მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
40-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი, ასობით სტუმარი, მსოფლიო მასშტაბის ექსპერტები და 5 წამყვანი მიმართულება - მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი − DataFest Tbilisi, წელს უკვე მეექვსედ ტარდება და მსურველებს 17-19 ნოემბერს თბილისში, Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე უმასპინძლებს.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელსაც ტრადიციულად ForSet ატარებს. წლევანდელი ღონისძიება კი, როგორც სხვა წინა გამოშვებები, მიზნად ისახავს მონაცემებით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთ სივრცეში გაერთიანებას და იწვევს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას თუ ვიზუალიზაციას უკავშირდება.
მიმდინარე წელს ფესტივალზე მრავალფეროვანი აქტივობებით ხუთი წამყვანი მიმართულება დაიფარება:
- მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა;
- მონაცემთა ჟურნალისტიკა;
- მონაცემთა ვიზუალიზაცია;
- მონაცემთა ანალიზი;
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები, მათ შორის:
- Neil Richards, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი @ JLL
- Ali Srour, CEO & მონაცემთა მთავარი მეცნიერი, SocialLab
- Rudradeb Mitra, დამფუძნებელი & CEO, Omdena
- Jan Willem Tulp, მონაცემთა დიზაინერი, TULP interactive
- David von Buseck, მმართველი პარტნიორი, Figures
- Sergio Estella, დიზაინის მთავარი ოფიცერი & დამფუძნებელი at Vizzuality
- ირაკლი გოგატიშვილი, მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, "საქართველოს ბანკი"
- ნიკოლოზ მაზანაშვილი, Galt&Taggart-ის ასოცირებული ბროკერი და სხვა.
მეტი ინფორმაცია სპიკერების შესახებ: https://www.datafest.ge/speakers
ძირითადი თემების გარდა, DataFest Tbilisi მოიცავს ორ ქვეკატეგორიასაც − სტარტაპებსა და მისინფორმაციას. მთავარ სივრცეში მოეწყობა Expo Booth, სადაც სტარტაპები ვიზიტორებს უწყვეტ რეჟიმში გააცნობენ საკუთარ პროდუქტებს, მათ შორის, დეზინფორმაციის დასაძლევ ხელსაწყოებს. მისინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში კი დამსწრე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, დაესწროს The Glass Room Misinformation-ის გამოფენას, რომლის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათგან გამოწვეულ რეაქციებს.
"The Glass Room საერთაშორისო პროექტია და ბერლინში მოქმედ ორგანიზაცია Tactical Tech-ს ეკუთვნის. გამოფენა უკვე ჩატარდა 54 ქვეყანაში და ჯამში 270 630 ვიზიტორი ჰყავდა. თბილისში ექსპოზიციის ექსკლუზიური მასპინძელი DataFest Tbilisi იქნება.
გამოფენის ვიზიტორები აღმოაჩენენ, როგორ იყენებენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა ინდივიდის ინტერესებზე, ღირებულებებსა და ქცევებზე მორგებული დეზინფორმაცია გვაჩვენონ; რა ხდის ინფორმაციას სანდოს ან არასანდოს; რა განსხვავებაა დეზინფორმაციას, მისინფორმაციასა და კონსპირაციას შორის; როგორ ვუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას ტექკომპანიები და ჩვენ, როგორც მომხმარებლები. გამოფენა ამ შეკითხვებს ინფორმაციული ანიმაციებით, ინტერაქციული პოსტერებითა და თვითშეფასების აქტივობებით უპასუხებს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თეონა თომაშვილი, DataFest Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და ჰაკათონის ორგანიზატორი.
ფესტივალის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი DataFest Tbilisi-სა და ანდერს ფოგ რასმუსენის ორგანიზაცია Alliance of Democracies Foundation-ის თანამშრომლობაა, რომლის ფარგლებში ერთობლივი, DemTech Hackathon ჩატარდება. ჰაკათონის მიზანია, მონაწილეებმა შეიმუშაონ ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიების გამოყენებით უპასუხონ ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევას:
- ინოვაციური და ტექნოლოგიური ინიციატივა, რომელიც დაეხმარება უკრაინას ომში გასამარჯვებლად და ქვეყნის აღსადგენად;
- ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარების გაძლიერებას.
გამარჯვებული პროექტის ავტორი გაემგზავრება Copenhagen Democracy Summit-ზე, სადაც, მოგების შემთხვევაში, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.
Democracy Alliance Foundation აქტიურად აძლიერებს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დემოკრატიულ გამოწვევებს ტექნოლოგიური გადაჭრის გზებს უპირისპირებენ. DataFest Tbilisi კი მრავალი წელია, სხვადასხვა დარგში, მათ შორის მმართველობაში, მონაცემების გამოყენების მნიშვნელობაზე ადვოკატირებს.
"ორივე ორგანიზაცია სრულად ვიაზრებთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლს დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებაში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. Democracy Alliance Foundation-თან პირველადი კავშირი ჯერ კიდევ წინა წელს დავამყარეთ, შესაბამისად, უკვე არსებულმა საქმიანმა ურთიერთობამ აღნიშნულ პარტნიორობას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ფესტივალზე დამსწრეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ DemTech Hackathon-ში, სადაც ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე იმუშავებენ, რომლებიც დემოკრატიის სხვადასხვა მწვავე პრობლემის გადაჭრას ემსახურება: უკანონო თვალთვალი, არჩევნების გაყალბება, კორუფცია და სხვა. გამარჯვებული გუნდი The Copenhagen Democracy Summit-ზე გაემგზავრება, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ფულად პრიზს მოიპოვებს. ჰაკათონის გარდა, ფესტივალზე არაერთი გამომსვლელი გვეყოლება, რომლებიც ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. მათ შორის, თავად რასმუსენი", − განმარტავს თეონა თომაშვილი.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet − არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "საქართველოს ბანკი", Grant Thornton, AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, Zinc Network, Adjara Group, CRISP Berlin, Tbilisi School of Communication, WiFisher, Entrepreneur, NEXT.On.ge, On.ge, Marketer.
დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს.