ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. ბანკის პროექტმა "ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად" ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი სწორედ იმ ინიციატივებს ეძღვნებოდა, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-თან საბრძოლველად განახორციელეს.
გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა. ინიციატივის განხორციელება 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის პირველივე ეტაპიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას წინ ბიზნესკლიენეტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. პროექტის მონაწილეებად კი ის კომპანიები შეირჩნენ, რომლებიც ბანკის შესაბამის განაცხადს პირველები გამოეხმაურნენ.
"ეს ჯილდო ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ბუნებრივია, ვამაყობთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებით, თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ ჯილდო მიიღო პროექტმა, რომელიც ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან სრულად გამოხატავს იმ თანადგომასა და პარტნიორობას, რაც ტერაბანკსა და ბიზნესკლიენტებს შორის ზოგადად არსებობს. მოხარულები ვართ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით პანდემიის ზიანის შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ", - აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართულები იყვნენ ტერაბანკის პარტნიორი კომპანიებიც, რომლებმაც ბიზნესკლიენტებს დახმარება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში გაუწიეს. მათთან ურთიერთობა, კონსულტაცია და საქმიანობის სრულყოფაში დახმარება კვლავაც გრძელდება.
Meliora ბიზნესკომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოებს. ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიური აფასებს და გამარჯვებულს საუკეთესო CSR ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით ავლენს. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.