სკოლის მერხიდან დაწყებული ბიზნესი და ადამიანების დახმარება, როგორც მთავარი მოტივაცია Halove-ის შემქმნელებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნუცა ნოდია, შოთა ილაშვილი, თეკლა მუხადგვერდელი, რეზო ყაველაშვილი, გიგილო შალიკაშვილი - თბილისის N175 სკოლის ამ ხუთმა მოსწავლემ შექმნა ჭკვიანი ხელთათმანი, რომელიც მეტყველება და სმენადაქვეითებულ ადამიანებს კომუნიკაციაში ეხმარება. მათი პროდუქტი ჟესტების ენას თარგმნის.
HaLove-ზე მუშაობა ერთ-ერთი საგნის - მეწარმეობის - ფარგლებში დაიწყო. ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა ნოდია, Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის ინოვაციური პროდუქტი უნდა წარედგინათ და სწორედ ასე დაიწყეს იდეების ძიება.
"იდეებზე მუშაობის დროს გადავაწყდით ვიდეოს, სადაც სმენა- და მეტყველებადაქვეითებული ადამიანების პრობლემებზე იყო საუბარი. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ჭკვიანი ხელთათმანები, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარებოდა", - ამბობს ნუცა.
Halove-ს ქართულ ბაზარზე კონკურენტები არ ჰყავს - შოთა ილაშვილის თქმით, პროტოტიპები არსებობს, თუმცა საერთაშორისო დონეზე, ისიც რამდენიმე და ქართული პროდუქტი ყველასგან სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა.
გუნდის წევრები იხსენებენ, რომ წამოწყებას დიდი გაბედულებაც სჭირდებოდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შემქმნელებს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, პროგრამირებასა და რობოტიკაში ცოდნა - საკმაოდ მწირი.
"იმდენად მოტივირებული და მიზანდასახულები ვიყავით, რომ ამას არ შეუშლია ხელი, პირიქით, უფრო გავიღრმავეთ ცოდნა და მივიღეთ ახალი გამოცდილებები".
Halove-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მათ მენტორსა და მასწავლებელს მიუძღვის.
"თამარ მორგოშია სულ მხარში გვედგა, გვეხმარებოდა და მოტივაციას გვაძლევდა".
პროდუქტზე მუშაობა საინტერესო, თუმცა გამოწვევით სავსე გზა იყო. როგორც Halove-ის დამფუძნებლები იხსენებენ, ყველაზე რთული პროდუქტის შექმნის პროცესი იყო. აქამდე არსებული ყველა პროდუქტი მხოლოდ პროტოტიპის დონეზე არსებობდა.
სკოლის მოსწავლეთათვის არანაკლებ სირთულეს წარმოადგენდა კვლევებსა და დამხმარე მასალაზე წვდომა, მაგრამ მონდომებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე ახალგაზრდა სტარტაპერები წინ მიიწევენ, ყოველდღიურად მუშაობენ პროდუქტის დახვეწაზე და აუმჯობესებენ მას.
"სირთულეს წარმოადგენდა წარმოებისა და საჭირო აღჭურვილობათა დაფინანსებაც. ჩვენ გაგვიმართლა, რომ თბილისის ტექნოპარკი დაგვეხმარა სამუშაო სივრცითა და ინვენტარით, თუმცა მასალების შეძენა და მათი მოხმარება მაინც სირთულეს წარმოადგენდა", - იხსენებენ დამფუძნებლები.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც, ახალგაზრდების აზრით, დამოუკიდებელმა საქმიანობამ ასწავლათ, შრომის ფასია. Halove-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ საკუთარ პროდუქციაზე მუშაობამ დაანახვა თითოეულ მათგანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიზნის ქონა და იქამდე მისასვლელ გზაზე შრომისმოყვარეობა.
სტარტაპი უკვე არაერთი ჯილდოსა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მათ შორისაა ევროპის სამეწარმეო ფესტივალი Junior Achievement Europe Innovation of the Year, სადაც Halove კომპანია Johnson&Johnson-ის დაწესებული ჯილდოს მფლობელად დასახელდა. ამავდროულად, კომპანიისა და პროდუქტის განვითარების მიზნით, JA Europe-მა სტარტაპი 1000 ევროს ოდენობითაც დააფინანსა.
"გავხდით ათასწლეულების ინოვაციების გამოწვევის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და კომპანია Epam-ის მხარდაჭერით გავემგზავრებით ლიეტუვაში სასწავლო ტრენინგებზე. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კომპანიისა და პროდუქტის განვითარებას", - ამბობენ სტარტაპის დამფუძნებლები.
კითხვაზე, როგორ დაახასიათებდნენ ნამდვილ ანტრეპრენერს, ასე გვპასუხობენ:
"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, იდეა თუ ოცნება და აქვს უნარი, ეს ყველაფერი რეალობად აქციოს. ასეთ ადამიანებს არ აშინებთ დაბრკოლებები და ცდილობენ დასახულ მიზანს დიდი შრომით მიაღწიონ".
Halove-ის დამფუძნებლებს მოტივაციასა და სამუშაო ენერგიას მათივე მიზანი აძლევს. ამბობენ, რომ მეტყველება- და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებათ, როცა ამ ადამიანებს პირადად ხვდებიან და ხედავენ, როგორ შეუძლია მათ პროდუქტს ყველაფრის შეცვლა.
"გავიხსენებთ ჩვენს სტუმრობას 203-ე საჯარო სკოლაში, სადაც შევხვდით სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებს. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გავიაზრეთ არსებული ბარიერები და ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობა", - იხსენებს ნუცა Entrepreneur-თან ინტერვიუში.
ახალგაზრდა ანტრეპრენერების გეგმაში, პირველ რიგში, პროდუქტის განვითარება შედის. ამბობენ, რომ მომხმარებლებთან დაახლოება და პროდუქციის ეფექტურობის გაზრდა სურთ. ახალი 2024 წლიდან უნდათ, რომ სამიზნე ჯგუფებთან უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ და მეტი უკუკავშირი მიიღონ პროდუქტის შესახებ, რათა ხელთათმანი სრულად იყოს ამ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული.
"მათი თითოეული რჩევა და შემოთავაზება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და პროექტის წარმატების გარანტიაა".
გარდა ამისა, Halove-ის შემქმნელები ფინანსების მოზიდვასაც გეგმავენ, რათა კომპანიის ზრდასა და განვითარებაზეც კონცენტრირდნენ.