Join our Waitlist for Expert Advice!

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაბრუნდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად "ექსპო ჯორჯიაში" უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია 24 ივნისს, 11:30 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მიმდებარედ, გარე სივრცეში, მთავარ სცენაზე გაიმართა. სტუმრებს ვიდეო მიმართვით მიესალმა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი. გახსნის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორებმა რუსუდან მოსიძემ, გვანცა ჯობავამ და თინათინ ბერიაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილმა. ღონისძიებაში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა და თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ისრაფილ ქურალაიმ. მოგეხსენებათ, ფესტივალზე 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით იგი 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებს. თუმცა, წელს თურქეთის ფოკუს ქვეყნის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი მცირე დელეგაციით ეწვევა ფესტივალს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებული სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით შეხვდება. პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ტრადიციულ, ფიზიკურ ფორმატს უბრუნდება: 50-ზე მეტი მონაწილე (მათ შორის გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები); 100-მდე ლიტერატურული ღონისძიების 100-ზე მეტი მონაწილე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატორი და ხელოვანი ფესტივალის მთავარ სცენაზე; ტრადიციული, განსაკუთრებული პროგრამა პატარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ საბავშვო სივრცეში ფესტივალის მეგობარ "თიბისისთან" ერთად - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებიც წელს "ექსპო ჯორჯიაში" გელით.

2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და ერთგულ დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინ ღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ.

2021 წელს, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.

რიგით 23-ე ფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, აღნიშნულ ვებ გვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.

ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი