწყვის სისტემა და 20%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე დაწვიმებით მორწყვის სისტემა. წვეთოვანი სარწყავი სისტემა გვეხმარება მავნებლების და სარეველების უკეთ კონტროლში, ამცირებს ნიადაგის ეროზიას და ზოგავს დროს, რადგან პარალელურად ველზე სხვა სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!