Get All Access for $5/mo

OMOFOX – ''ვგეგმავთ, კიდევ ორ ქვეყანაში გავიტანოთ პროდუქტი და გუნდი 30 ახალი წევრით გავზარდოთ'' 40 000 დოლარი "შარქებისგან" 0.56%-ის სანაცვლოდ

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვფიქრობ, კარგი პრეცედენტი შედგა, რადგან ჩვენს მაგალითზე სხვა სტარტაებს შეუძლიათ ნათლად დაინახონ, რომ შესაძლებელია შარქებისგან მიიღო საჭირო ინვესტიცია შენი წესებით იმ შემთვევაში, თუ ზუსტად გაქვს წარმოდგენა შენს სწორხაზოვან მიზანზე", − აცხადებს OMOFOX-ის თანადამფუძნებელი, მახო ქიტუაშვილი.

---

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან, 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპი OMOFOX და მისი თანადამფუძნებლები − მახო ქიტუაშვილი, კახაბერ ყოჩიაშვილი და ვახო რომანოვი გახდნენ. სტარტაპერებმა OMOFOX-ის განვითარებისთვის დაჩი ჭოლაძისგან, ქეთი ქვარცხავასა და ილია წულაიასგან $40 000-იანი ინვესტიცია კომპანიის 0.56%-ის სანაცვლოდ მოიპოვეს, რაც გადაცემის მასშტაბით, უპრეცედენტო შემთხვევაა. "მსგავსი პირობებითა და პროცენტით ინვესტიციის მოზიდვა არცერთ გადაცემაში არ დაფიქსირებულა. ვფიქრობ, კარგი პრეცედენტი შედგა, რადგან ჩვენს მაგალითზე სხვა სტარტაპებს შეუძლიათ ნათლად დაინახონ, რომ შესაძლებელია შარქებისგან მიიღო საჭირო ინვესტიცია შენი წესებით იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად გაქვს წარმოდგენა საკუთარ სწორხაზოვან მიზანზე. ეს არის განზომილება, სადაც ყველა მონაწილე თავისი ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ საჭიროა სწორად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები ყველა ეტაპზე, რაც რეალურ შედეგამდე მიგვიყვანს", Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს OMOFOX-ის თანადამფუძნებელი, მახო ქიტუაშვილი.

OMOFOX მსხვილი ტვირთების გადაზიდვას ამარტივებს და მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში სთავაზობს. "OMOFOX-ის იდეა 2020 წლის სექტემბერში, პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც სამმა თანადამფუძნებელმა სპონტანურად გადავწყვიტეთ, ავტოფარეხში დაგვეწყო OMOFOX-ის იდეაზე მუშაობა. სამივეს კარგად გვქონდა გააზრებული კომერციული ტვირთების გადაზიდვის პროცესის დროს რამდენ პრობლემასა და ბარიერს აწყდება მომხმარებელი და მასში ჩართული სხვადასხვა მონაწილე მხარე. პროექტზე მუშაობა კაპიტალის გარეშე დავიწყეთ და ვიცოდით, რომ პირველსავე დღეებში უნდა შევსულიყავით ბაზარზე და ჩვენს მომხმარებლებთან ერთად სამომავლო პროდუქტის დახვეწაზე გვემუშავა", − აღნიშნავს მახო ქიტუაშვილი.

OMOFOX მომხმარებლებს ინოვაციური გამოცდილების მიღებაში ეხმარება და ამით განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის. გუნდის ხედვა გადაზიდვების სფეროში არსებულ მოძველებულ სტანდარტს ახლებურად გარდაქმნის და პრობლემების გადაჭრის ეფექტიან გზას სთავაზობს. გადაზიდვების პროცესი სრულად არის გაციფრულებული, რაც მომსახურებას კომფორტულსა და ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის. მეტწილად, კომპანიის მომხმარებლები არიან ქართული და უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც კომერციული ტვირთების ექსპორტსა და იმპორტს ეწევიან. OMOFOX-ის გუნდის განმარტებით, მათ არაერთი ერთგული მომხმარებელი ჰყავთ და სწორედ მათი დახმარებით აუმჯობესებენ ყოველდღიურად შესრულებულ სამუშაოებს.

შეკითხვაზე, თუ რა იყო "შარქ თენქში" გამოსვლის ძირითადი მიზანი, მახო ქიტუაშვილი გვპასუხობს: "OMOFOX-ში გამოწვევებს არ ვერიდებით, Shark Tank-ი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. ის აღვიქვით ახალ საინტერესო გამოწვევად და შესაძლებლობად, რომელიც განვითარების ახლებურ გზებს დაგვანახებდა. Shark Tank-ში გამარჯვება კიდევ ერთი გამოწვევის წარმატებული დასასრულია. მიგვაჩნია, რომ Shark Tank-მა მოგვცა საშუალება, ჩვენი პროექტი საზოგადოებისთვის სწორი კუთხით წარმოგვეჩინა, რაც ნებისმიერი სტარტაპისთვის, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალი სიტყვის თქმას ცდილობს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", − აღნიშნავს მახო ქიტუაშვილი.

მოზიდული ინვესტიცია, როგორც გუნდი აღნიშნავს, სტარტაპისა და მათ მიერ შექმნილი ხელსაწყოების განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა დაეხმარებათ, გასცდნენ არსებულ მასშტაბებს და პოზიციონირება სხვა ქვეყნებშიც განაგრძონ. OMOFOX გეგმავს 2022 წელს კიდევ ორ ქვეყანაში გაიტანონ პროდუქტი და გუნდი 30 ახალი წევრით გაზარდონ. რაც შეეხება ინვესტორებს, რომლებმაც OMOFOX-ის იდეის განვითარება ირწმუნეს, მახო ქიტუაშვილის აზრით, ინვესტორები არიან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ საჭირო დროს სწორი მიმართულება მისცენ პროექტს და შექმნან რეალური ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ქართულმა სტარტაპმა $700 000-იანი ინვესტიცია მოიზიდა, წამყვანი ინვესტორი კი ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდი Presto Ventures გახდა. სამომავლო ხედვით, გუნდი გეგმავს გადაზიდვების სფეროში შემოიტანოს ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება ინოვაციური და თითოეულ პროცესში ჩართულ პირს გაუმარტივებს საქმიანობას. OMOFOX ორი ქვეყნის ბაზარზე შესვლას უახლოეს მომავალში დააანონსებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე