საჯარო-კერძო დიალოგის სასწავლო სამდღიანი კურსი USAID-ის პროგრამების ორგანიზებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
29 მარტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ორგანიზებით, დაიწყო საჯარო-კერძო დიალოგის სასწავლო სამდღიანი კურსი ბიზნესის მხარდამჭერი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რეგიონული აქტორების ჩათვლით.
ინიციატივის მიზანია კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლება ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესის ყველა ეტაპზე. ეს გაზრდის ეკონომიკური რეფორმების გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით.
საჯარო-კერძო დიალოგის სასწავლო კურსში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი 32-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებიდან. ესენია: ტურიზმი, ელექტრონული კომერცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ფინანსური ტექნოლოგიები, მსუბუქი მრეწველობა, მყარი ნარჩენების მართვა და სხვა.
საჯარო-კერძო დიალოგის სამდღიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამა მოიცავს: თემატურ სესიებს, რეალურ სიმულაციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს საჯარო-კერძო დიალოგის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევისა და რეფორმების ადვოკატირების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შესახებ.
როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი აღნიშნავს, ეს კურსი მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებებისა, რომლებსაც USAID-ი ახორციელებს. "ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული გრძელვადიანი პროგრამაც, სადაც ბენეფიციარები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების მიმართულებით. კონკრეტულ ასოციაციებს დავეხმარებით ამ დოკუმენტების შემუშავებასა და მათ გამოყენებაში საჯარო სექტორთან დიალოგის პროცესში. ვასწავლით ადვოკატირების ინსტრუმენტებსაც. ეს არის ერთწლიანი პროგრამა ერთი ჯგუფისთვის და ერთწლიანი მეორე ჯგუფისთვის, ჯამში − ორწლიანი პროგრამა. საჯარო-კერძო დიალოგის კურსი კი, ამ ერთი მთლიანი პაკეტის ნაწილია. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამა ინდივიდუალურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მათი ორგანიზაციული გაძლიერების მიზნით. მუშავდება კონკრეტული გეგმები და სტრატეგიები ამ ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მათ ვეხმარებით სხვადასხვა სახის სერვისის დანერგვაშიც. USAID-ის ბენეფიციართა მხრიდან, ძალიან დიდია აქტიურობა იმ რეფორმებში, რომელთა განხორციელებასაც USAID-ი უჭერს მხარს. ჩვენი ბენეფიციარები დიდი ნდობით სარგებლობენ საჯარო სექტორში და გვინდა მათი აქტიურობა კიდევ უფრო გავზარდოთ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დაბალია ჩართულობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში", − აცხადებს ნატალია ბერუაშვილი.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბიზნესგარემოს განვითარების სპეციალისტ ნათია კაციაშვილის თქმით, აღნიშნული კურსი ორიენტირებულია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერებაზე, როგორებიც არიან ბიზნესასოციაციები, სავაჭრო პალატები, კოალიციები, ალიანსები, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები და ისეთი გაერთიანებები, რომლებიც მუშაობენ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. უკეთესმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს ინვესტიციების ზრდა, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში, და შემოსავლების გაზრდა − იქნება ეს კომპანიის, სექტორის თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დონეზე. "ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და პოლიტიკის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი აქვს ხელისუფლებას, თუმცა დემოკრატიულ სისტემებში ხელისუფლება მარტო, დახურულ კარს მიღმა ამ პოლიტიკას არ ქმნის და არც უნდა ქმნიდეს. ჩვენი მიზანია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობისთვის უფრო აქტიური და ეფექტიანი გავხადოთ ბიზნესსექტორი, რომელიც ორგანიზებულია გარკვეული ერთობების სახით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ბიზნესის მხარდამჭერი 32 ორგანიზაციის წარმომადგენელი, თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესასოციაცია, ასევე, მცირე და საშუალო მეწარმეთა გაერთიანებები, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ, იქნება ეს კრეატიული ინდუსტრიების სექტორი, მათ შორის, კინოინდუსტრია, ICT სექტორი, სამშენებლო მასალების წარმოება, ავეჯის წარმოება, ტურიზმი თუ სხვა. თითოეული ამ სექტორის განვითარებას USAID-ის პროგრამები სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ვუწყობთ ხელს, რათა მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება და გაიზარდოს მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში", − აღნიშნავს ნათია კაციაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციებს გადაეცემათ ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ შემუშავებული სპეციალური სახელმძღვანელო − "საჯარო-კერძო დიალოგი და ადვოკატირება: რესურსების გზამკვლევი ორგანიზაციებისთვის".
"ჩვენი მიზანია ამ სამდღიანი კურსის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მათ შორის ასოციაციებს, მივცეთ ცოდნა, უნარები და ინფორმაცია, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება, კვლევის განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზება ხელისუფლებისთვის, კვლევაზე დაფუძნებული და ინფორმირებული დიალოგის გამართვა ხელისუფლებასთან, თუ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების ადვოკატირება", − აცხადებს ნათია კაციაშვილი, − "კერძო სექტორის აქტიურობა, ისევე, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართულობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის. ამ სამდღიანი სასწავლო კურსის შედეგად, ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესის მხარდამჭერი ეს ორგანიზაციები გახდნენ მეტად პროაქტიული, გამოიჩინონ ინიციატივები, შეიმუშაონ მათ სექტორებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტის გზები და რეკომენდაციები; გამართონ უფრო ეფექტური დიალოგი საჯარო სექტორთან ამ რეკომენდაციების გასაზიარებლად. საჯარო-კერძო დიალოგის სასწავლო კურსის ფარგლებში ჩართულნი არიან რეგიონული ასოციაციები და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებიც, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ თემებზე, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ჩართულობის მექანიზმები არსებობს ასევე რეგიონულ თუ თვითმმართველობის დონეზე, და გვინდა ამ კუთხითაც შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ადგილობრივი ორგანიზაციების აქტიურობისთვის".
Entrepreneur დაინტერესდა, როგორია მოლოდინი აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით თავად მონაწილეების მხრიდან და ამისათვის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარეს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და მმართველი საბჭოს წევრ ნატალია კვაჭანტირაძეს ვესაუბრეთ:
"მიმდინარე ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ვინაიდან USAID-ის ორივე პროგრამა ხელს უწყობს ასოციაციების ჭრილში გააძლიეროს მათი ინსტიტუციური შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მე ტურიზმის ინდუსტრიას წარმოვადგენ და საკითხები, რომელზეც ვმსჯელობთ, როგორც ადვოკატირების ნაწილში, ისე საგანმანათლებლო მიმართულებებით ძალიან მნიშვნელოვანია.
კურსის პირველ დღეს განვიხილავთ სექტორში უნარების დახვეწას და გაუმჯობესების თემატიკას, რაც იწვევს იმას, რომ სექტორი ერთობლივად მსჯელობს რა სახის საჭიროებებია უნარების კუთხით ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სექტორის მოლოდინი და რა სახის გამოწვევების წინაშე ვართ გლობალურ რეალობაში. მეორე დღე დაეთმობა ადვოკატირების ინსტრუმენტების შემუშავების საკითხებს, ფოკუს-ჯგუფებში მუშა პროცესს, და ერთობლივად შევჯერდებით მომავალი სამოქმედო გეგმის პრინციპებზე. მთავარი ის გახლავთ, რომ USAID-ის მხარდაჭერით, ჩვენს სექტორს შეგვიძლია გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო სექტორთან და ინსტიტუციებთან, რაც დაეხმარება სექტორს გამოწვევების დაძლევაში.
ჩვენ, როგორც ასოციაცია, ვართ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც შეიქმნა პანდემიის პერიოდში იმ მიზნით, რომ ქვეყნის შიგნით გაგვეძლიერებინა ადვოკატირების საკითხები საჯარო-კერძო დიალოგების ჭრილში. ალიანსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ გაიზარდოს პოპულარიზაცია, გაძლიერდეს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატი და ეს კოლაბორაცია შედეგზე იყოს ორიენტირებული".
აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს, დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia