Get All Access for $5/mo

Twitter-ის და ილონ მასკის სასამართლო დავა 6 ოქტომბერს ჩაინიშნა ილონ მასკი $44 მილიარდიანი გარიგების გაუქმებას ცდილობდა Twitter-თან, რის გამოც სოც.მედია გიგანტმა მის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასამართლო პროცესი, Twitter-სა და ილონ მასკს შორის 6-7 ოქტომბრამდე გადაიდო. ჩვენებების მიცემა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმაც გადადო. ამჟამად, მედია კომპანია ცდილობს, მილიარდერი აიძულოს თავისი $44 მილიარდიანი შეთანხმება შეასრულოს და საბოლოოდ შეიძინოს Twitter, რაზეც იგი უარს აცხადებს.

მასკი და Twitter მომავალ თვეში წარდგებიან სასამართლო პროცესზე, რომლის ზედამხედველი კანცლერი კეტლინ მაკკორმიკი იქნება. უნდა ითქვას, რომ იგი არ არის აღფრთოვანებული მასკის გამოსვლებით, რომლებმაც ორ მხარეს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

Twitter-ზე თვის დასაწყისში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც მაკკორმიკის არც თუ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ადასტურებდა მასკის მოთხოვნების მიმართ, იგი არც მის სურვილს იწონებდა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ.

Twitter-ის აქციონერებმა ილონ მასკის შეთავაზებას დოკუმენტების გამოქვეყნებამდე მისცეს ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი მასკსა და Twitter-ს შორის ოქტომბერში გაგრძელდება, თუმცა, მასკს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სასამართლო მას შეთანხმების შეწყვეტის საშუალებას მისცემს.

აქციონერების მართლაც გასაოცარი განაცხადი Twitter-ის მამხილებლის და კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აღმასრულებლის, პეიტერ ზატკოს ჩვენების მიცემას მოჰყვა კონგრესის წინაშე.

მასკის იურიდიულმა გუნდმა Twitter-ს ზატკოს ჩვენებამდე გაუგზავნა წერილი, და განუმარტა, რომ ზატკოს ბრალდებები იყო საფუძველი Twitter-ის სავარაუდო შესყიდვის შესაწყვეტად.

ზატკომ აგვისტოში 84 გვერდიანი საჩივარი დაწერა კომპანიის წინააღმდეგ, ირწმუნებოდა, რომ Twitter-ს შეცდომაში შეჰყავდა მარეგულირებლები იმით, რომ არ გააჩნდა სპამ ანგარიშებისა და ბოტებისგან დასაცავი საიმედო გეგმა. ამასთან ერთად, კომპანია ყალბი ანგარიშების მოცილების ნაცვლად, უფრო მეტად მომხმარებელთა საერთო ზრდაზე ზრუნავდა. მასკი ამტკიცებს, რომ თუ ზატკოს მიერ წამოყენებული ბრალდებები დამტკიცდება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ Twitter-მა შეთანხმების გარკვეული პუნქტები დაარღვია. კერძოდ, მასკმა Twitter-ს ზუსტი მონაცემები და მეთოდოლოგია მოსთხოვა იმის დასადგენად, Twitter-ის რამდენი მომხმარებელი იყო სპამი და ბოტი.

მასკმა ზატკოც გამოიძახა თავის სასამართლო პროცესზე Twitter-ის წინააღმდეგ, ისევე როგორც Twitter-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი.

დორსის რამდენიმე დოკუმენტის გადაცემა სთხოვეს მომავალი სასამართლო პროცესისთვის, მათ შორისაა, ინფორმაცია Twitter-ის შიდა მაჩვენებლების შესახებ, მასკის ხელშეკრულება და ამასთან ერთად, ინფორმაცია სპამ და ყალბი ბოტების ანგარიშებზე.

გაურკვეველია, რა ინფორმაციის მიღების იმედი აქვს მასკს დორსისგან, მაგრამ უდავოა, რომ იგი ნამდვილად სკანდალური იქნება. დორსიმ თავისი "ტვიტების" სერიით ჯერ კიდევ აპრილში დაუჭირა მხარი მასკის გადაწყვეტილებას Twitter-ის შეძენის შესახებ.

"ილონი ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც ვენდობი. მე მის მისიას ვენდობი ცნობიერების გაფართოების შესახებ" - წერდა დორსი, - "ილონის მიზანი მაქსიმალურად სანდო და ინკლუზიური პლატფორმის შექმნაა და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა".

გასულ კვირას, მოსამართლემ დაადგინა, რომ Twitter-ს მასკისთვის უნდა გადაეცა ყოფილი აღმასრულებლის დოკუმენტები, რადგან სამართლებრივი ბრძოლა უფრო დაიძაბა. მასკმა მიზეზიც დაასახელა, თუ რატომ ცდილობდა უარის თქმას თავის $44 მილიარდიან შეთავაზებაზე. კერძოდ, Twitter-ის უუნარობა მისთვის ზუსტი მონაცემები მიეწოდებინა, რამდენი ანგარიში იყო პლატფორმაზე ბოტი და სპამი.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, Twitter-მა კაივონ ბაიკპურის, კომპანიის სამომხმარებლო პროდუქტების ყოფილი გენერალური მენეჯერის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, რომელმაც სპამ ანგარიშებზე შეადგინა დოკუმენტი.

თვის დასაწყისში მასკმა კვლავ შეიცვალა ტონი, მისი "ტვიტების" სერიამ აჩვენა, რომ სწორი გარემოებების შემთხვევაში გარიგება შეიძლება გაგრძელებულიყო. მან უპასუხა "ტვიტს", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Twitter-მა "ყალბი მონაცემების ნაკრები" გამოიყენა პლატფორმაზე სპამი და ბოტის ანგარიშების დასადგენად და თქვა, რომ "გარიგება გაგრძელდება", თუ Twitter მასკისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეძლებდა.

"თუ Twitter 100 ანგარიშის შერჩევის მეთოდს წარმოადგენს და დაადასტურებს, რომ ისინი რეალურია, გარიგება თავდაპირველი პირობებით გაგრძელდება", - წერს მასკი, -"თუმცა, თუ აღმოჩნდება, რომ მათი დოკუმენტები ყალბია, მაშინ არ უნდა გაგრძელდეს. დაე პარაგ აგრავალმა (Twitter-ის გენერალური დირექტორი) "საჯარო დებატებში" დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ Twitter-ს 5%-ზე ნაკლები ყალბი ან სპამ ყოველდღიური მომხმარებლები ჰყავს".

ილონ მასკსა და Twitter-ს შორის იურიდიული ბრძოლა მაშინ დაიძაბა, როდესაც აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებულმა სასამართლოს ახალმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ კომპანიამ Morgan Stanley-დან და სხვა ბანკებიდან გამოითხოვა ჩანაწერები, ამასთან ერთად, მასკის მრჩევლებსაც დაუკავშირდა, რომ ისინი თავის სასამართლო პროცესზე მილიარდერის წინააღმდეგ გამოეყენებინა. Bank of America, Barclays, BNP Paribas და Citigroup იმ მრავალ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არიან, რომლებსაც Twitter-მა მიმართა მასკის და ბანკების ურთიერთობისთვის ნათელის მოსაფენად. მათ ასევე ინფორმაციის მიღება სურდათ, დისკუსიის თაობაზე, Twitter-ის შეძენა გავლენას ხომ არ მოახდენდა Tesla-ს აქციების ფასზე, სადაც მასკი აღმასრულებელი დირექტორია.

19 ივლისს მოსამართლემ Twitter-ის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, სასამართლო პროცესი დააჩქარა და 2022 წლის ოქტომბერს ჩანიშნა. მასკი სასამართლო პროცესის გამართვას 2023 წლის თებერვალში მოითხოვდა, მას მეტი დრო სურდა სპამ და ბოტ ანგარიშების შესახებ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად და ამტკიცებდა, რომ 7 თვე აუცილებელი იყო ფართო კვლევის ჩასატარებლად.

დელავერის სასამართლოს კანცლერმა კეტლინ მაკკორმიკმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის გადადება "გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა Twitter-ს". სასამართლო პროცესი დანიშნულია და იგი ხუთი დღე გაგრძელდება.

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ის შეძენის სურვილი გამოთქვა $44 მილიარდად, უამრავი საკამათო გამოკითხვები ჩატარდა Twitter-ში, კორპორაციული შეკრებები და ომიც იყო სპამ ანგარიშებსა და ბოტებთან. მასკი გარიგებიდან გავიდა და ამიტომ Twitter მას დელავერის შტატის კანცელარიის სასამართლოში უჩივის, რათა შეთანხმების შესრულება აიძულოს 12 ივლისით დათარიღებული დოკუმენტების შესაბამისად.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia