Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თიბისი კონცეპტი გამოფენას, Women of Georgia, Pearls of The Caucasus მასპინძლობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

25 ივლისს 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ნომერში, ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას "Women of Georgia, Pearls of The Caucasus" მასპინძლობს.

პროექტი ნატალი ტუფენკჯიანის ჟან-მარკ ჰოფმანთან კოლაბორაციას წარმოადგენს.

ბოლო ორი წელია რაც ნატალი ტუფენკჯიანი დაკავებულია ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიით და ცდილობს, რომ თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ასახოს. მის ფოტოებში არაერთი მამაცი, თავდადებული, ძლიერი, თუ გულისხმიერი ქალი შეგიძლიათ იხილოთ. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკული უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო.

გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მოგვითხრობენ. თითოეული ფოტო ქალების გამორჩეულ როლს გვახსენებს ქვეყნის აღმშენებლობაში. მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს და გაწეულ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად იყოს საზღვარგარეთ წარმოჩენილი. საქართველოს ისტორია მათთან ერთად და მათ მიერ იწერებოდა, მნიშვნელობა არ აქვს რა პერიოდზე შეიძლება იყოს საუბარი, იქნება ეს საქართველოს დაარსების ეპოქა, წმინდა ნინოს დრო თუ დღევანდელობა.

"Women of Georgia, Pearls of The Caucasus" ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ აგრძელებს მასზე მუშაობას. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია - ტუფენკჯიანი მომავალშიც აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მისი მოდელი ახალგაზრდა ფოტოგრაფი იყო, რომელმაც ნატალის ობიექტივში თავიდან აღმოაჩინა საკუთარი თავი, თავისი ხასიათის ორიგინალური შტრიხები. სწორედ ასე ჩამოყალიბდა ტუფენკჯიანის სწრაფვა და გატაცება პორტრეტული ფოტოგრაფიისადმი; მას შემდეგ, მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს ადამიანების ავთენტიკურობა არსად გამქრალა. წლებია რაც ეს ლტოლვა ნატალი ტუფენკჯიანის თანამგზავრია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - ახალი გამოცდილებებისა და საოცარი აღმოჩენების იმ სამყაროში, რომელიც მისი სათქმელის სხვადასხვა ხერხით გამოსახატად უამრავ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

მახვილმა მზერამ და უშრეტმა ტემპერამენტმა ტუფენკჯიანს მოდის სამყაროშიც გაუკვალა გზა - იგი ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის "Vogue Italia" და საიუველირო ფირმა "Cartier"-სთვის. მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.). როგორც ფოტოგრაფი რომელიც ბუნებრივ განათებაზე მუშაობს, ნატალი ტუფენკჯიანი, გულწრფელობით, კეთილგანწყობითა და თანაგრძნობით ასახავს თავისი მოდელების უშუალობას. ის ვილი რონის სიტყვებს: "ლამაზი სურათი გულით მართული გეომეტრიაა" რეალობაში ასხამს ფრთებს.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institute Frances). გამოფენა გაგრძელდება 4 აგვისტომდე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების