წარმატებული კარიერის 10 წელი - მეგი გურგენიძე, კრედო ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ ადამიანებს ერთმანეთთან რაიმე ყველაზე მეტად გვაერთიანებს, ეს სწორედ განვითარების პროცესია, რომელიც დამოუკიდებლად გავიარეთ. არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ვუყუროთ პერსონაჟს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება დამსახურებულ შედეგს.
ეს ჟანრი სწორედ იმიტომ გვიტაცებს, რომ იგი, ძირითადად, წარმატების ისტორიაზეა აგებული. მეგი გურგენიძის ისტორიაც დამოუკიდებლად, დიდი ძალისხმევისა და შემართების ფონზე მიღწეული წარმატების მაგალითია, რომელიც დღეს კრედო ბანკში მუშაობის მე-11 წელს ითვლის.
მეგი გურგენიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის (IBSU) ბიზნესის ფაკულტეტი 2014 წელს დაასრულა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში 1995 წლიდან გამოჩნდა უნიკალური შესაძლებლობით - საქართველოში უმაღლესი განათლების ინგლისურ ენაზე დაუფლების ხელმისაწვდომობით.
ბაკალავრის ხარისხის მიღებისთანავე მეგის მიზნები კარიერულ განვითარებას დაეთმო, რათა შეეძინა პრაქტიკა, განვითარებულიყო და დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევით მიეღწია წარმატებისათვის. კრედო ბანკი კი სწორედ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ამის რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცა - განვადების ოფიცრობიდან დაწყებული კარიერა ჯერ სატელეფონო ცენტრში, შემდეგ მარკეტინგის ოფიცრობით, უფროსი ოფიცრობით გაგრძელდა და 2020 წლიდან მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია დაიკავა. შემდეგ, ბიზნესსკოლა ESM-ის MBA პროგრამით ლიდერშიპის, გაყიდვების, ბიზნესადმინისტრირების და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით აიმაღლა კვალიფიკაცია. ამჟამად კი მეგი ევროპის ბიზნესსკოლის (მარკეტინგის კონფედერაციის - EMC წევრი და წარმომადგენელი ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მინიჭებული CMO ხარისხის მფლობელია და კვლავაც შემართებით განაგრძობს როგორც პროფესიულ, ასევე კარიერულ განვითარებას.
"როგორღაც, ყოველთვის იქ აღმოვჩნდები ხოლმე, სადაც ახალი შესაძლებლობების კარი იხსნება. მიყვარს გამოწვევები, ძალიან დიდ ენერგიას და შემართებას მაძლევს. წარმატებულად გადალახული სირთულეები კი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
სწავლის დასრულების შემდეგ ოჯახს კატეგორიული უარი განვუცხადე ახლობლების კომპანიაში დამეწყო მუშაობა, გულის სიღრმეში ველოდებოდი ისეთი კომპანიის გამოჩენას, რომელიც დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას მომცემდა და ჩემს ყველა კარიერულ სურვილს ამისრულებდა. კრედო ბანკი კი სწორედ ასეთი აღმოჩნდა, ჩემს ირგვლივ ის ადამიანები არიან, რომლებიც ნდობას გიცხადებენ, ქმნიან შესაძლებლობებს და საერთო მიზნამდეც გუნდურად, ერთსულოვნად მივდივართ. ამაყი ვარ, რომ ამ დიდი მიზნების მქონე კომპანიის განვითარებაში მეც ვმონაწილეობ.
წარმატებაა იმის მიღწევა, აკეთო ის, რაც გიყვარს და ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მთავარია გიყვარდეს შენი საქმე, არ დანებდე და არ დაიშურო ძალისხმევა დასახული მიზნის მისაღწევად, იმუშაო საკუთარ თავზე და ეს ყოველივე აუცილებლად დაგიფასდება", - გვიყვება მეგი წარსულ გამოცდილებასა და მომავლის გეგმებზე.