ციფრული ტექ-ფესტივალი atech Restart დასრულდა ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლენილია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
18 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, აჭარაბეთისა და Startup Grind Tbilisi -ის პირველი ერთობლივი პროექტი, ციფრული ტექ-ფესტივალი aTech Restart გაიმართა. ტექ-ფესტივალის თემა "ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან" იყო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ინოვაციური პროექტების კონკურსი, სადაც დარეგისტრირებულ გუნდებს უნდა წარედგინათ იდეა, თუ როგორ შეიძლება გავერთოთ მომავალში ტექნოლოგიების დახმარებით და შეემუშავებინათ ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
ინოვაციური იდეების კონკურსის სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. აჭარაბეთმა 20 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო. სტარტაპ გრაინდი კი გამარჯვებულს წლის რეგიონალურ ღონისძიებაზე პროექტის გამოფენის და საერთაშორისო ინვესტორების წინაშე წარდგენის საშუალებას მისცემს. ჟიურის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში ახალი იდეების განხორციელების, ტექნოლოგიური პლატფორმების, სტარტაპების განვითარების კუთხით დიდი პოტენციალია და იმედოვნებენ, სამომავლოდ კრეატიული და საინტერესო პროექტები შეიქმნება.
გამარჯვებული პროექტები ასე გამოიყურება:
I ადგილი — Inception
გუნდის წევრები: ლუკა კაკაბაძე, სანდრო თავართქილაძე, გიორგი გედიანიძე
Inception ვირტუალური სივრცეა, სადაც არტისტებს შეუძლიათ თავიანთი მუსიკა დაუკრან, ხოლო დამსწრეებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად გაერთონ, მოუსმინონ მუსიკას და ა.შ. გუნდმა საპრიზო ფონდიდან 10 000 ლარი მიიღო.
II ადგილი — 4°C
გუნდის წევრები: ზვიად ბიბილაშვილი, ალექსანდრე თექთუმანიძე, დემეტრე ჩალიგავა
ინოვაციური იდეა 4°C გულისხმობს სხვადასხვა თამაშის ტვინის იმპულსებით წარმართვას. ამ თამაშით, ადამიანები შეძლებენ გამოიმუშავონ კონცენტრაცია და გონების კონტროლის უნარი. გუნდმა საპრიზო ფონდიდან 6,000 ლარი მიიღო.
III ადგილი — Cyber Mirror
გუნდის წევრები: მარიამ გოჩიაშვილი, თამთა პაპუკაშვილი, დათო სამნიაშვილი, თემურ ჩიჩუა
"გახდი უკვდავი და გაერთე" ესაა Cyber Mirror-ის მოწოდება. Cyber Mirror თქვენი ციფრული ასისტენტი და კომპანიონია, რომელიც ცდილობს, გაგიცნოთ და გაგიგოთ. ის გისმენს, გესაუბრება, გეთამაშება, ეცნობა შენს გემოვნებას და შემდეგ შენი ქცევების სიმულაციას და მსგავსი იდეებისა და ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან შენს დაკავშირებას ახერხებს. გუნდმა საპრიზო ფონდიდან 4,000 ლარი მიიღო.
IV ადგილი - Keep Up
გუნდის წევრები: გიორგი ლატარია, დავით გადელია, გიორგი ცინცაძე, ცოტნე ცინცაძე - პროექტის ავტორებს აჭარაბეთისგან 1,000 ლარი გადაეცა
კონკურსის გარდა, ფესტივალის პირველ და მეორე დღეს, დამსწრეების წინაშე 12 მომხსენებელი წარდგა:
- მარკ რეინ-ჰაგენი — სინერგიული სთორითელინგი: კრეატიული სოციალური გეიმინგი 2.0
- ემი პეკი — მომავალი არ გაშუქდება: ჩვენი მომავლის ვირტუალური, შეცვლილი და შერეული რეალობა
- ზურა ჯიშკარიანი — ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია
- დავით ჩეჩელაშვილი — გართობის ინდუსტრიის მომავალი
- სოფიო გაჩეჩილაძე — მომხმარებლის გამოცდილება - ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის
- ლაშა ჯოჯუა — NOOPS & RPA
- გიორგი ტაბიძე — ქსელური ეფექტების გამოყენება ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებში
- ირაკლი მიქიაშვილი — როგორ ვითამაშოთ კარიერაში
- არჩილ ვარშანიძე — MVP - Most Valuable in Product
- ვახო მდივანი — მარკეტინგის გემიფიკაცია
- ირაკლი დავარაშვილი — პირველი ქართული ინტერაქტიული კინო - თამაში
- კოტე ხუციშვილი — გუნდის კმაყოფილება, როგორც საუკეთესო შედეგების წინაპირობა
ფესტივალი ციფრულ ფორმატში ტარდებოდა და 21 ივნისს დასრულდა. აჭარაბეთის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციურ პროექტებსა და სტარტაპებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებენ.