Get All Access for $5/mo

"სამედიცინო ტექნოლოგიები უფროსკლასელი გოგოებისთვის" - ახალი პროექტი "ალტე უნივერსიტეტისგან"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტი იწყებს პროექტს "სამედიცინო ტექნოლოგიები უფროსკლასელი გოგოებისთვის". პროექტი თბილისის სკოლის მოსწავლე IX-XII კლასელი გოგონებისთვისაა განკუთვნილი და მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პროექტი აშშ-ის საელჩოს Alumni Engagement Innovation Fund-ის დაფინანსებით ხორციელდება საელჩოს გაცვლითი პროექტების კურსდამთავრებულთა გაერთიანების მიერ, რომელსაც მარიამ ჯანჯღავა, დავით ჩეჩელაშვილი და თინა გიორგაძე წარმოადგენენ. პროექტის მასპინძელია ალტე უნივერსიტეტი.

გარდა ამისა, პროექტის პარტნიორები არიან "ტექდრო", "მასწავლებელთა ლაბორატორია" და "ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია".

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 100 მოსწავლე გოგონა. თბილისში არსებული სკოლების IX-XII კლასის 5 გოგონასგან შემდგარმა გუნდმა უნდა გააკეთოს განაცხადი, სადაც უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია თითოეული წევრის გამოცდილებისა და გუნდის მოტივაციის შესახებ. სასურველია, რომ გუნდის ერთ წევრს მაინც ჰქონდეს რაიმე გამოცდილება ელექტრონიკისა და პროგრამირების მიმართულებით.

ასევე, სასურველია, გუნდებმა მიუთითონ რეკომენდაციის გამწევი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ტექნოლოგიებს ან ბიოლოგიას მათსავე სკოლაში. საჭიროების შემთხვევაში "ალტე უნივერსიტეტი" დაუკავშირდება კიდეც რეკომენდატორს.

სარეგისტრაციო ფორმა ივსება გუნდის სახელით, ერთ-ერთი წევრის მიერ. გუნდის წევრები უნდა სწავლობდნენ ერთსა და იმავე სკოლაში, ხოლო უშუალოდ სკოლიდან რამდენიმე გუნდს შეუძლია მონაწილეობა. სულ შეირჩევა ოცი გუნდი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ბიოინჟინერიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს, შეისწავლიან ელექტრონიკის საფუძვლებს არდუინოს საფუძველზე, ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მედიცინაში და მენტორების დახმარებით იმუშავებენ სამედიცინო სატარებელი მოწყობილობების პროტოტიპების შექმნაზე.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება პროტოტიპების გამოფენა, სადაც სამი საუკეთესო გუნდი "ალტე უნივერსიტეტის" პარტნიორებისგან პრიზებს მიიღებს.

პროექტის სამეცნიერო კოორდინატორი, ნანა დიხამინჯია Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაინტერესდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით და შეისწავლონ თანამედროვე მნიშვნელოვანი პროფესიების საფუძვლები. ამაში კი დიდ როლს თამაშობს აშშ-ის საელჩოს პროგრამების კურსდამთავრებულთა ინოვაციების ფონდი. მათი დახმარებით ხორციელდება პროექტები, რომლებითაც შესაძლებელია ქვეყანაში ინოვაციური აზროვნების დანერგვა და განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გადმოტანა.

გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს პროფესიებში მეტი ქალის მოზიდვა და მათი დაინტერესება. ნანას თქმით, სამედიცინო და ბიოლოგიის მიმართულებით საქართველოში ქალი სტუდენტების რაოდენობა კაცებს სჭარბობს. თუმცა, როცა მედიცინა და ბიოლოგია ტექნოლოგიებს უკავშირდება, სხვაობა დრამატულია და, პირიქით, კაცები მნიშვნელოვნად სჭარბობენ ქალებს.

"დღეს სამედიცინო და ბიოტექნოლოგიები აქტიურად ვითარდება და ყველაზე ინვესტირებადი მიმართულებებია. ამ პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ უფროსკლასელმა გოგოებმა შეისწავლონ ბიოტექნოლოგიებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები და თავად იმუშაონ პროტოტიპების შექმნაზე, რაც უბიძგებს მათ, მომავალში ეს პროფესიები აირჩიონ", - ამბობს ის.

ალტე უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, ერთ-ერთ მისიად საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ხედავს და წლიდან წლამდე უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს აკადემიურ საქმიანობაში ჩართული სხვადასხვა რგოლისთვის - მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის. აღნიშნული პროექტიც სწორედ განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს დაინტერესებული პირებისთვის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი