პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი საქართველოში - სტუდენტები ფინანსების შესწავლას რეალურ ფონდებზე მუშაობით შეძლებენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მუშაობა რეალურ საინვესტიციო ფონდებზე, აქტივების მართვა, პორტფოლიოს კლასიფიკაცია და სხვა - ქართველი სტუდენტები ფინანსების სწავლის პარალელურად, საინვესტიციო ფონდის მართვას რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუნებით შეძლებენ. სტუდენტური საინვესტიციო ფონდი არის ტრეიდერების ჰაბის ოფიციალური, 1-წლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები იღებენ როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლობენ პორტფოლიოს რეალურ დროში მართვას და სემესტრის ბოლოს ავტომატურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში.
ფონდი ქართულ საუნივერსიტეტო ბაზაზეა დაარსებული და მას სტუდენტები მართავენ. ფონდში გაწევრება შეეძლება ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი სასწავლო კურსისა, და ყველას თანაბრად ექნება შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ფონდის მოდელი წარმატებით მუშაობს წამყვან, ბრიტანულ უნივერსიტეტებში და ამიერიდან, ტრეიდერების ჰაბის ინიციატივით, მსგავსი ფონდი საქართველოს უნივერსიტეტებშიც დაფუძნდება.
"როდესაც ტრეიდერების ჰაბი 2 წლის წინ შევქმენი, სწორედ მაშინ გაჩნდა გეგმა, უნივერსიტეტისთვის შემეთავაზებინა ის მოდელი, რა მოდელის სწავლებასა და პრაქტიკასაც დიდ ბრიტანეთში გავდიოდი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ მიერ ჩამოყალიბებული ფონდი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში ფუნქციონირებს. პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი აღმოსავლეთ ევროპაში მე და ჩემმა გუნდმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დავაფუძნეთ.
ტრეიდერების ჰაბი მხოლოდ ტრეიდინგისა და ინვესტიციების სწავლებით არ არის დაინტერესებული - მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი მოთხოვნაა ყველა კურსზე და მადლობა ყველას ასეთი მაღალი ნდობისთვის. თავიდანვე გეგმაში მქონდა, რომ პირველ რიგში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები შემეთავაზებინა, რითაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული სტუდენტები გვეყოლებოდნენ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სტუდენტური საინვესტიციო ფონდი კი ნამდვილად ის ფუნდამენტური პროექტია უნივერსიტეტებისთვის, რითაც სტუდენტებს ვუზიარებთ როგორც აკადემიურ, ასევე უდიდეს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მოიცავს სიმულაციურ მუშაობასა და ვალდებულებების ქონას ფონდში. სტუდენტები რეალურ დროში მუშაობენ კონკრეტულ დეპარატმენტებში და აქვთ კონკრეტული დავალებები, რათა სწორად მართონ უნივერსიტეტის რეალური თანხა, რომელიც მოგვიანებით კონკრეტულ აქტივებში უნდა გადანაწილდეს ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რატი ქირია, ტრეიდერების ჰაბისა და სტუდენტური საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი.
რატი ქირიას ღრმად სწამს, რომ იმ კაპიტალისტურ წყობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, უმნიშვნელოვანესია ინვესტიციების საბაზისო ცოდნა იმისთვის, რათა ჩვენი ყოველთვიური შემოსავლები სწორად ვმართოთ. საქართველოში ხშირად ვიღებთ სამომხმარებლო სესხს და ვყიდულობთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ცვეთას განიცდის. პარალელურად კი, აქტიურად ვმუშაობთ ამ ხარჯის დასაფარად. რეალურად კი, არ გვაქვს იმის ცოდნა, რომ, სრულებით შესაძლებელია, ის კონკრეტული პროდუქტი რამდენიმეთვიანი ინვესტირებით სრული ან ნაწილობრივი დაფარვით შეგვეძინა.
"პროგრამის ფარგლებში ვასწავლით არა ტრეიდინგს, არამედ ინვესტიციებს. ამ ორ მიმართულებას შორის უდიდესი განსხვავებაა. მაგალითად, ევროპასა და სხვა უფრო მეტად განვითარებული კონტინენტების ქვეყნებში ინვესტიციებს ახორციელებენ ექიმები, მშენებლები და ასე შემდეგ. საუბარია იმაზე, თუ როგორ არის კულტურაში გამჯდარი ინვესტიციები და მათი სწორი მართვა. ჩვენი მთავარი ინიციატივაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნებისმიერ დარგში მომუშავე ადამიანს მივცეთ ინვესტიციების ის ფუნდამენტალური ცოდნა, რომლითაც გაუჩნდებათ პოტენციური, მეორე სტაბილური დაგროვებადი შემოსავალი. ამ ცოდნით ადამიანები შეძლებენ პირობითად, ხელფასის 5-10%-ის ინვესტირება მოახდინონ დაბალრისკიან პორტფოლიოში და მოგვიანებით ტელეფონს შეიძენენ არა საბანკო სესხით, არამედ ინვესტირებული თანხით, რომელიც მანამდე შესაძლოა სხვადასხვა ხარჯში ან ვალდებულებებში დაეხარჯათ", - განმარტავს რატი ქირია.
სტუდენტური საინვესტიციო ფონდის პროგრამა 1-წლიანია და მოიცავს ორ სემესტრს. პირველ სემესტრში სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან დერივატივებს (სხვადასხვა საბაზო აქტივისგან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი), თავისი ფორმულებითა და დავალებებით, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა შემდეგი სემესტრისთვის. ამასთან, სტუდენტური გუნდები პირველ სემესტრში მიიღებენ 1-თვიან სპეციალურ საინვესტიციო დავალებას, რათა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება აქტივების სწორად შერჩევასა და პორტფოლიოს კლასიფიკაციაში.
რაც შეეხება მეორე სემესტრს, ამ საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ყველა მნიშვნელოვან ფასიან პლატფორმას შეისყიდის და სტუდენტებს აქტივების ანალიზისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ პირველ სემესტრში პრაქტიკული ნაწილი 60%-ს, ხოლო მეორე სემესტრში უკვე 80%-ს მოიცავს.
"ჩვენი როლი ამ შემთხვევაში ხიდია, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს ხარისხიანი პროდუქტი, რითაც სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ პრაქტიკას და ასევე მნიშვნელოვან თეორიას გავუზიარებთ, ხოლო დამსაქმებელი მიიღებს უკვე შემდგარ კადრს, ვისაც აღარ უნდა შესთავაზოს 3 თუ 6-თვიანი სტაჟირება გამოცდილების მისაღებად, რადგან საუნივერსიტეტო ფონდის ბაზაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დააკმაყოფილებს ნებისმიერი სამსახურის მონაცემებს. აქ არ იგულისხმება კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში მათთვის სპეციფიკურ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, რაც შეიძლება მხოლოდ ის ნაწილია, რაც მათი მხრიდან საჭიროების შემთხვევაში უნდა შეასწავლონ ახალ კადრს.
ფონდის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის მორგებული საქართველოს დამსაქმებელთა ბაზარს, რომელზეც უფრო მეტმა მუშაობამ მოგვიწია. მაგალითად, ფონდში მაქსიმალურად შევქმენით ისეთი მიმართულებები, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების 4 მთავარ კომპონენტს, ესენია: ფინანსები, ბუღალტერია, მარკეტინგი და მენეჯმენტი. ამას ემატება ის საერთო ამბავი და ნაწილი, რასაც ჰქვია ინვესტიციები, რაზეც სტუდენტები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული დავალებებითა და გეგმებით", - აცხადებს ფონდის ინიციატორი.
რატომ არიან პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტები უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები? იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც საინვესტიციო ფონდი ფუნქციონირებს, 2-გვერდიანი რეზიუმეს გარდა, მოჰყვება ე.წ. შესრულებული აქტივობის აღწერა, რითაც ლოკალური თუ საერთაშორისო დამსაქმებელი პირდაპირ დაინახავს, თუ რამდენად საინტერესოდ გაატარა სტუდენტმა უნივერსიტეტში სალექციო თუ პრაქტიკული საათები. აღნიშნულ რეპორტში ნათლად ჩანს ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც სტუდენტებმა მიიღეს და დასაქმების ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადია. შედეგად, დამსაქმებლები აღარ განათავსებენ სხვადასხვა კარიერულ შეთავაზებას დასაქმების პლატფორმებზე, არამედ შეეცდებიან, პირდაპირ დაუკავშირდნენ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ფონდში მუშაობის გამოცდილება საუნივერსიტეტო დონეზე უკვე მიიღეს.
"მსგავსი ტიპის ფონდები წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი და ამერიკა, სადაც სტუდენტები სწავლასთან ერთად უნივერსიტეტის ბაზაზევე მუშაობენ. ამის გამოცდილებაც თავად მივიღე და მივხდი, რომ ეს სტრუქტურა ყველაზე მართებულია, რადგან კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ტოვებ უნივერსიტეტს ან სულაც დამსაქმებელი თავად გაგნებს, რადგან იცის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შენ მისთვის უკვე შემდგარი კადრი იქნები. ეს ნამდვილად სიახლეა ჩვენი ბაზრისთვის - ამიტომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს იმისათვის, რათა დამსაქმებელმა სწორად გაიგოს, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერ კადრებს შევთავაზებთ, ვიდრე იმის ლოდინით, თუ ვინ გაუგზავნით მათ მეილზე კარგ რეზიუმეს", - განმარტავს რატი ქირია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლავთ ის პირველი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტური საინვესტიციო ფონდი 2023 წლის სექტემბრიდან აქტიურად ფუნქციონირებს. რამდენიმე თვეში ფონდში რამდენიმე წარმატებული პროქტი უკვე განხორციელდა, მათ შორის: ფონდმა სკოლის მოსწავლეებს რამდენიმედღიან აქტივობებზე უმასპინძლა, რომელიც ასევე მოიცავდა ინვესტიციებისა და ტრეიდინგის ელემენტებს. ინიციატივას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამიტომ, რატი ქირია აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რამდენიმე კერძო სკოლაში ახალი საბავშვო ფინანსური პროგრამის დანერგვაც იგეგმება. ფონდში მიაჩნიათ, რომ ფინანსური განათლების დანერგვა აუცილებელია სასკოლო ბაზაზეც, ვინაიდან ფინანსური ბაზრის ცოდნა არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად, არამედ სამომავლო კარიერისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მამუკა თავხელიძე და დეკანი, ბატონი ვახტანგ ჭარაია სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც სწორად დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში გაჩნდებოდა. შესაბამისად, მადლიერი ვართ, რომ უსწრაფესად მოვახდინეთ ამ პროგრამის განხორციელება.
ჩვენ ამ პროგრამას მოგვიანებით დამატებით მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში დავაფუძნებთ, რითაც კიდევ უფრო მარტივად დაინახავენ აბიტურიენტები, თუ რატომ უნდა ჩააბარონ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, რადგან მსგავს თანამედროვე გამოცდილებას ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მისცემს მათ. ამიტომ ახლავე ვურჩევდი აბიტურიენტებს, თუ სურთ ამ უნიკალურ პროგრამაში მოხვედრა, მაშინ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩვენ მათ დიდი სიამოვნებით მივიღებთ. გარდა ამისა, მიმდინარე 2024 წელს გვექნება შესაბამისი ღია კარის დღის აქტივობები, სადაც ისინი უფრო ახლოს გაგვიცნობენ და ნახავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს დაეუფლებიან ჩვენთან ერთად", - აღნიშნავს ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, 2024 წლის იანვრიდან ყველა დაინტერესებული ადამიანი უკვე საერთო პლატფორმაზე www.studentsfund.io ნახავს, თუ რა აქტივებში განთავსდა რეალურ დროში უნივერსიტეტის ფონდის კონკრეტული თანხები. ასევე გამოჩნდება ინფორმაცია იმ მთავარი მმართველი რგოლის შესახებ, ვინც ფონდს უხელმძღვანელებს. როგორც რატი ქირია აღნიშნავს, ფონდის მიზნიდან გამომდინარე, როგორც კი სტუდენტების დახმარებით შერჩეული აქტივები ნამატში გავა და ფონდი X თანხის მოგებაში იქნება, აუცილებლად გამოიჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და სხვადასხვა აქტივობებს დააფინანსებენ.
"აღსანიშნავია, რომ ინტერესი უკვე გამოთქვა თურქულმა უნივერსიტეტმაც და ამჟამად აღნიშნულ სასწავლებელთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ პირველ რიგში, ჩვენს რეგიონში შევქმნათ ძალიან საინტერესო ფუნდამენტური საგანმანთლებლო საფუძველი და შემდეგ ეს ყველაფერი გლობალურ ბაზარზეც წარმატებით გავიტანოთ.
2024 წლის ბოლომდე გვსურს, შევქმნათ საერთაშორისო პლატფორმა, რომლის სრული გეგმა უკვე გაწერილია და აქტიურად ვმუშაობთ მის განსახორციელებლად. ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ეს პლატფორმა მორგებული იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის და იქნება პირველი ფინანსური საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ანალოგიც ჯერჯერობით არ არსებობს", - აღნიშნავს რატი ქირია.
ინვესტიციებისა და ტრეიდინგის მოკლევადიან ტრენინგ-კურსებზე მიღება უკვე გამოცხადებულია და დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია მითითებულ ვებგვერდზე შეუძლიათ - www.tradershub.ge.