Get All Access for $5/mo

USAID-ის პროექტ YES-Georgia-ს ბენეფიციართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საახალწლო სამზადისი, საჩუქრების შერჩევა, მათი გაზიარება და სიახლეების ამაღელვებელი მოლოდინი, ამ საყოველთაო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილებია. ყველა − დიდი თუ პატარა, განსაკუთრებულად ველით ახალი წლის შემობრძანებას, ხოლო ბიზნესსაზოგადოება ჩვენთვის ყოველ წელს გამორჩეული და ემოციური სიახლეების შემოთავაზებას ცდილობს.

პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, არც წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი ყოფილა გამონაკლისი და 2021 წლის 5 დეკემბერს თბილისში, დედაენის პარკში USAID საქართველოს ბენეფიციარებმა მასშტაბური საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გამართეს, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 90-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებმა, დედაენის პარკში მისულ სტუმრებს უამრავი საინტერესო, ხელნაკეთი სასაჩუქრე პროდუქცია წარუდგინეს, როგორიც იყო: ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები, ტყავისა და თექის ნაწარმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (თაფლი, ჩურჩხელა, ჩირი, რძის ნაწარმი, და ა.შ.), ქართული ღვინო, ფერწერის ნიმუშები, დეკორაციები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მცენარეები, ჩანთები, თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები და სხვა.

როგორც წესი, მსგავსი გამოფენების მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეების პროფესიულ ზრდას, გააღრმაოს მათი საქმიანი ურთიერთობები და გააცნოს ისინი საზოგადოებას. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობას USAID საქართველოს მისიისა და მისი საქმიანობის შესახებ საქართველოში. საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრები გაეცნენ USAID-ის ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიცაა: საქართველოში ახალგაზრდებისა და ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის (USAID YES-Georgia), ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები.Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ საახალწლო გამოფენა-გაყიდვის მონაწილე USAID YES-Georgia-ის ბენეფიციარები, რომლების წელს პროდუქციის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით იყვნენ წარმოდგენილი.

5 დეკემბერს დედაენის პარკში მისული სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა ფერად-ფერად კარვებს, საქანელებს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარს, რომელთა მთავარი შემოქმედი ბრენდ "კარაველას" დამფუძნებელი ბარბარე გალდავა გახლავთ.

ეს საბავშვო ბრენდი უკვე 4 წელია რაც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და განვითარებას არ წყვეტს. "ჩვენი ბრენდის მიზანი პატარების ბედნიერებაში წვლილის შეტანაა, მათთვის საოცნებო საჩუქრების დამზადება და ბავშვობის გახალისება. კარავი და საქანელა ბავშვის აღზრდა-განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, სენსორულ საქანელაზე დღეში 15 წუთი ქანაობა თავის ტვინზე დადებით გავლენას ახდენს, ხოლო პირადი სივრცის მოწყობა და გამოგონილი თამაშები ბავშვის კრეატიულ უნარებს ავითარებს და მას დამოუკიდებლობას აჩვევს. ვგეგმავთ გაფართოებას და ჩვენი პროდუქციის კიდევ უფრო დახვეწას", − აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

როგორც "კარაველაში" აცხადებენ, საახალწლოდ მათი სახელოსნო ყოველთვის ძალიან დატვირთულია. "როგორც წესი, კარვებსა და საქანელებს 1 კვირის ვადაში ვამზადებთ, მაგრამ წლის ამ დროს შეკვეთებს წინასწარ ვიღებთ. ახალ წელს განსაკუთრებით აქტუალურია კარვის ჩუქება, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ გული არავის დავწყვიტოთ და ყველა შეკვეთა მოვასწროთ. ახალი წლიდან კი ახალი ძალებით გავაგრძელებთ საქმიანობას", − ამბობს ბარბარე გალდავა.

"კარაველასთვის" საახალწლო გამოფენა-გაყიდვა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. საახალწლო საჩუქრების მაძიებელმა სტუმრებმა, ბრენდის არაერთი ჩანთა, მაისური თუ წინსაფარი გაიყოლეს ბავშვების გულის გასახარად. "ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარ მომხმარებლებთან პირისპირ შეხვედრა. ამ ეტაპზე მაღაზია არ გვაქვს, სახელოსნო გვაქვს და ხშირად შეკვეთებს კურიერის მეშვეობით ვგზავნით, ასე რომ გამოფენა-გაყიდვა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიხილეთ ძველი მომხმარებლები, მივიღეთ მათგან დადებითი უკუკავშირი და მხარდაჭერა, გავიცანით ახალი ადამიანები, რომლებიც ჩვენი მომავალი მომხმარებლები გახდებიან. ბევრი მათგანი გვცნობდა შორიდან, თუმცა ადგილზე ხილვით უკეთ გაგვიცნეს", − აღნიშნავს "კარაველას" დამფუძნებელი, − "YES-Georgia ძალიან დაეხმარა ჩვენს ბრენდს გაცილებით ცნობადი გამხდარიყო და მომხმარებელს ჩვენი ხელნაკეთი ნივთების შეძენა გაადვილებოდათ. მოგვეცა თავდაჯერება მეტი და უკეთ ვაკეთოთ, და სტიმული, რომ არ გავჩერდეთ".

ბარბარეს თქმით, "კარაველა" მუდმივ ძიებაში და პროდუქციის გაუმჯობესების პროცესში იმყოფება. ბრენდი სამომავლოდ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში შოურუმების გახსნას, პატარებისთვის მასტერკლასების მოწყობას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი მონაწილე სოფო გოგინაშვილი და მისი მიკროსაწარმო "ხემსი" გახლდათ, რომელიც ქართული ნატურალური ჩირის წარმოებას 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს. "ხემსის" პროდუქტი ძირითადად ხელით, დანადგარების მინიმალური ჩართულობით მზადდება, არ შეიცავს შაქარსა და სხვადასხვა დანამატს და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება.

როგორც სოფო გვიამბობს, "ხემსი" მომხმარებლებს საახალწლოდ ჩირისა და ჩურჩხელების მსუყე და ლამაზ სასაჩუქრე კოლოფებს სთავაზობს. ეს ყუთები უკვე ხელმისაწვდომია საცალო გაყიდვისთვის და პარალელურად, მიმდინარეობს მზადება კორპორაციული შეკვეთებისთვისაც.

"საახალწლო გამოფენა-გაყიდვა დიდი გამოცდილებაა, მით უმეტეს − დამწყები მეწარმეებისთვის. საშუალება გვეძლევა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ პროდუქცია, მომხმარებლის თვალით შევაფასოთ ჩვენი ნაწარმი, ვისწავლოთ თუ რას ვაკეთებთ კარგად და რაზე გვაქვს სამუშაო, ამასთან, შეგვიძლია სხვა მეწარმეებს გავუზიაროთ გამოცდილება და დავამყაროთ ახალი კონტაქტები, მათ შორის, მომავალ პარტნიორებთანაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შინ ახალი ხედვით და მიზნებით დავბრუნდი, რაც ძალიან მახარებს", − გვიამბობს სოფო გოგინაშვილი, − "USAID YES-Georgia მუდმივად ზრუნავს ჩემი ბიზნესის განვითარებისათვის, ყოველთვის მაძლევს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. პროექტის მიერ ორგანიზებული ყოველი ახალი გამოფენა-გაყიდვა ჩემთვის უფრო და უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიულია".

"ხემსი" მომავალი წლიდან წარმოების გაორმაგებას და ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე მეტი მომხმარებლის გულის მოგებას გეგმავს, რის საფუძველსაც კმაყოფილი მომხმარებლების მზარდი რაოდენობა იძლევა.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა USAID YES-Georgia-ს კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა "ხმა" და მისმა დამფუძნებელმა, ხატია მათიკოშვილმა მიიღო. როგორც თავად ხატია გვიამბობს: "ბრენდი პანდემიის პირობებში დაიბადა და უამრავი სირთულის მიუხედავად მომხმარებლებამდე მნიშვნელოვანი ღირებულებებით და იდეებით მივიდა. ბაზარზე ჯერ ახლები ვართ, თუმცა გვაქვს ამბიციური მიზნები და გვინდა კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ"."ხმა" აქტიურ საახალწლო სამზადისშია და ამ სასიამოვნოდ დატვირთულ პერიოდში, ბრენდმა არაერთი სიახლე მოუმზადა მომხმარებელს. დაემატა მამაკაცის ახალი ხაზი და ინოვაციური დიზაინერული გადაწყვეტა; სამოსზე დატანილი QR-კოდები, რომლებიც სხვადასხვა შინაარსის გზავნილს ატარებს და საინტერესო სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის.

"გამოფენაში მონაწილეობა პირველად მივიღე და მთელი დღის განმავლობაში შთაბეჭდილებებით ვიყავი დახუნძლული. პროდუქტის რეალიზებაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის ურთიერთობები, ემოციების გაცვლა/გაზიარება და "ნეთვორქინგი" იყო, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა გამოფენა. თითქოს ყველაფერი ფერადი და შობასავით ჯადოსნური იყო", − აღნიშნავს ხატია მათიკოშვილი, − "YES-Georgia ჩემთვის არ არის მხოლოდ პროექტი. ის, რომ ვარ USAID-ისა და ფონდ "კრისტალის" ბენეფიციარი, არის სტატუსი და პასუხისმგებლობა. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და მადლიერი ვარ, რომ მეწარმეებს აძლევენ შესაძლებლობასა და რესურსებს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის".

"ხმა" უახლოეს მომავალში გეგმავს გასცდეს ონლაინსივრცეს და მომხმარებელს ფიზიკურ სივრცეში შესთავაზოს პროდუქცია. "გამოფენა-გაყიდვამ დამანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ურთიერთობა მომხმარებელთან, განსაკუთრებით ტანსაცმლის ბიზნესში. ამისთვის კი, საჭიროა კიდევ უფრო მეტი პროდუქტის წარმოება, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია", − ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო YES-Georgia-ს ბენეფიციარი, საინტერესო ისტორიის მქონე ბრენდი "უშაროც" და მისი დამფუძნებელი − გიორგი სეხნიაიძე, რომელიც საკუთარ წამოწყებაზე გვიამბობს: "პატარა თუშურ სოფელ შენაქოში ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობა წინაპრების ისტორიულ ციხე-სახლში ბიზნესად 2016 წელს ვაქციეთ და ბაზარზე "უშაროს" სახელით გამოვიტანეთ. თავდაპირველად შემოვიფარგლებოდით მხოლოდ სამი სახის ბალახეული ჩაით, შემდეგ დავამატეთ მურაბები, სანელებლები. დღესდღეობით 10-მდე დასახელების პროდუქცია გვაქვს. ბრენდის ორიენტირი აღებულია მაღალი ხარისხის პროდუქტზე, მათ სწორ მოპოვებასა და მდგრად განვითარებაზე".

"უშარომ" წინასაახალწლოდ მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული საშობაო შეფუთვების დამზადება დაიწყო, რომელშიც მოთავსდება მათი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სასაჩუქრე ნაკრების სახით იქნება წარმოდგენილი.

"მსგავსი სახის ღონისძიებებზე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ ვიზუალურად გაეცნონ პროდუქტს, არამედ დააგემოვნონ იგი და უშუალოდ მწარმოებლისგან შეიტყონ პროდუქტის რაობა. შესაბამისად, მათ, ვინც არ იცოდა ჩვენი ბრენდის არსებობა, ვისაც არ ჰქონდა ჩვენი პროდუქცია დაგემოვნებული, მიეცათ შანსი დაეტესტათ, დაეგემოვნებინათ და შემდეგ გადაეწყვიტათ, იყო მათთვის საინტერესო თუ არა. ამ მიდგომამ ჩვენს შემთხვევაში ძალიან გაამართლა. შევიძინეთ გაცილებით მეტი მომხმარებელი, გაიზარდა ჩვენი კონტაქტები, როგორც სარესტორნო, ისე მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლების სახით", − აცხადებს გიორგი სეხნიაიძე, − "არაერთი წელია ვმონაწილეობთ YES-Georgia-ის პროექტებში, როგორებიცაა ახალგაზრდა მეწარმეთა და ქალ მეწარმეთა სკოლები, რომელთაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენ კარგ მეწარმეებად ჩამოყალიბებაში. მათ საკმაოდ ხშირად მივმართავთ შეკითხვებით, ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად".

"უშარო" საკუთარ ერთგულ და პოტენციურ მომხმარებელს ახლო მომავალში უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. იგეგმება პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და წარმოების ხაზების დამატება, რის შესახებაც დეტალებს გიორგი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩება.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო USAID YES-Georgia-ის ბენეფიციარმა ზემო რაჭიდან, ლილიანა მაისურაძემ და მისმა ტრადიციული რეწვის სახელოსნომ "ედენა".

სახელოსნო "ედენა" 2015 წლიდან ტრადიციული რეწვის სხვადასხვა მიმართულებისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზით, თემატურ სუვენირებს აწარმოებს. სუვენირების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: თექას, აბრეშუმზე ხატვას, ჯვრულ ნაქარგობას, ხის მცირე სუვენირებს, ტიხრული მინანქრის სამკაულებს და რაჭულ მოტივებზე შექმნილ აქსესუარებს. "ედენას" სახელოსნოში 20-მდე ქალბატონია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე სახელოსნო ოთხი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული და სხვადასხვა წარმატებული პროექტის ბენეფიციარია.

როგორც "ედენას" დამფუძნებელი, ლილიანა მაისურაძე გვიამბობს, ამ ეტაპზე იგი საკუთარი სრულად აღჭურვილი სახელოსნოთი და ეთნო-ტურისტული მაღაზია "ეთნო-ონით" არის წარმოდგენილი. სახელოსნო მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფვის და ცდილობს გაზარდოს ცნობადობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს მათი საქმიანობა. სამომავლოდ კი, "ედენა" მარკეტინგული მიმართულებით გააქტიურებას და ამით, გაყიდვების გაზრდას აპირებს.

"ჩვენი სახელოსნოს წამყვანი საახალწლო პროდუქტი ნამდვილი "ქართული თოვლის ბაბუები" და შობის ანგელოზებია, რომლებიც მხოლოდ აქ იწარმოება და დიდი მოწონებით სარგებლობს. გარდა ამისა, "ედენა" ცდილობს ყოველ წელს ახალი ტიპის საახალწლო კომპოზიციები შესთავაზოს მომხმარებელს, როგორიცაა: დეკორატიული ნაძვის ხეები, საახალწლო სოფლები, შობის სცენა და ა.შ.", − აღნიშნავს ლილიანა მაისურაძე, − "მსგავსი თემატური გამოფენა-გაყიდვები საუკეთესო საშუალებაა ბაზრისა და ცნობადობის გასაზრდელად, ახალი კონტაქტების მოსაძებნად და პროდუქციის მომხმარებლამდე მისატანად. განსაკუთრებით სახალისო და მხიარულია ხოლმე საშობაო-საახალწლო გამოფენები და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრით სულ უფრო მეტად ინტერესდება სხვადასხვა მედიასაშუალება, რაც დიდი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია მეწარმეებისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ YES-Georgia-ს და სხვა პროექტების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია რეგიონებში არსებული მეწარმეებისათვის და მათი თანადგომა გაცილებით სწრაფ ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება".

სამომავლოდ, "ედენა" კიდევ უფრო მეტი გულშემატკივრის შემოკრებას გეგმავს. გარდა ამისა, ლილიანას სურს გააღრმაოს კონტაქტები წარმატებულ ორგანიზაციებთან და საკუთარი პროდუქტით არა მარტო რეგიონი, არამედ მთლიანად საქართველო მოიცვას და გაზარდოს ონლაინგაყიდვების მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციიდან მოწვეული სტუმრები. გამოფენა გაიმართა USAID საქართველოს პროგრამების: USAID YES – Georgia-ს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების ორგანიზებით. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს USAID YES – Georgia, ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" პარტნიორობით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!