რატომ იშლება ''პირამიდები'', ანუ მარტივი ფულის თანმდევი უკუჩვენებები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მომრავლდა იმ საიტებისა თუ აპლიკაციების რიცხვი, რომლებიც გარკვეული ამოცანების შესრულების სანაცვლოდ, წინასწარი ფულადი შენატანის საფუძველზე, მომხმარებელს "სტაბილური" გამომუშავების შესაძლებლობას ჰპირდება. ფინანსური პირამიდები უკვე ათწლეულებია რაც არსებობს და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მსგავსი თაღლითური სქემებით არაერთ ადამიანს მიადგა მატერიალური ზიანი. შესაბამისად, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ასეთი მტკივნეული კოლექტიური გამოცდილების მქონე საზოგადოება მეტი სიფრთხილით მოეკიდება თანხის ინვესტირებას ამა თუ იმ პროექტში, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში ე.წ. "სკამ" პროექტები არნახული პოპულარობით სარგებლობს. TeslaMedia, Lyst, Lidl და სხვა პროექტებმა ბოლო კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი დატოვა ხელმოცარული, რასაც მალევე მოჰყვა საზოგადოებრივი ინტერესი და ექსპერტთა გამოხმაურებებიც.
არის თუ არა ეს ფინანსური პირამიდების ახალი თაობა? როგორ გავარჩიოთ რეალური P2E ან M2E თამაშები პირამიდებისგან და არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი ბერკეტები ამ პლატფორმების წინააღმდეგ? ამ და სხვა შეკითხვებზე, Entrepreneur-ს ქართული კრიპტო-პროექტი - Let's Move Now-ს დამფუძნებელი, ასლან ცივაძე უპასუხებს.
"დღესდღეობით, ისევე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, ვითარდება Scam პროექტებიც, რომელთა გარჩევა რეალური P2E ან M2E თამაშებისგან საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელმა შეძლებისდაგვარად უნდა შეისწავლოს თუ ვინ არიან ამ პლატფორმების შემქმნელები. შემდეგ უნდა გაერკვეს, რამდენი ხნის დაწყებულია პროექტი, ვინაიდან საშუალოდ მათი სიცოცხლისუნარიანობა 3-6 თვიდან, 1-2 წლამდე ფარგლებში მერყეობს. ასევე, როგორც წესი მსგავსი აპლიკაციები არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ მაღაზიებში, როგორებიცაა App store და Play Store, ხოლო მომხმარებლებს მათი ჩამოტვირთვა გაურკვეველი არხებიდან უწევთ, რაც ბადებს დამატებითი ეჭვის საფუძველს. კიდევ უამრავი დეტალია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია პროექტში შესვლის წინ, თუმცა ამ დეტალების უმეტესობა კრიპტო სამყაროში გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მარტივად შესამჩნევია", - აცხადებს ასლანი.
რაც შეეხება რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს, როგორც ასლანი განმარტავს, ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა უშუალოდ მომხმარებელზე გადადის, როდესაც იგი ეთანხმება აპლიკაციის დაყენებისას წესებსა და პირობებს, ისე რომ თითქმის არც კითხულობს მათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პლატფორმების განაწესში მითითებულია უმნიშვნელოვანესი პუნქტები, მაგალითად ის, რომ თანხის დაკარგვაზე, პროექტის ხანგრძლივობაზე და მის წარუმატებლობაზე პასუხს არავინ აგებს.
ასლანის თქმით, ასეთ პროექტებში ჩართულ ადამიანებს, როგორც წესი არ სურთ იმის დაჯერება, რომ მუდმივი ზრდა შეუძლებელია და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყება დაღმასვლა. კრიპტოსამყაროში, ისევე როგორც ნებისმიერი აქციების შემთხვევაში, ფასების ზრდას, გარკვეული დროის შემდეგ მოჰყვება მათი კლება და ეს ეკონომიკური ლოგიკა ყოველთვის მუშაობს. "WEB 3, რამდენადაც პროგრესული და ინოვაციურია, იმდენად დაუნდობელია მოუმზადებელი და ინფორმაციის არმქონე ადამიანებისთვის. ცხადია, ყველას გვაქვს მარტივი ფულის გამომუშავების სურვილი, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შემთხვევაში წაგების რისკი ძალიან მაღალია", - ამბობს ასლანი.
"ზოგადად, ვფიქრობ, არ შეიძლება მსგავს საკითხებს ტაბუ დაედოს, პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ, როგორც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე, ისე Web3-ზე. ამ ტექნოლოგიებს აქვთ პოტენციალი რადიკალურად შეცვალონ მსოფლიო და თავდაყირა დააყენონ ტრადიციული წესრიგი. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის გავრცელება ხალხში და ამ გზით ფინანსური ზარალის თავიდან არიდება. საყურადღებოა, რომ მსგავს თამაშებში აქტიურად გამოიყენება რეფელარული სისტემა და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან ფრთხილად უნდა მოვიწვიოთ მეგობრები ასეთ პროექტებში. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, როგორც ემოციის კონტროლი, ისე ფინანსური ანალიზის გაკეთება, თუმცა ზოგმა მეგობარმა შესაძლოა დაკარგოს ეს კონტროლი და დიდი თანხა წააგოს. როდესაც მეგობარს იწვევ ასეთ პროექტში, ძალაუნებურად პასუხიმგებლობა გეკისრება", - აღნიშნავს ასლან ცივაძე, - "სამყარომ ვერ გადააჩვია ადამიანი ვერც ტოტალიზატორს და ვერც სხვა აზარტულ თამაშებს. ერთადერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ამასთან ბრძოლის სწორი ინფორმაციის გავრცელებაა. ყველასთან მეგობრული თხოვნა მექნება, არავითარ შემთხვევაში არ დააბანდოთ მსგავს პროექტებში დიდი თანხები, არ დატვირთოთ სახლები იპოთეკით და არც მანქანების თუ ძვირფასეულობის დალომბარდებით განახორციელოთ ინვესტიციები. როდესაც კრიპტო სამყაროში ახდენ ინვესტირებას, მენტალურად მზად უნდა იყო ამ თანხის დაკარგვისათვის. ასე რომ მხოლოდ იმ თავხის დაბანდებას გირჩევდით, რომლის დაკარგვითაც სერიოზული ზიანი არ მოგადგებათ".