წარმატებული ფრენის შემდეგ, Virgin Galactic-ის $250 000-ის ღირებულების ბილეთები უკვე 600-მა ადამიანმა დაჯავშნა ბილეთები ისეთმა ვარსკვლავებმაც დაჯავშნეს, როგორებიც არიან ტომ ჰენკსი, ლეონარდო დი კაპრიო, ჯასტინ ბიბერი და ლედი გაგა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რიჩარდ ბრენსონმა და მისმა კომპანიამ Virgin Galactic, 11 ივლისს წარმატებული კოსმოსური ფრენა განახორციელა. ეს ცნობილი ბრიტანელი ანტრეპრენერი, და ჯეფ ბეზოსი, რომლის Blue Origin-ის ფრენა 20 ივლისსაა ჩანიშნული, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ არანაირი "მილიარდერების კოსმოსური რბოლა პირველობისათვის" არ არსებობს, თუმცა გუშინდელი წარმატების შემდეგ, კოსმოსური უწონადობის შეგრძნების სურვილი უამრავმა მდიდარმა ადამიანმა გამოთქვა.
კომპანია Virgin Galactic-ის მონაცემებით, $250 000-ის ღირებულების ბილეთები უკვე 600-მა ადამიანმა დაჯავშნა მსოფლიოს 58 ქვეყნიდან. როგორც ცნობილი გახდა, "კოსმოსური ტურისტის" სტატუსის მფლობელთა რიგებს, ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები შეუერთდებიან, როგორებიც არიან ლეონარდო დი კაპრიო, ტომ ჰენკსი, ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი, რასელ ბრენდი, ლედი გაგა, კეტი პერი, ჯასტინ ბიბერი და ეშტონ კაჩერი.
2014 წელს კომპანიამ მოჰავეს უდაბნოში საცდელი რეისი ჩაატარა, რომლის დროსაც რაკეტამ კატასტროფა განიცადა. Space Ship Two-ს ერთი პილოტი დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, Virgin Galactic-ის ჯავშნების რაოდენობა სტაბილურად მზარდია. Reuters-ის ცნობით, ბილეთის ზოგიერთი მფლობელი სანუკვარ კოსმოსურ ფრენას უკვე 15 წელია ელოდება.
მიმდინარე წლის თებერვალში, კოსმოსურმა კომპანიამ, თანხების მოზიდვისა და ადამიანების ჩართულობის გაზრდის მიზნით, კოსმოსური ბილეთების წინასწარი შეძენის კამპანია წამოიწყო. საუბარია $1000-იან დეპოზიტზე, რომელიც ბილეთის საერთო საფასურში შედის და სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა უკან დაბრუნდეს. თავად ბილეთები კი, ბრენსონის 11 ივლისს დაგეგმილი ფრენის შემდეგ გახდებოდა ხელმისაწვდომი. ამ კამპანიამ Virgin Galactic-ს 1000 გამომწერი და ჯამურად 80 მილიონ დოლარად შეფასებული დეპოზიტები მოუტანა. კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ჯორჯ უაიტსაიდსი აცხადებს, რომ კოსმოსური ტურიზმი, როგორც მოგზაურობის დამოუკიდებელი დარგი, სწრაფად გაიზრდება და საშუალოდ, ყოველწლიურად 10-15 მილიარდ დოლარს მოიზიდავს. ამ ეტაპზე, Virgin Galactic წელიწადში 400 რეისის მოწყობას გეგმავს, ხოლო ბორტი 6 მგზავრისა და ორი პილოტისგან იქნება შემდგარი.
ერთი შეხედვით, $250 000 უწონადობაში გატარებული რამდენიმე წუთისთვის შესაძლოა ძვირად მოგეჩვენოთ, თუმცა კომპანია მომავალ ასტრონავტებს რამდენიმე საინტერესო საეგებელსაც სთავაზობს.
2019 წელს გახსნილი კოსმოდრომი Gateway to Space, კოსმოსური ტურისტების ოჯახების მიღებასაც შეძლებს, რომლებიც გაიცნობენ პილოტებსა და რაკეტის ინჟინრებს, ასევე ჩაუტარდებათ გაცნობითი სახის ლექცია.
ბილეთის საფასური Under Armour-ის მიერ ინდივიდუალური შეკვეთით შეკერილ საფრენ კოსტიუმებსაც მოიცავს, ინიციალებითა და ეროვნული დროშებით. ფრენამდე, მონაწილეები გაივლიან ორდღიან ტრენინგს, როგორც საკლასო ოთახში თეორიული ინსტრუქტაჟის, ისე საფრენ სიმულატორში უწონადობის იმიტაციის სახით.
ამ ამაღელვებელი თავგადასავლის პარალელურად, ნიუ-მეხიკოს კოსმოდრომზე ადამიანები მთის ველოსიპედებითა და საჰაერო ბურთებით ულამაზესი პეიზაჟების დათვალიერებასაც შეძლებენ.