კრიზისის შესაძლო შედეგების შეფასება და გრძელვადიანი ეფექტის მომტანი ღონისძიებები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლონდონის ბიზნეს სკოლის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აღინიშნება ფასიანი ქაღალდების ინდექსების, მშპ-ს ზრდის მაჩვენებლების, განსაკუთრებით კი ეკონომიკის ცალკეული დარგების აქტივობის მკვეთრი ვარდნა. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო ე.წ. ვაჭრობადი სერვისების სფერომ, რომლის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლებში მეტად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გახდა. ამაში შედის ტურიზმი და ტრანსპორტი, ასევე ფორმალურად არავაჭრობადი/არასავაჭრო, მაგრამ ტურიზმთან და ტრანსპორტთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი კვების ინდუსტრია და მომსახურების სხვა სფეროები. საქართველოსთვის პრობლემურია ის გარემოებაც, რომ ტურიზმის გლობალური აღდგენა მინიმუმ წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შოკის ნეგატიური ასპექტების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა ვერ მოხერხდება ამ წლის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის ლიკვიდაცია ზაფხულის დასაწყისამდე გახდება შესაძლებელი და დიდ ქვეყნებში ეკონომიკური ნორმალიზაციის ნიშნები გაჩნდება. დასავლეთის ქვეყნების მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტების მიზანია არ დაუშვას მოვლენების ამგვარი განვითარება და მიწოდების ჯაჭვების ყველაზე სუსტი რგოლებისა და მოთხოვნის სტიმულირების მეშვეობით შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სოციალური ფონის სტაბილიზაცია და წლის ბოლოსათვის გარკვეული გამოცოცხლების მიღწევა.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი უნდა გავიზიაროთ ამ კონტექსტში, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ობიექტური გარემოებაც:
პირველი, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკის მანევრირების შესაძლებლობები განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით, ბევრად უფრო შეზღუდულია. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში გაცილებით მაღალია სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი დიდი ზომის მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე დამოკიდებულების ხარისხი, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ამიტომაც, ხელისუფლების ქმედებათა ეფექტიანობაზე დიდ გავლენას მოახდენს ისიც, თუ რამდენად სწრაფად დაძლევენ კრიზისს საქართველოს მსხვილი დიდი საგარეო-ეკონომიკური პარტნიორები, განსაკუთრებით კი უშუალო მეზობლები;
მეორე, ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების შედარებით დაბალი დონე ზღუდავს სოციალური დისტანცირების შედეგად მუშაობის ახალ სტილზე დროებით გადასვლით მიღწეულ შერბილების ეფექტს.
მესამე, ეკონომიკაში, რომელშიც დიდია არაფორმალური დასაქმების როლი და მომუშავენი უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ნაღდი ფულის შემოსავლებზე, საკმაოდ მძიმეა დაწოლა სოციალური ფონის დამძიმების თვალსაზრისით, აქ შედის მთელი რიგი სერვისები, მაგალითად ჯანდაცვა, კომუნალური მომსახურება, დაბალშემოსავლიანი მუშახელის ისეთი ფენა, როგორებიცაა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მომსახურე პერსონალი. ამიტომ, აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც მომავალში არ დაამძიმებს სოციალურ ფონს;
მეოთხე, უნდა გვესმოდის, რომ მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში ქვეყანა დაკარგავს არა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, არამედ უცხოური გზავნილების დიდ ნაწილს, რაც დამატებით სირთულეს ქმნის როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ასევე სოციალური თვალსაზრისით. საქართველოში გზავნილების სამივე მთავარი წყაროები - ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთი მოწყვლადია მიმდინარე სიტუაციის მიმართ, რუსეთი - ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის, ხოლო იტალია და საბერძნეთი - კოვიდ 19-ით გამოწვეული მნიშვნელოვანი უარყოფითი შოკის გამო;
მეხუთე, ვინაიდან საქართველოს ვაჭრობადი სექტორების მდგომარეობა უფრო მეტადაა დამოკიდებული საგარეო კონიუნქტურაზე, ვიდრე დიდი ქვეყნების შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ერთობლივი მოთხოვნის გარკვეულ დონეზე შენარჩუნების მცდელობების ეფექტიანობას, თუმცა ეს არ ნიშნავს სტიმულირების პაკეტის მნიშვნელობის უგულვებელყოფას მიწოდების მხარისათვის. ლონდონის ბიზნეს სკოლის კვლევაში გამოკითხული ექსპერტების მეტი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნის სტიმულირება მიწოდების სტიმულირებაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო გამოკვეთილია;
მეექვსე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები უფრო მეტად ეხება პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირდაპირი ეფექტების დაძლევას. ცხადია, არაპირდაპირი ეფექტები შესაძლოა ბევრად უფრო მძიმე და დროში გაწელილი აღმოჩნდეს, მაგრამ მათ შფასებას გაცილებით მეტი დრო და რესურსი სჭირდება, რაც ამჟამად არ არის. ამის მიუხედავად, შევეცდებით გამოვთქვათ ვარაუდი სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების გრძელვადიანი ეფექტების შესახებაც შესაბამის კონტექსტში.
მეშვიდე, უდიდესი დარტყმა მიადგება წლის მეორე კვარტალს. მართალია, მკაცრი ზომების განხორციელება უკვე მარტში დაიწყო, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტები ცოტა მოგვიანებით გამოიკვეთება. ამიტომაც, აქცენტი ძირითადად ამ წლის მეორე კვარტალზე უნდა გაკეთდეს იმ დაშვებით, რომ აღდგენა მეორე კვარტალშივე დაიწყება.
კრიზისის ზეგავლენა მთლიან შიდა პროდუქტზე
მთლიან შიდა პროდუქტზე მოულოდნელი კრიზისის გავლენა ძირითადად საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარეობს, რომელსაც დაერთობა ეკონომიკის გაჩერება და მისი არავაჭრობადი სექტორის პრობლემები. ჯერ კიდევ გაუგებარია ნავთობის ბაზარზე მიმდინარე სირთულეების ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, და აქედან გამომდინარე მშპ-ს წლიური მაჩვენებლის ნეგატიური ცვლილება სავსებით მოსალოდნელია, თუმცა რთული შესაფასებელია მისი მაგნიტუდა.
თუ საქართველოს მშპ-ს გავაანალიზებთ დანახარჯების მიხედვით, მეტ-ნაკლებად იკვეთება შემდეგი გარემოებები:
- შინამეურნეობის საბოლოო მოხმარებაზე ხარჯების შემცირება ალბათ გარდაუვალია. ამის მიზეზია მთელი ეკონომიკისათვის გამჭოლი შოკი, რომელიც ორი ფაქტორითაა გამოწვეული, - საგარეო შოკი და სახელმწიფოს რეაგირება საგარეო შოკზე ეკონომიკური ცხოვრების შეჩერებით, რის აღდგენასაც და შეშფოთების ფაქტორის მოხსნას საკმაოდ დრო დასჭირდება. მშპ-ს ამ კომპონენტში 10%-იანი წლიური შემცირების რისკი, სამწუხაროდ, რეალურია;
- ძნელია საუბარი მთლიანი კაპიტალის ფორმირების ქცევაზე. აქ შედის როგორც საშინაო კაპიტალდაბანდებები, ასევე უცხოური ინვესტიციები. უცხოური ინვესტიციების ქცევა დიდადაა დამოკიდებული საგარეო კონიუნქტურაზე და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. რადგან ამ მიმართულებებით სახარბიელო არაფერი ჩანს. 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში უცხოეთიდან 1,267 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე. მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენცია საკმაოდ გამოკვეთილია და ამ ფონზე, გამორიცხული არაა ამ პარამეტრის შემდგომი კლება საქართველოსთვისაც. ზოგადად, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით აქტიურობა უფრო მე-2, მე-3 კვარტლების განმავლობაში ფიქსირდება, რაც საქართველოსთვის კარგი ამბავი არაა, ვინაიდან პოტენციურ ინვესტორ ქვეყნებში ეს პერიოდი, სავარაუდოდ, აღდგენას დასჭირდება; აქაც, წლიურ 10%-მდე ვარდნის რისკი საკმაოდ რეალისტურია;
- საქონლის ნეტო ექსპორტის მიმართულებით ალბათ უნდა ველოდოთ საქართველოში წარმოებულ საექსპორტო საქონელზე მოთხოვნის შემცირებას მიმღებ ქვეყნებში, თუმცა ეს შემცირება დამოკიდებული იქნება მათი პრობლემების ხარისხზე. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, მართალია საქართველო დამოკიდებულია სურსათსა და საწვავზე, აქ ფასების თვალსაზრისით ჯერჯერობით საქართველოსთვის ხელსაყრელი გლობალური კონიუნქტურაა. გამოვთქვამთ იმედს, რომ საქონლის საგარეო ვაჭრობის სალდო მეტ-ნაკლებად სტაბილური უნდა დარჩეს;
- ვითარება რთულდება მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით. ბოლო წლებში საქართველო საერთაშორისო ტურიზმის მზარდი და მიმზიდველი დანიშნულების წერტილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო ტურისტული შემოსავლები მინიმუმ მეორე კვარტლისთვის თითქმის მთლიანად ჩავარდება. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოს დაახლოებით 1.8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, ხოლო საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე დაახლოებით 890 ლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საგარეო ტურიზმიდან შემოსავლის ყველაზე მინიმალური დანაკარგი დანაკარგი დახლოებით 2 მილიარდი, ხოლო ნეტო დანაკარგი 600-700 მილიონი იქნება ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი სწრაფად აღდგენას მოახერხებს;
- საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა ჩვეულებრივ ხორციელდება, ამიტომაც, სხვა პირობების თანაბრობისას, ამ სფეროს შემოსავლების ვარდნა მოსალოდნელი არ არის;
- გასათვალისწინებელია ის, რომ მაკროეკონომიკური დანაკარგების შეფასებისას არ ვითვალისწინებთ მულტიპლიკატორის ეფექტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი სფეროსათვის დაკლებული შემოსავალი გამრავლებული მულტიპლიკატორზე აისახება სხვა სფეროს დანაკარგში და ა.შ. ნულამდე. ამ ამოცანის შესასრულებლად ბევრად მეტი დროა საჭირო, თუმცა მსჯელობაში ამ ეფექტის გათვალისწინება საჭიროა. კერძოდ, დანაკარგებზე მსჯელობისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის სფეროები და ეკონომიკის აგენტები, რომლებიც ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტს განიცდიან;
- დარგების მიხედვით, სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა და დამამუშავებელი მრეწველობა ჯამში სტაბილური უნდა დარჩეს. შესაძლოა სოფლის მეურნეობამ ერთგვარი გამოცოცხლებაც დააფიქსიროს მოსახლეობიდან ინტერესის გარკვეული ზრდის გამო და ვინაიდან დამამუშავებელ მრეწველობაში საქართველოში ისეთი სფეროები სჭარბობენ (კვებისა პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ლითონის დამუშავება) ამ დარგმა შედარებით სწრაფად უნდა დაძლიოს კრიზისი;
- ძალზე პრობლემურია მდგომარეობა ვაჭრობაში, განთავსების ინდუსტრიაში და საზოგადოებრივ კვებაში. ეს დარგები მიიღებენ ორგვარ შოკს, - ერთს საგარეო ვითარების მკვეთრი გაუარესებით, ხოლო მეორეს საშინაო მოთხოვნა-მიწოდების თუნდაც დროებითი, მაგრამ მკვეთრი დაცემით და აღდგენისთვის მოცდის აუცილებლობით. გამორიცხული არაა, რომ წლის განმავლობაში ამ დარგების ბრუნვა 10% ზე გაცილებით მეტად შემცირდეს;
- საქართველოს მთავრობის გათვლებით, 2019 წლის ბოლოს 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, არახელსაყრელი კონიუნქტურის გამო 5%-დან 4.5%-მდე შემცირდა, ხოლო ნომინალური მშპ-ს საპროგნოზო ცვლილებამ 8.2% შეადგინა. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, ნომინალური ზრდა მიუახლოვდეს ნულს, ხოლო რეალური ზრდა ნეგატიურიც კი გახდეს მკვეთრი და გადამჭრელი ჩარევის გარეშე;
- ეკონომიკის ყველა დარგისათვის, იმის გამო, რომ ქვეყანაში წვრილი საწარმოები დომინირებენ, მაღალია არაფორმალური დასაქმების როლი, დამოკიდებულება ნაღდ ფულზე და ტექნოლოგიური განვითარების დონე დაბალია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნაღდი ფულის ნაკადების ამოძრავებას, რათა თავიდან იქნას არიდებული დარგების პერმანენტული ზიანი.
კრიზისის ზეგავლენა სახელმწიფო შემოსავლებსა და ხარჯებზე
როგორც ჩანს, სახელმწიფო ვერ ასცდება იმას, რომ ბიუჯეტი კიდევ უფრო ,,სოციალურად ორიენტირებული" უნდა გახდეს კრიზისის შედეგების ლიკვიდაციის პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ბუნებიდან გამოდინარე. ეს ქმნის დამატებით საგადასახადო წნეხს, თუმცა კრიზისის სიმწვავე და სიდიდე სახელმწიფოს მანევრირების საშუალებას თითქმის არ უტოვებს. ალბათ ფონს გასვლა ვერ მოხერხდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან ახალი დახმარების ან შეღავათის მიღების გარეშე. გამორიცხული არაა საგარეო დავალიანების ზრდა, რაც გლობალური მძიმე კონიუნქტურის პირობებში ზრდის ვალის მკვეთრი ზრდის პერსპექტივას.
კრიზისის ზეგავლენა შეინამეურნეობათა შემოსავლებსა და ხარჯებზე
საქსტატის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკური საოჯახო მეურნეობის თვიური შემოსავალი 2019 წელს ოდნავ აღემატებოდა 1000 ლარს. ამ ფონზე, ეკონომიკის თუნდაც ერთი თვით გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმაა მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ოჯახურ შემოსავლებს მკვეთრად ,,დაარტყამს" ტრანსფერების კლება და თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება. საშუალოსტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში ფორმალური დასაქმებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40%-ია, რაც თითქოს არაა დამოკიდებულების მაღალი ხარისხსი, მაგრამ გაურკვეველ ეკონომიკურ პირობებში ამ შემოსავლის სხვა რაიმე რესურსით ჩანაცვლების პერსპექივა არ ჩანს.
ფაქტობრივად, კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებამ უნდა შეძლოს მაქსიმალურად შეინარჩუნოს შინამეურნეობათა შემოსავლების და აქედან გამომდინარე, ხარჯების სტრუქტურა, რის გარეშეც ერთობლივი მოთხოვნის სტაბილიზაცია შეუძლებელი იქნება.
კრიზისის ზეგავლენა დასაქმებაზე
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს დასაქმების სტრუქტურაში კვლავაც სჭარბობს არაფორმალური დასაქმება სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ეს სფერო კარგადაა დაცული საგარეო კონიუნქტურის ცვლილებიდან და რადგან აქ წარმოების მიზანი მეტწილად საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, აქ სერიოზული სირთულე მოსალოდნელი არაა და სახელმწიფო ფინანსების თვალსაზრისითაც, სოფლის მეურნეობა რყევების ერთგვარ ამორტიზატორად გვევლინება.
იგივე ეხება მეტ-ნაკლებად მრეწველობასა და მშენებლობას. მძიმე დარტყმა მიადგება ვაჭრობას, მომსახურების სფეროსა და სასტუმროებსა და რესტორნებს მოკლევადიან პერიოდში. ბოლო ორ უკანასკნელ სფეროს მოუწევს გრძელვადიან ნეგატიურ შოკთან გამკლავება. რთულია ჯანდაცვისა და განათლების სფეროში კრიზისით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შეფასება დასაქმებაზე.
ზოგადად, საქართველოში ცოტაა კაპიტალტევადი და ტექნოტევადი დასაქმების ადგილები, ამგვარად, კრიზისის გავლის შემდეგ შესაძლოა ამ დაკარგული სამუშაო ადგილების სწრაფადვე აღდგენა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მცირე და მიკრო ბიზნესები, ასევე თვითდასაქმებულები (წვრილი მოვაჭრეების ტიპის), რომლებმაც შემოსავლებისა და ნაღდი ფულის დეფიციტს შესაძლოა ვერ გაუძლონ და ვეღარც მოახერხონ აღდგენა. საუბარია დაახლოებით 200-300 ათას ადამიანზე. ფაქტობრივად, დასაქმების საკითხი პოსტ-კრიზისულ პერიოდში იქცევა სოციალურ საკითხად, რაც სახელმწიფო სექტორს ავალდებულებს ეკონომიკაში განახორციელოს ისეთი ინტერვენციები, რაც დასაქმებულთა ამ კატეგორიას შეაძლებინებს გადაიტანოს მომავალი 3-4 თვე და გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა.
კრიზისის ზეგავლენა ნეტო ფულად ტრანსფერებზე საზღვარგარეთიდან
2019 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მომაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. ამ მიმართულებით კვლავაც ლიდერობდა რუსეთის ფედერაცია, სადიანაც დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. ტრანსფერების დიდი წყაროებია იტალია - 235 მილიონი აშშ დოლარი და საბერძნეთი - 182 მილიონი დოლარი. გამომგზავნელ ქვეყანათა სიაში ასევე წარმოდგენილნი არიან აშშ, თურქეთი, გერმანია, და სხვები.
ჩვენი ეკონომიკისთვის ტრანსფერების წყარო-ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მიადგება ტრანსფერების ხანგრძლივი, თუ არა მუდმივი დანაკარგი. ამის მიზეზია არა მხოლოდ გამომგზავნ ქვეყნებში არსებული კრიზისი, არამედ ისიც, რომ ქართველ ემიგრანტთა ნაწილი უკან ბრუნდება, ნაწილმა კი შესაძლოა კარგა ხნით დაკარგოს სამუშაო. ნეტო ტრანსფერების მთელი წლის განმავლობაში მინიმუმ 10%-ის დაკარგვა გამორიცხული ნამდვილად არ არის.
კრიზისის ზეგავლენა ლარის კურსზე
ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულმა პანიკურმა განწყობილებებმა გავლენა იქონია ლარის კურსზეც. კურსის თანდათანობითი გაუფასურება დოლართან მიმართებაში ჯერ კიდევ მარტის მეორე დეკადიდან დაიწყო. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა 13 მარტს განეხორციელებინა ინტერვენციები და 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაეყიდა. ამან მდგომარეობა ვერ გამოასწორა და ლარმა გაუფასურება განაგრძო. ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს ახალი ინტერვენციით უკვე 40 მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა მოკლევადიანი სტაბილიზაციის მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა და მხოლოდ 25 მარტის ინტერვენციის შედეგად, როცა კიდევ 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა, მოხერხდა კურსის სტაბილიზაცია. დღეისათვის სტაბილურობა მიღწეულია და ერთი დოლარის ფასი 3.17 ლარს შეადგენს. სავარაუდოდ, სავალუტო ბაზარზე სტაბილზაცია გაგრძელდება და ლარი ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს წონასწორობის ნიშნულს.
საბოლოოდ, ლარის მოკლევადიანი მერყეობის რეალური საფუძვლები არ არსებობდა, ამიტომაც, მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად გონივრულ პოლიტიკას გაატარებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთავრობაც, რომელიც დილემის წინაშე დგას, ერთი მხრივ ფულადი რესურსი მიაწოდოს ეკონომიკას და მეორე მხრივ თავიდან აირიდოს როგორც ინფლაცია, ასევე დაწოლა ლარზე.
გრძელვადიანი ეფექტის მომტანი ღონისძიებები
გრძელვადიანი ეფექტის მქონე ღონისძიებების შემუშავება ცაიტნოტსა და Covid-19-ის ჯერაც ცხადად ჩამოუყალიბებელი ეპიდემიოლოგიური სურათის ფონზე მეტად გაძნელებულია. საქმეს ართულებს ბევრი დიდი და განვითარებული ქვეყნის არათანმიმდევრული რეაქცია პრობლემაზე და იქ ჩამოყალიბებული სირთულეები. მიუხედავად ამისა, დასაწყისისთვის, შევძელით რამდენიმე ფართო შემოთავაზების ჩამოყალიბება
ეპიდემიოლოგიური სურათის კარგად გააზრება
გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ბევრმა მეზობელმა ან ერთმანეთის მსგავსმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა აირჩია, განსხვავებული ღონისძიებები გაატარა სხვადასხვა დროს, თუმცა საკმაოდ ერთგვაროვანი შედეგები მიიღო. არის მეზობელი, კულტურულად, ეკონომიკურად და სხვა თვალსაზრისით მსგავსი ქვეყნები, რომლებმაც დაახლოებით ერთნაირი ღონისძიებების გატარებით ჯერჯერობით განსხვავებული შედეგები მიიღეს. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლა შეუძლებელი და გაუმართლებელია ეკონომიკური, სოციალური, ზოგადი ჯანდაცვის, მართლწესრიგისა თუ სხვა საკითხების კარგად გააზრების გარეშე;
პარტნიორი და სხვა ქვეყნების განსხვავებული ყოფაქცევის გათვალისწინება
სადღეისოდ გატარებული საკარანტინო ღონისძიებების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანმიმდევრობით გატარება საკმაოდ ბევრ დიდ, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ დიდ ქვეყნებში ვერ/არ მოხერხდება, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას შექმნის იმ აზრით, რომ საქართველო შესაძლოა ეკონომიკურ ავტარკიაში მოექცეს. ამის არდასაშვებად, საჭიროა პარტნიორ ქვეყნებთან სინქრონიზაციის გეგმების შემუშავება და იმის გათვლის დაწყება, თუ რა ჯდება ასეთი გეგმა ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით;
სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების შედარებით ნელა გადაწყვეტა
ყველაზე კარგი განზრახვით ნაკარნახები გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით დროის დეფიციტის პირობებში, ყოველთვის ვერ იღებს სასურველ შედეგს ან თან ახლავს სერიოზული ნეგატიური შედეგები. მაგალითად, მოსახლეობის დიდი ნაწილის სახლში გაუსვლელად ყოფნა აუცილებლად ზრდის მოთხოვნას სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე, რომელთა მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ფასები მიწოდების შეზღუდვის გამოც იზრდება. ფაქტობრივად, შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაცია, როცა მოსახლეობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე და დაუცველი მოსახლეობა ყველაზე მეტად ზარალდება. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფიქრი იმაზე, თუ როგორ ამოქმედდეს ეგრეთ წოდებული ,,უბნის მაღაზიები" და ბაზრები შეზღუდული წესით, რათა მოსახლეობის ღარიბ ფენას შეეძლოს ,,ნისიად" საქონლის შეძენა, რაც მათი ყოფისთვის აუცილებელია;
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა ხელშეწყობა
ფორმალურად სასოფლო-სამუშაოები აკრძალული არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ სფეროს მუშაობა აუცილებელია ქვეყანაში პოზიტიური ფსიქოლოგიური ფონის აღსადგენად და შემოდგომისთვის სტაბილურობის განცდის შესაქმნელად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას აუცილებალად მოყვება სოფლად მობილურობის გაზრდა, რაც გაართულებს დისტანცირების პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის სქემების განხორციელება არ უნდა შეფერხდეს.