მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოში მწვანე (მდგრადი) არქიტექტურისა და მიდგომების განვითარების პარალელურად, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დისციპლინას, არამედ ცხოვრებისა და გარემოსადმი ერთიან მიდგომასა და ფილოსოფიას გულისხმობს, საქართველოც არ ჩამორჩება. ქვეყანაში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს "მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი", სადაც დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით კი არქიტექტურული და საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები, ამ მიმართულებით არსებულ უახლეს მიდგომებსა და გადაწყვეტებს გაეცნობიან.
ცენტრი თბილისიდან 60 კილომეტრში, ბაზალეთის ტბის პირას, 1200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის დამფუძნებელი ზაალ ხელაძეა. მისთვისაც ამ ყველაფრის შექმნის მთავარი მოტივაცია საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების აქტიურად განვითარება გახდა, რომელიც თავის მხრივ, ცირკულარულ და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას დიდ მხარდაჭერას ჰპირდება.
"მწვანე არქიტექტურა − ეს ცხოვრების წესია, რომელიც არაერთ კომპონენტს აერთიანებს. მათ შორის ენერგოეფექტურობას, მწვანე მასალების გამოყენებას, ნარჩენების მართვას და ა.შ. მწვანე არქიტექტურის პრინციპებით, როგორც ცხოვრების წესით, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. ძველ შენობებს რომ დავუკვირდეთ, თუნდაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აღმოვაჩენთ უამრავ გასაოცარ ელემენტს. მაგ: ვენტილირებადი ფასადი შენობაში ნესტის შესამცირებლად, დარაბები მზის სხივების ინტენსივობის დასარეგულირებლად. ბანიანი სახლები და სქელი კედლები კი დათბუნების კარგი მაგალითია. რეალურად, ეს ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. მწვანე არქიტექტურაში არის 2 ცნება: ჰაიტეკი და ლოუტეკი. ლოუტეკი არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ − მცხოვრებლებმა და მესაკუთრეებმა უნდა ვაკეთოთ, ხოლო ჰაიტეკი ტექნოლოგიებზე გადასვლას და მათ გამოყენებას გულისხმობს. თუმცა, მწვანე არქიტექტურა მენეჯმენტის თვალსაზრისით სულაც არ არის რთული და მაღალტექნოლოგიური ფენომენი. ეს გახლავთ სწორი, მწვანე ცხოვრების წესი და ჩვენი შინაგანი კულტურა. ბაზალეთის ცენტრში კი ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიებია წარმოდგეინილი, რათა საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკეთ გაიცნოს, დაინტერესებულებმა კი შედარებითი ანალიზი გააკეთონ და ნახონ, თუ რა სჭირდებათ და რა არა", − ამბობს ზაალ ხელაძე.
ვინაიდან ნაგებობისა თუ სახლის აშენებისას დამკვეთი გადაწყვეტილებას არქიტექტორებსა და ინჟინრებს ანდობს, სწორედ ისინი უნდა იცნობდნენ ყველაზე უკეთ უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიებს. მათ უნდა განუმარტონ შენობის მესაკუთრეს, თუ რა დაუჯდება ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება ენერგეტიკის თვალსაზრისით და რამდენ წელიწადშია შესაძლებელი ყოველივე ამის ამოღება. ბაზალეთში კი ამ ყველაფრის დეტალურად გაცნობაა შესაძლებელი.
მწვანე პრინციპების ყველა მიმართულებით დანერგვას მხარს უჭერს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-იც, რომელიც ყოველივეს მნიშვნელობას, გარდა გარემოსადმი ზიანის შემცირებისა, ეკონომიკურ ჭრილშიც ღირებულად ხედავს.
"მწვანე არქიტექტურა რეალურად ჩვენი მომავალია. სხვადასხვა ბუნებრივი გამოწვევა, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ყველა ქვეყნის ეკონომიკას პრობლემებს უქმნის. მწვანე არქიტექტურა კი მწვანე ეკონომიკის ნაწილია, რომლის მნიშვნელობაზე თავისუფალ საბაზრო სისტემაში ჩვენი ტრადიციული ეკონომიკის მოდელი ყოველთვის მიგვანიშნებდა. ჩვენ უნდა გადავიდეთ მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც სწორედ მავნე გარე ფაქტორების შემცირება-პრევენციას ითვალისწინებს და ღირებულებათა მთელ ჯაჭვს კრავს. ის, რაც ხორციელდება ბაზალეთზე, მომავლისკენ წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, საითაც საკუთარი პოლიტიკით დასავლეთიც აქტიურად მიიწევს" , − ამბობს ვახო ქოჩორაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი.
"მწვანე ეკონომიკას ხშირად ცირკულარულ ეკონომიკას უწოდებენ, რადგან ის მუდმივი ბრუნვით ხასიათდება და მასში ენერგიის მუდმივობის კანონი კარგადაა ასახული. საქართველოში ასეთი მოცემულობა გვაქვს: ვინაიდან საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები დიდი დოზით არაა, გარემოს დამაბინძურებელი ძირითადი 2 ფაქტორი, ტრანსპორტი და შენობა-ნაგებობათა სექტორია. ცხადია, ტრანსპორტი დიდი დამაბინძურებელია, მაგრამ არანაკლებია შენობები. რაკი ჩვენ მათ მუდმივად ვათბობთ და ვაგრილებთ, ამ ყველაფრისთვის დიდ ენერგიას მოვიხმართ, ეს კი დიდი რაოდენობით ემისიასაც ნიშნავს. შენობების მოწყობაში კი გადაწყვეტილებას იღებენ არქიტექტორები და ინჟინრები, ამიტომ, მწვანე არქიტექტურას საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება. უნდა ავაშენოთ ისეთი ნაგებობები, რომლებიც მინიმალიზებულ ელექტროენერგიას მოიხმარენ. შესაბამისად, დაბალი ემისიურობით ან სულაც ნულოვანი ემისიით ხასიათდება", − გვეუბნება ზაალ ხელაძე.
სწორედ ამ მოტივით, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს სწორი ცოდნა მიაწოდონ, ბაზალეთის მწვანე არქიტექტურის ცენტრის გუნდი მზადაა პროფესიონალებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს − იქნება ეს ადგილზე გაცნობითა თუ შემდეგი საკონსულტაციო ხასიათის დახმარებით.
"ჩვენი, როგორც კონსალტორების როლი, სწორედ ესაა ამ საქმეში და ამიტომაც ავაშენეთ ეს ცენტრი. საჭიროებათა სწორ მიგნებასა და გადაჭრაში გვსურს დავეხმაროთ ადამიანებს. ჩვენი პროდუქტების დემონსტრირებითა და გაცნობით კი, მათი მიზნობრივად მიწოდება ხდება შესაძლებელი. ეს გახლავთ ბიზნესი ეკომეგობრული ამოცანით, რაც გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ხედვას ემთხვევა", − ზაალ ხელაძე.
ცენტრში თემატური სასწავლო პროგრამები პროფესიული თუ სახელობო მიმართულებებითაც იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რათა დარგობრივი − მწვანე ჟურნალისტიკა მეტად განვითარდეს.
"CENN-ის სტრატეგია ამ მიმართულებით შემდეგია: ჩვენ გვიჭირავს გეზი სწორედ მწვანე ეკონიმიკის მიმართულებით და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ იმ კერძო ბიზნესს, რომელიც მომხმარებლებს იმგვარ ალტერნატივებს სთავაზობს, რითაც ზემოქმედება გარემოზე შემცირებულია. ასევე გვსურს ამ ბიზნესში ადგილობრივთა დასაქმებასაც შევუწყოთ ხელი. ეს არ არის მარტივი საქმე. არსებობს გარკვეული ბარიერები გარემოსდაცვითი მიმართულებით, რაც მეტწილად არც რეგულაციებში და არც ბიზნესში გააზრებული არ არის. ამ მხრივაც აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, არა მარტო ხარისხობრივი მაჩვენებლებით და თეორიებით ავხსნათ ამ ყველაფრის მნიშვნელობა, არამედ ციფრებითაც. გვინდა ავხსნათ, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე", − ვახო ქოჩორაძე.
ახალი ჯანსაღი რეგულაციების ეტაპობრივად შემოსვლითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების მეტად გატარებით კი, ცხოვრების "მწვანე" სტილის დამკვიდრებისკენ ქმედითი ნაბიჯები იდგმება. მდგრადი მომავლისთვის საქართველო ახალ ეტაპს 2021 წლის აპრილიდან − "ბაზალეთის მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის" ოფიციალური გახსნით დაიწყებს.