Get All Access for $5/mo

სასამართლო Tesla-სგან მასკის $55 მლრდ კომპენსაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი, კომპანიისგან ხელფასს არ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მას გასამრჯელო ერიცხება, მასკმა დიდი ხანია უარი თქვა მის აღებაზე. ნიშნავს თუ არა, რომ იგი ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებელში ანაზღაურების გარეშე მუშაობს? – 2018 წელს, Tesla-ს დირექტორთა საბჭომ ილონ მასკს საკმაოდ "მსუყე" საკომპენსაციო გეგმა დაუმტკიცა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წარმატების პარალელურად, იგი მილიარდობით დოლარის ანაზღაურებას მიიღებს. აქციონერებმა ეს ფაქტი ნეგატიურად შეაფასეს და ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყეს.

მიმდინარე წლის 3 მაისს, დელავერის შტატის სასამართლომ, Tesla-სგან 2018 წელს დირექტორთა საბჭოს მიერ, ილონ მასკისთვის კომპენსაციის გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

აქციონერებმა, დირექტორთა საბჭოსა და ილონ მასკს, კომპანიის კორპორაციული აქტივების გაფლანგვასა და დაუსაბუთებელ გამდიდრებაში დასდეს ბრალი, რის გამოც შუამდგომლობით ბიზნესარბიტრაჟს მიმართეს.

როგორც ცნობილი გახდა, ილონ მასკს დირექტორთა საბჭოსთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა, რამაც მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა, ხოლო სასამართლო კომპანიისგან მოითხოვს იმ დოკუმენტაციის გასაჯაროებას აქციონერთათვის, რის საფუძველზეც Tesla-მ ასეთი "გულუხვი" საკომპენსაციო გეგმა დაამტკიცა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ჯონათან ჩანგი და ტოდ მარონი (ილონ მასკის პირადი ადვოკატები განქორწინების საკითხებში) ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დირექტორთა საბჭოს საკომპენსაციო კომიტეტთან, რამაც გავლენა იქონია მათ გადაწყვეტილებაზე.

"მასკმა, მარონისა და ჩანგის დახმარებით, თავისი რეპუტაცია, გავლენა და პიროვნული კონტაქტები გამოიყენა საიმისოდ, რომ ანაზღაურების გეგმა კომიტეტის ჩართულობის გარეშე დამტკიცებულიყო", − განაცხადა მოსარჩელე აქციონერების ადვოკატმა, − "მასკმა და მისმა აგენტებმა, კომიტეტს წინასწარ შემუშავებული საკომპენსაციო გეგმა გადასცეს".

მასკის ადვოკატები აცხადებენ, რომ საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილების გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობას ასაბუთებს, უკვე წარდგენილია, ხოლო სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც თავად გენერალური დირექტორისა და კომისიის წევრების ურთიერთობას ეხება, საიდუმლოა და გასაჯაროებას არ საჭიროებს.

მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, გრეგორი ვარალომ, 3 მაისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა, რომ 2018 წელს შეტანილ სარჩელს, დღემდე არ მიუღია პასუხი კითხვაზე: "ვისი იდეა იყო ეს უპრეცედენტოდ მსუყე საკომპენსაციო გეგმა?!"

დელავერის ბიზნესარბიტრაჟის წესების მიხედვით, მოსამართლეები უდიდეს ყურადღებას უთმობენ კორპორაციული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. როგორც წესი, ითვალისწინებენ დირექტორთა შორის რაიმე პირად კონფლიქტს და შესაძლო არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას. მტკიცების ტვირთი, ამ შემთხვევაში, კორპორაციაზეა და მან თავად უნდა დაასაბუთოს, რომ შეთანხმების პირობები და თანხა სამართლიანი და კონკურენტული იყო.

საკომპენსაციო გეგმის მიხედვით, თუკი ელექტრომობილებისა და მზის ბატარეების მწარმოებელი კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციისა და წარმოების ამბიციურ მაჩვენებლებს მიაღწევს, ილონ მასკი მილიარდობით დოლარის გამომუშავებას შეძლებს. გეგმა 12-პუნქტისგან შედგება, რომლებიც კომპანიამ მასკის ხელმძღვანელობით უნდა დააკმაყოფილოს.

თითოეული პუნქტი მოიცავს საბაზრო კაპიტალიზაციის წლიურ 50-მილიარდიან ზრდას და EBITDA-ს სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. მასკის მთლიანი სარგებელი, წარმატებულად შესრულებული გეგმის შემდეგ, $55,8 მილიარდს შეადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ათწლეულის განმავლობაში, Tesla-ს საბაზრო ღირებულება $650 მილიარდს გადააჭარბებს და შემოსავალი და მოგება უპრეცედენტო ნიშნულებს მიუახლოვდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia