Cyber Monday Sale! 50% Off All Access

პირველი ქართული ოპერა - ''დარეჯან ცბიერის'' ახალი სიცოცხლე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ისტორია მდიდარია გვარებით და ოჯახებით, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული სიტყვის, ჰანგისა თუ სულისკვეთების მსოფლიო ასპარეზზე გატანის საქმეში. ერთ-ერთი ასეთი გვარი ბალანჩივაძეა და ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს გიორგი, იგივე ჯორჯ ბალანჩინის წარმოუდგენელი წარმატების ისტორიას აშშ-ში. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ჯორჯ ბალანჩინის მამის, სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის და ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის კალამს ეკუთვნის პირველი ქართული ოპერა "თამარ ცბიერი". საინტერესოა, რომ ნაწარმოების ნოტები, რომლის პარტიტურის და კლავირის ერთადერთი არასრული ეგზემპლარი არსებობს, ათწლეულებია ხელნაწერის სახით ინახება, არასოდეს გამოცემულა და ჟამთასვლამ შესაძლოა ის ისე დააზიანოს, რომ ისტორიისთვის სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდეს.

მელიტონ ბალანჩივაძის "თამარ ცბიერის" (მეორე რედაქციით "დარეჯან ცბიერის") გადარჩენისათვის, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი, მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტს, რომელიც მოიცავს პირველი ქართული ოპერის კლავირის არასრული ვერსიის აღდგენას, ხელნაწერის გაციფრებას, რედაქტირებას და მის გამოსაცემად მომზადებას. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულნი არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, პროექტის თანაავტორი და ხელმძღვანელი მუსიკოლოგი მარინა ქავთარაძე, დიზაინერი მანანა გუნია, მხატვარი ელენე მელქაძე. მელიტონ ბალანჩივაძის "თამარ ცბიერის" კლავირის აღდგენა-გაციფრება-გამოცემის პროექტის მენეჯერი და თანაავტორია დავით გოგოლაშვილი.

ამ ეტაპზე, განხორციელებულია სამუშაოების დაახლოებით 40%, ხოლო შემდგომი ეტაპია საოპერო კლავირის პირველი გამოცემის მხატვრული გაფორმება და დიზაინი, რისთვისაც სპეციალურად მოწვეული მხატვარი, ელენე მელქაძე ორიგინალურ ილუსტრაციას შექმნის.

პროექტის დასკვნითი ნაწილი მოიცავს, შეზღუდული ტირაჟით, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის 100 საოპერო კლავირის დაბეჭდვას, მათი შემდგომში თბილისისა და ქუთაისის ოპერის თეატრებისათვის, ასევე კომპოზიტორთა კავშირის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელოვნების სასახლის და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლებისათვის საჩუქრად გადასაცემად. აღნიშნული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების ნაწილი პროექტის პარტნიორებს წარმოადგენენ. კლავირები ასევე სახსოვრად გადაეცემა მელიტონ ბალანჩივაძის მემკვიდრეებს.

"თამარ ცბიერის" გამოცემასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, დაგეგმილია საგანგებო ღონისძიება, პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო.

ცნობისათვის, ოპერაზე "თამარ ცბიერი", მელიტონ ბალანჩივაძე სამი ათწლეული მუშაობდა და საქართველოში პირველად, 1926 წლის 6 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა. გაცილებით ადრე, 1897 წელს, ეს ნაწარმოები პეტერბურგში, რუსი არტისტების მონაწილეობით არასრული სახით შესრულდა, თუმცა მისი ქართული პრემიერა, რიგი მიზეზების გამო დაგვიანდა. ოპერა "თამარ ცბიერის" ლიბრეტო აკაკი წერეთლის ერთსახელიანი ისტორიულ სიუჟეტზე დრამატული პოემის მიხედვით შექმნა კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა, ხოლო თავად ოპერაში აღწერილია იმერეთის დედოფალ თამარის ცხოვრება.

პროექტის ავტორთა მიზანია, პირველი ქართული ოპერა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ისტორიული ფასეულობა შემოენახოთ თაობებს. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი სამომავლოდ, კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას. დაგეგმილია კიდევ ერთი ქართული ოპერის, რევაზ გოგნიაშვილის "ქრისტინეს" კლავირის მომზადება-გამოცემა. ორგანიზაცია სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან აქტიურ თანამშრომლობას და მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!