როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? - მეტად ანტრეპრენერული! "ვინ, თუ არა ანტრეპრენერმა, უნდა თქვას – მე ანტრეპრენერი ვარ! მე დავამარცხებ ვირუსს და გადავარჩენ ადამიანებს! მე შევცვლი სამყაროს უკეთესობისკენ!"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ხომ ცხადია, რომ მთელ შენს სიცოცხლეში არ გქონია უფრო უკეთესი პირობები სიბრძნის მოსახვეჭად, ვიდრე ამჟამად გაქვს".
ეს სიტყვები ანტიკური რომის ფილოსოფოს იმპერატორს, მარკუს ავრელიუსს (ჩვ.წ.აღ.-ით 121-180 წწ.) ეკუთვნის, რომელიც, დამეთანხმებით, ზედმიწევნით სწორად ასახავს თვითიზოლაციაში გამოკეტილი კაცობრიობის ყოფას.
დღეს სამყაროს სრული ტრანსფორმაციის მომსწრენი ვართ. იცვლება მსოფლიო და უნდა შევიცვალოთ ჩვენც. უნდა მოვიპოვოთ სიბრძნე, რომ უფრო ჭკვიანებმა, უფრო ძლიერებმა, უფრო მამაცებმა, უფრო მზრუნველებმა გავაგრძელოთ ცხოვრება ახალ რეალობაში, რომელიც კაცობრიობას ღირებულებათა გადაფასებისაკენ უბიძგებს და შეგვახსენებს, რომ ყველა თანაბარია.
კორონავირუსის საფრთხე ხომ მართლაც თანაბრად შეეხო ყველას – მდიდარიც და ღარიბიც, ცნობილიც და უცნობიც, რიგითიც და აღმატებულიც, სარდალიც და ჯარისკაციც, ძლიერიც და სუსტიც, ფულიანიც და უფულოც, თანაბრად უძლური აღმოჩნდა ვერაგი ვირუსის წინაშე.
შეცვლილ მსოფლიოში ყველასათვის ცხადი ხდება, რომ მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭაზე დახარჯული დრო და ენერგია ფუჭია; რომ მთავარი ღირებულება ადამიანია, რომლის ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარეშე, აზრს კარგავს ყოველივე მატერიალური − ფუფუნების საგნებმა ხომ საერთოდ დაკარგეს ფასიც და მნიშვნელობაც.
მაშინ, როცა ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ვერც ფული და ვერც გავლენა ვერ შველის ბუნების მთავარი ქმნილების – ადამიანის ჯანმრთელობას და ვერ უზრუნველყოფს მის მშვიდ და უსაფრთხო არსებობას დედამიწაზე, მაშინ ვინ, თუ არა ანტრეპრენერმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნისა და სამყაროს წინაშე?
ვინ, თუ არა ანტრეპრენერმა, უნდა თქვას – მე ანტრეპრენერი ვარ! მე დავამარცხებ ვირუსს და გადავარჩენ ადამიანებს! მე შევცვლი სამყაროს უკეთესობისკენ!
რატომ ანტრეპრენერმა?
ანტრეპრენერის მთავარი მოტივაცია ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ ფულის შოვნა? მას ხომ პრობლემის გადაჭრის, ინოვაციური ბიზნესმოდელის დანერგვით ადამიანების დახმარების მოტივაცია ამოძრავებს!
ანტრეპრენერი ხომ შესაძლებლობას ხედავს ყველგან და ყველაფერში! ის ხომ საკუთარ ძალებში დარწმუნებული, შინაგანად თავისუფალი ადამიანია იმის ღრმა რწმენით, რომ მომავალი მხოლოდ მის ხელშია, რომელზეც ის, და მხოლოდ ის, იღებს პასუხისმგებლობას.
ანტრეპრენერი ხომ მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადია ცვლილებებისადმი, რაც დღეს ასე საჭირო და აუცილებელია. მას ხომ შეუძლია იცხოვროს ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოში, და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძოს სვლა დასახული მიზნისაკენ!
ანტრეპრენერს ხომ შეუძლია სწრაფად მოქმედება, სწავლა კეთების პროცესში. მას ხომ ახლის შექმნის, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მოტივაცია ამოძრავებს!
კომფორტის ზონის დატოვებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, და თუ დღეს ყველას გვიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც შეჩვეულ კომფორტზე, შეჩვეულ ცხოვრების წესზე უარის თქმას ნიშნავს, მაშინ სწორედ დღეს ყოფილა საუკეთესო დრო რაიმე ღირებულის შესაქმნელად.
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყოველდღიური გმირობის დროა! ადამიანების, სამყაროს გადარჩენის დროა!
გმირები კი მხოლოდ სირთულეებითა და წინააღმდეგობებით სავსე დროში იბადებიან. წინააღმდეგობები კი კარს უხსნიან შემოქმედებით, ინოვაციურ იდეებს, რაც დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყოველი საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა – შეცვლის ჩემი საქმე ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ?
დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მწარე, მაგრამ აქტუალური კითხვა, რომელიც აქამდე მხოლოდ ილიასეული სატირა გვეგონა:
კაცი ხარ? ადამიანიც?
და თუ კაცებიც ვართ და ადამიანებიც, მაშინ მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, გავძლიერდეთ, შევიცვალოთ უკეთესობისკენ და დავეხმაროთ ადამიანებს, მოვემზადოთ ახალი შესაძლებლობებისთვის, რაც ყველა კრიზისს ახლავს. არც ეს იქნება გამონაკლისი!
მსოფლიო ეკონომიკისთვის კორონავირუსი დამანგრეველი აღმოჩნდა. მაგრამ გვახსოვდეს, რომ დამანგრეველია ინოვაციაც, რომელმაც შესაძლოა შეიწიროს არსებული, მაგრამ დასაბამი მისცეს სრულიად ახალს – უფრო პროგრესულს, უფრო თანამედროვეს, უფრო საჭიროს.
და ისევ იმპერატორ მარკუს ავრელიუსს მოვუსმინოთ, რომელსაც ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც "ფილოსოფოსს, მსოფლიო იმპერიის ტახტზე".
"ცხოვრების ხელოვნება უფრო ბრძოლის ხელოვნებას წააგავს, ვიდრე როკვისას, რადგან მუდმივ მზადყოფნასა და სიმტკიცეს მოითხოვს ყოველივე მოულოდნელისა და გაუთვალისწინებლის მიმართ".
მადლობა, ფილოსოფოსო!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
P.S. Entrepreneur-ის მარტის ნომერი გამოვიდა!
შეიძინე ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე და მიიღე ადგილზე უფასოდ!