რატომ იზრდებიან "სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"სინერჯი ჯგუფის" მიერ შექმნილი კომპანია "სინერჯი კაპიტალი" რა ინსტრუმენტებს იყენებს პორტფელის კომპანიების ღირებულების ზრდის მისაღწევად, ანტრეპრენერს მისი პარტნიორი და პორტფელის კურატორი, მაია მარჯანიძე პასუხობს. მისი თქმით, ეს პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით მიმდინარეობს, რაც გარანტირებულს ხდის კომპანიების ზრდას.
"პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენი პორტფელური კომპანიები აუცილებლად იზრდებიან, უკავშირდება ჩვენს მიდგომას, რისი მიხედვით ვარჩევთ მათ. შეფასების ეტაპზე რამდენიმე კრიტერიუმს ვეყრდნობით. ერთი, რომ როგორც დარგს, ისე უშუალოდ კომპანიას ჰქონდეს ზრდის პოტენციალი. მეორე, რომ გუნდს ჰქონდეს ჯანსაღი მოტივაცია და კულტურა, და ამასთან კომპეტენცია დაგროვილი იყოს ორგანიზაციაში და არა ერთეულ ადამიანში, რომ დამოკიდებულების ხარისხი არ იყოს დიდი.
მეორე მთავარი მიზეზი სინერჯის მუშაობის მიდგომებია, როგორ ვემუშავებით ამ ნიშნით შეფასებულ და უკვე შერჩეულ კომპანიებს ყოველდღიურად, რომ მათი ზრდა იყოს გარანტირებული და ეს ზრდის ტემპიც დაჩქარებული იყოს.
ყველა კომპანიას გამოყოფილი ჰყავს სინერჯიდან განვითარების გუნდი, სტრატეგიული განვითარების მენეჯერის და პარტნიორი კურატორის მონაწილეობით, რომელთა ერთადერთი ამოცანა არის ჩაბარებული კომპანიის ღირებულების ზრდა. "რუტინულ დეველოპმენტს" ვეძახით ამ პროცესს, რასაც ყოველდღიურად ჩვენი განვითარების გუნდები აკეთებენ ჩვენს პორტფელურ კომპანიებში. ის, რომ ამ კომპანიებს ჰქონდეთ მკაფიო ზრდის სტრატეგია, მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, მოტივაციის სისტემები ეხმარებოდეს ამ სტრატეგიის განხორციელებას და რაც მთავარია იქ მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მათი შესაძლებლობების რეალიზების და საკმარისი მატერიალური თუ მორალური უკუგების მიღების საშუალება, რათა ისინი პროფესიულ ბედნიერებას განიცდნენ იმით, რასაც აკეთებენ. ეს უკანასკნელი არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ამ კომპანიებმა არ შეწყვიტონ განვითარება.
ჩვენი გუნდის, "სინერჯი ჯგუფის" 21 წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით ჩვენი უნიკალური აქტივია, რასაც ვიყენებთ ჩვენი კომპანიების განვითარებაში.
ცალკე საკითხია, კორპორატიული მეთვალყურეობის სისტემის მოწესრიგება: თითოეულ ჩვენს პორტფელურ კომპანიაში შესვლისთანავე შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, სადაც პარტნიორები - ინვესტორები და კომპანიის თანამესაკუთრეები, ყოველთვიურად იღებენ კომპანიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ძირითადი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ. მეთვალყურეობის მოწესრიგებული ფორმატი მუდმივად მობილიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს ამყოფებს კომპანიის მმართველ გუნდს და ეხმარება მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს სინერჯის პარტნიორობით მიღებულ ისეთ სინერგიულ ეფექტებს, რაც კომპანიებისთვის დამოუკიდებლად განვითარების შემთხვევაში არ იქნებოდა ხელმისაწვდომი - ერთობლივი პროექტები პორტფელურ კომპანიებში და "სინერჯი ჯგუფის" 21 წლიანი გამოცდილებისა და კონტაქტების ურთიერთსასარგებლოდ გამოყენება. "სინერჯი კაპიტალის" პარტნიორობით ჩვენი პორტფელური კომპანიები უფრო მიმზიდველი ხდება საფინანსო ინსტიტუტებისთვისა და სხვა გარე მხარეებისთვის.
ამ ფაქტორების ერთობლიობა კომპანიების ღირებულების ზრდას გარდაუვალს ხდის, რისი მაგალითებიც გვაქვს ჩვენს პორტფელში. სწრაფად იზრდებიან და სულ უფრო მეტი მომხმარებლის ლოიალობას იმსახურებენ "8000 მოსავალი", "ჩიკორის" ჩირის საწარმო, "მზეთამზეს" პურის საწარმო, პედიატრიული კლინიკა "კიდკო" და სხვები. ჩვენ ამ ყველაფერს "სინერჯის ეფექტს" ვუწოდებთ.
გვსურს, ჩვენი პორტფელი ისე განვითარდეს, რომ მასში შემავალი თითოეული კომპანია ემსახურებოდეს ისეთ მისიას, ქმნიდეს ისეთ პროდუქტსა და სერვისს, რომ ადამიანების ცხოვრება უფრო ხარისხიანად და ჯანსაღად ვაქციოთ." - მაია მარჯანიძე
რაც შეეხება, "სინერჯი კაპიტალის" სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წლის ბოლომდე, სინერჯი ათამდე კომპანიის დამატებასა და მათთან პარტნიორობას გეგმავს. დიდი ნაწილის შესწავლა-შეფასება უკვე დასრულდა და მოსალოდნელია "სინერჯი კაპიტალის" მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღებაც.