Get All Access for $5/mo

USAID-ის ბენეფიციარ მეწარმე ქალთა ბაზარი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების 30-წლიანი მხარდაჭერა ინტერვიუ USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ მარიკა ოლსონთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იცნობს USAID-ის, აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერილ მისიას, რომლის ფუნქცია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. უკვე 30 წელია საქართველოში USAID ადგილობრივი საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის კონსოლიდაციის გზით აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი განვითარების არაერთი მიმართულებით.

მიმდინარე 2022 წელს, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღინიშნა. ერთ-ერთი ასეთია 6 მარტს განხორციელებული "100 მეწარმე ქალის ბაზარი", რომელშიც USAID-ის სამი პროგრამის ბენეფიციარმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა და საზოგადოებას თავიანთი თავდაუზოგავი შრომის პროდუქტი წარუდგენენ.

კონკრეტულად ამ ღონისძიებისა და საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ, Entrepreneur USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარიკა ოლსონს ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ გვიამბოთ აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის შესახებ. რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის, რა მოუტანა ამან საქართველოს და რას მოუტანს მომავალში?
2022 წლის იანვარში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა, კარგად აღწერა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როდესაც განაცხადა, რომ "სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ საერთო ხედვაზე − საქართველო სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი გახდეს". 1992 წლიდან აშშ-ის მთავრობამ საქართველოს მხარდასაჭერად ჯამურად $6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამ დახმარებით მოხდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა. ცხადია, საუბარია იმ ძალისხმევაზეც, რომელიც გაცილებით ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად არის აუცილებელი და საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ყველა ეს ღონისძიება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

USAID-მა დიდი წვლილი შეიტანა ამ პარტნიორობაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. თავდაპირველად ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევდით საქართველოს, რათა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების საშუალება ჰქონოდა. ბოლო წლებში USAID-მა ყურადღება ისეთ მხარდაჭერაზე გაამახვილა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას გახდეს უფრო მდგრადი გარე მავნე ზეგავლენის მიმართ, ჩამოყალიბდეს ქვეყანაში უფრო წარმომადგენლობითი დემოკრატია და ეკონომიკურმა ზრდამ სტაბილური, ხელსაყრელი დასაქმების შესაძლებლობა შეუქმნას მოსახლეობას. წლებთან ერთად ჩვენი პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

რაც შეეხება მომავლის პერსპექტივებს, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან, მოქალაქეებთან და კერძო სექტორთან პარტნიორობას, ქართული საწარმოების გასაძლიერებლად, გამჭვირვალე, სხვადასხვა სახის ინვესტიციის მოსაზიდად ეკონომიკაში და სტაბილური, ხელსაყრელი დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად. გარდა ამისა, ენერგიის წარმოებასა და ბაზრებზე ინოვაციების მხარდაჭერას ვახორციელებთ, რაც უზრუნველყოფს ე.წ. მწვანე და მდგრად მომავალს და პასუხობს როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე კლიმატის საჭიროებებს.

6 მარტის "100 მეწარმე ქალის ბაზარი" ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის არაჩვეულებრივი მაგალითია აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან. გთხოვთ, ვრცლად გვიამბოთ ამ ღონისძიებისა და ანტრეპრენერი ქალების როლის შესახებ საქართველოში.
"100 მეწარმე ქალის ბაზარზე" ის ქალები არიან წარმოდგენილნი, რომლებმაც ტრენინგი გაიარეს და აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფარგლებში მიიღეს საჭირო რესურსები. ეს აშკარა დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ-ის მთავრობა ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართველი მეწარმე ქალები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, ბიზნესის გაფართოებისას ხშირად აწყდებიან სირთულეებს ფინანსური მომზადებისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო.

აშშ-ის სამთავრობო პროგრამები სწორედ ამ სფეროში უზრუნველყოფს მომზადებას, რომელიც მეწარმეებს ბიზნესგეგმების შემუშავებაში, თავიანთი პროდუქციის გაუმჯობესებაში და ბაზარზე წვდომის გაფართოებაში უწყობს ხელს. ამ ბაზრის მსგავს ღონისძიებებზე მეწარმე ქალებს თავიანთი მრავალფეროვანი პროდუქციის გაყიდვისა და კოლეგებთან, სხვა მეწარმეთა ქსელთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები აქვთ.

USAID მხარს უჭერს ამ ბაზარს და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია აშშ-ის მთავრობის ფართო სტრატეგიის, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და უფრო დინამიკური და ინკლუზიური ეკონომიკის შეიქმნას ქვეყანაში.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად?
ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი საზოგადოების წარმატებისთვის − როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. უდავოა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმება და ანტრეპრენერული შესაძლებლობები ქალებს საშუალებას აძლევს უკეთესი საარსებო პირობები შექმნან საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეკონომიკურად ძლიერი ქალები უფრო დიდი ალბათობით მიიღებენ მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში და დემოკრატიულ პროცესებში, ეყოლებათ შვილები, რომლებსაც გადასცემენ დემოკრატიულ ღირებულებებს და რომლებიც უმაღლესი განათლებისა და უკეთესი სამსახურის მიღებას შეძლებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მცხოვრებ ქალთა პროფესიულ რეალიზებას, რათა ქვეყანამ მოახერხოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და მდგრად, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნად გარდაქმნა.

რა ძირითადი გამოწვევებია დღეს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით? როგორ დაეხმარა და ეხმარება USAID მათ ამ პრობლემების მოგვარებაში?
სამწუხაროდ, ქალები საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. თუმცა გადაულახავი არაფერია. ერთ-ერთი პირველი პრობლემა, ბიზნესისა და ფინანსების ცოდნაა, კერძოდ, თუ როგორ უნდა დაგეგმო, მართო ბიზნესი და მართო ფინანსები გრძელვადიან პერსპექტივაში. ბიზნესის წარმართვის რესურსებიც პრობლემას ქმნის. ტრადიციულად ოჯახში აქტივებს მამაკაცები აკონტროლებენ, რაც ქალებს ფინანსებთან წვდომის სირთულეებს უქმნის. აღსანიშნავია არახელსაყრელი საპროცენტო განაკვეთები და სხვა მეწარმეებთან ურთიერთობის დამყარების პრობლემებიც.

USAID უპირისპირდება ამ გამოწვევებს ისეთი პირდაპირი მხარდაჭერით, როგორიცაა დაფინანსება, ტრენინგი და კავშირების დამყარების შესაძლებლობები. პროგრამა USAID YES-Georgia, რომელიც ჩვენი მთავარი მიმართულებაა მეწარმე ქალებისთვის, 2024 წლისთვის 2600-ზე მეტ ქალს დაეხმარება. ამასთანავე, კერძო სექტორთანაც ვთანამშრომლობთ პროფესიული ტრენინგების პროგრამების შესაქმნელად, რომლებიც მომგებიანი დასაქმების პრობლემაზეა მიმართული საქართველოს ეკონომიკის მრავალ სექტორში. პროგრამა ქვეყნის 5000 მოქალაქეს დაეხმარება ტრენინგის გავლაში. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ქალებზეა გამახვილებული და მათთვის უკეთესი სამსახურის უზრუნველყოფის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

USAID-ის რომელ პროგრამებს გამოარჩევდით, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს საქართველოსთვის?
ამჟამად, USAID 30-ზე მეტ პროგრამას აფინანსებს, რათა დაეხმაროს საქართველოს, გახდეს გარე მავნე ზეგავლენისადმი მდგრადი, შექმნას მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატია და მიაღწიოს უფრო ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ყველა ეს მიზანი ერთობლივად უნდა იქნას მიღწეული. მეტიც − USAID-ის პროგრამების წარმატება საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისა და კერძო სექტორის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. არ შემიძლია გამორჩეული ან ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამის დასახელება, მაგრამ მჯერა, რომ USAID-ის ყველა პროგრამა ერთობლივად უწყობს ხელს საქართველოს მოქნილ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნად ფორმირებას.

რას იტყოდით საქართველოში საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების სინერგიის შესახებ? სად ვართ ახლა და როგორია გრძელვადიანი პერსპექტივები?
პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ზრუნვა USAID-ის სტრატეგიის ძირითადი ელემენტია. სწორედ პარტნიორობაა მნიშვნელოვანი განვითარებაში მდგრადი შედეგების მისაღწევად. ჩვენ დიდ სინერგიას ვხედავთ საქართველოს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის. ეს აშკარად ჩანს ბოლო წლებში გაზრდილი და გაღრმავებული პარტნიორობიდანაც. ჩვენ კერძო სექტორთან თანამშრომლობით $10 მილიონის ინვესტიცია მოვიზიდეთ ახალ ბიზნესებში და $15 მილიონზე მეტის მობილიზება მოვახდინეთ კერძო სექტორში. ეს ინვესტიციები ემსახურება საქართველოს განვითარებას, მათ შორის − სოფლის თემების მდგრადობას.

გასული წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორების რაოდენობა კერძო სექტორში 17-დან 28-მდე გაიზარდა. ამან ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უფრო მეტი საჯარო და კერძო პარტნიორების რესურსების მობილიზების შესაძლებლობა შექმნა.

ჩვენ ვხედავთ რამდენად გაიზარდა ინტერესი და რამდენად აქტიურად ცდილობს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი, თავიანთი ძალისხმევის გაერთიანებას და საერთო ინტერესებისთვის თანამშრომლობას. ჩვენი პარტნიორობის მაგალითებია სოფლის მეურნეობის განვითარებაში, პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურიზმის აღდგენისა და ელექტრონული კომერციისთვის ბიზნესპოტენციალის გაძლიერების საკითხებშიც. იმედია ეს ტენდენცია გაგრძელდება და საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწევს ქვეყნის განვითარების საქმეში.

როგორია USAID/საქართველოს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?
USAID სხვადასხვა სექტორში მუშაობს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და ენერგეტიკაში. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ახალი ძალისხმევა მოვახმარეთ მდგრად, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგეტიკას და ფართომასშტაბიან ინიციატივებს კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული მომზადების საშუალებით უმუშევრობის დონის შესამცირებლად. ასევე, გვაქვს პროგრამები, რომლებიც განათლების გზით ეხმარება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მხარს უჭერს საქართველოში უფრო შეკრული, ინტეგრირებული საზოგადოების განვითარებას. ჩვენი უცვლელი მისიაა ვითანამშრომლოთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან, იმ გარემოს შესაქმნელად, რომელიც ბიზნესსა და დასაქმებულებს წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!