Get All Access for $5/mo

მელინდა გეიტსი შესაძლოა მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ქალი გახდეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Stuuli

მელინდა გეიტსმა − ფილანთროპმა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისათვის მებრძოლმა ენთუზიასტმა, შესაძლოა მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა სიაში $73 მილიარდით მეორე ადგილი დაიკავოს.

3 მაისს მელინდა გეიტსმა შტატ ვაშინგტონის უზენაეს სასამართლოს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, მულტიმილიარდერთან და Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან განქორწინების მოთხოვნით მიმართა. მან განაცხადა, რომ წყვილის დაშორება გარდაუვალია და საერთო ქონება − $146 მილიარდი, მელინდასა და ბილს შორის თანაბრად უნდა გაიყოს.

საერთო ქონების თანაბარ წილებად გაყოფის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ 1994 წელს, როდესაც წყვილი დაქორწინდა, მათ არ შეადგინეს "საქორწინო კონტრაქტი", რომელშიც განქორწინების შემთხვევაში, ფინანსური საკითხების დარეგულირება იქნებოდა გაწერილი. ვაშინგტონის შტატის კანონის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევებში, წყვილის თითოეულ წევრს, ქონების 50% ეკუთვნის.

სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მელინდა ფრენჩ გეიტსი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გვარი შეიცვალა, მხოლოდ 67 წლის ფრანსუაზ ბეტანკურ მეიერსს, L'Oreal-ის მფლობელს ჩამორჩება, რომლის საერთო ქონება, დღეის მონაცემით, $83 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის მილიარდერთა სიის მიხედვით, ბილ გეიტსი, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის, $146-მილიარდიანი ქონებით, მეოთხე ადგილს იკავებს. თუ გავითვალისწინებთ მის მიერ საქველმოქმედო მიზნებისათვის განსაზღვრულ $40 მილიარდს, იგი გაცილებით მდიდარი, შესაძლოა, პლანეტის ნომერ პირველი მილიარდერიც კი ყოფილიყო.

ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინება ბევრ შეკითხვას ბადებს საქველმოქმედო ფონდის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის განცხადებით, ისინი ერთობლივად განაგრძობენ მუშაობს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირადი უთანხმოება შესაძლოა მათ საქმიან თანამშრომლობაზეც აისახოს. მათ ფონდს, გარდა უშუალოდ გეიტსებისა, სხვა მსხვილი დონორებიც ჰყავს, როგორებიცაა მილიარდერი უორენ ბაფეტი, ბრიტანეთის მთავრობა და ა.შ.

სიეტლში ბაზირებულ ამ უმსხვილეს ფონდს, რომელიც 1600 თანამშრომელს აერთიანებს, 2000 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს 135 ქვეყანაში საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად, $50 მილიარდამდე აქვს გამოყოფილი. ამ მომენტისთვის, ფონდის აქტივები $43 მილიარდს შეადგენს.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ძირითადი მიმართულებებია - გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესება, განათლება და გენდერული თანასწორობა. ისინი მიზნად ისახავენ ისეთი დაავადებების საბოლოო დამარცხებას, როგორიცაა მაგალითად, პოლიომიელიტი. პერიოდულად, ფონდი სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ ოჯახებსაც ეხმარება. გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფონდმა სამედიცინო დანიშნულების ეკიპირების, ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისათვის, $1,8 მილიარდი გამოყო. ასევე, $2 მილიარდამდეა განსაზღვრული მალარიის დამარცხებაზე და $1,6 მილიარდი − აშშ-ში ფერადკანიან სტუდენტთა დასახმარებლად.

რობ რაიხი, სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი აცხადებს: "ვინაიდან გეიტსების ფონდი მათი ოჯახის საქმიანობაა, განქორწინებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფონდის ფუნქციონირებაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

რაც შეეხება გეიტსების უძრავ ქონებას, იგი შედგება: ძირითადი საცხოვრებელი სახლისგან, ტბა ვაშინგტონის მიმდებარედ, რომლის ფართობი 6130 კვ.მ-ია და შეფასებულია $130 მილიონად; აგარაკი სან დიეგოს სანაპიროზე − $43 მილიონი; რანჩო ფლორიდაში − $59 მილიონი; 200 ჰა. ფართობის რანჩო ვაიომინგში და სხვა.

უძრავი ქონების გარდა, მათ აქტივზეა რამდენიმე კერძო თვითმფრინავი, ავტომობილების კოლექცია, რომელშიც შედის 2 მილიონად შეფასებული პორშე 959-იც, ხოლო საერთო ჯამში, მათი მთავარი სახლის ავტოფარეხი 23 ავტომობილს ითვლის.

გეიტსების ძირითადი სახლი, რომელიც სიეტლში, ტბა ვაშინგტონთან ახლოს მდებარეობს, დუგლასის ჯიშის 500-მდე სოჭისგან არის აშენებული. სახლში მოიცავს 6 სამზარეულოს; 18-მეტრიან აუზს, ხოლო მათთვის, ვინც სპორტის "მშრალ" სახეობებს ამჯობინებს, გეიტსებს ბატუტის ოთახიც აქვთ გათვალისწინებული; მათი ბიბლიოთეკის საერთო ფართობი 200 კვ.მ-ს შეადგენს, რომლის თაღოვან ჭერზე ამოტვიფრულია ციტატები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან "დიდი გეტსბი". ბიბლიოთეკაში ინახება "ლესტერის კოდექსი" და ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც გეიტსმა 1994 წელს, აუქციონზე 31 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლში მოწყობილია 215 კვ.მ ფართობის მქონე სამეჯლისო ოთახი, რომელიც ოფიციალური ვახშმისათვის 150, ხოლო კოქტეილ-წვეულების ფორმატში, 200 სტუმარს იტევს.

ბილ გეიტსი, აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უმსხვილეს მფლობელთა შორისაა და მისი მიწების (18 შტატში) ჯამური ფართობი 98 000 ჰექტარია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჰონკონგის ფართობი, მიწის სრული ღირებულება კი $700 მილიონადაა შეფასებული.

ვაშინგტონი ერთ-ერთია იმ შტატთაგან, სადაც "საერთო საკუთრების" კანონი მოქმედებს. განქორწინების შემთხვევაში, მოცემული კანონი თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი და დაგროვილი ქონების თანაბარ წილებად გაყოფას ითვალისწინებს. გეიტსების წყვილი სასამართლოს წინაშე 2022 წლის აპრილში წარდგება.

ბილისა და მელინდას განქორწინების ამბავს სულ ორი წლით უსწრებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსისა და მისი 25 წლის მეუღლის − მაკენზი სკოტის დაშორება. ისინი 2019 წელს განქორწინდნენ, რამაც მაკენზი $38-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ქალად აქცია. მისი ქონება დიდწილად "ამაზონის" აქციებით იყო წარმოდგენილი, ხოლო აქციებზე ფასის ზრდამ განაპირობა ის, რომ გასულ წელს მაკენზი სკოტი $60-მილიარდიანი ქონების პატრონი გახდა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში, ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ საქველმოქმედო მიზნებისათვის 6 მილიარდი დოლარი გამოყო.

გასულ წელს მელინდა გეიტსმა და მაკენზი სკოტმა ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს პროექტი, სახელად Equality can't wait challenge, რომლის ბიუჯეტი $30 მილიონია და მიმართულია ქალთა უფლებების დაცვისა და მათი შესაძლებლობების რეალიზებისაკენ.

2019 წელს, მელინდამ გამოსცა წიგნი, სახელად The moment of lift, სადაც იგი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობაზე საუბრობს. მელინდა ასევე აღნიშნავს თანასწორობის მნიშვნელობას მისი და ბილის თანაცხოვრების განმავლობაშიც. საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე მელინდამ თქვა: "მე და ბილი თანასწორი პარტნიორები ვართ. ქალი და მამაკაცი უნდა იყვნენ თანაბარნი მუშაობაში".

წყვილს სამი შვილი ჰყავს: ჯენიფერი − 25 წლის; რორი − 21 წლის და ფიბი − 18 წლის. ჯენიფერი მშობლების განქორწინებას Instagram-ის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ურთულესი პერიოდია მათი ოჯახისთვის.

როგორც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში აცხადებენ, წყვილი რჩება ორგანიზაციის სათავეში და ერთობლივად გააგრძელებენ მუშაობას მსოფლიოში ჯანდაცვის განვითარების, განათლებისა და გენდერული თანასწორობის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე