Get All Access for $5/mo

USAID YES-GEORGIA პროგრამის ბენეფიციარების სააღდგომო თემატიკის პროდუქცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც წესი, დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ბიზნესსამყარო ცდილობს თემატური, საგანგებოდ ამ ღირსშესანიშნავი დღეებისათვის წარმოებული პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებლებს და საკუთარ აუდიტორიასთან ერთად საზეიმო განწყობის შექმნის პროცესში ჩაერთოს. ეს ჩვეულება არც USAID-ის პროგრამის YES-Georgia-ს ბენეფიციარებს დაურღვევიათ და 2022 წლის აღდგომას სააღდგომო თემატიკის პროდუქციით შეხვდნენ.

Entrepreneur-ის მკითხველი სისტემატურად ეცნობა აღნიშნული პროგრამის ბენეფიციართა წარმატების ისტორიებს, თუმცა ამჯერად გვსურს გაგაცნოთ ის ბრენდები და მათ უკან მდგარი მეწარმეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი პროდუქციის ასორტიმენტი სააღდგომო სუვენირებითა და აქსესუარებით გაემრავალფეროვნებინათ.

USAID YES-Georgia-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი, ელიზაბედ დიმიტრიადი ბრენდ "ესტიას" და სოციალური საწარმო "პოტერიას" დამფუძნებელი გახლავთ. მან ბიზნესი 2014 წელს წამოიწყო, როდესაც ორ მეგობართან − ნათია ნოზაძესთან და ნათია კალმახელიძესთან ერთად "ესტიას" სახელოსნო დააფუძნა. როგორც თავად ელიზაბედი გვიამბობს, ამ ბიზნესის მთავარი იდეა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდნენ მხატვრები, სხვადასხვა მიმართულების ხელოვან-ოსტატები და ახალი ტიპის ქართული სასუვენირო პროდუქციის წარმოებაზე დაიწყებდნენ მუშაობას. სწორედ ასე გაჩნდა Estia Handmade Art.

"სუვენირების გარდა, ვამზადებდით სახლისა და ეზოს აქსესუარებს, დეკორს, ვაკეთებდით კომერციული ობიექტების ინტერიერის დიზაინ-გაფორმებას, ვატარებდით მასტერკლასებს და "ვორქშოპებს"; ასევე, ჩვენს სივრცეში ვაწყობდით ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა-გაყიდვას და ა.შ. ვმუშაობდით სხვადასხვა ტიპის მასალით, მაგრამ არ გვქონდა საშუალება გვეწარმოებინა საკუთარი კერამიკა. სწორედ ჩვენი კერამიკის წარმოება დავისახეთ მიზნად, რაც 2018 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დახმარებით განვახორციელეთ. ამავე წელს დავაფუძნეთ "ესტიას" შვილობილი კომპანია, სოციალური საწარმო "პოტერია", რომლის სოციალური მისია არის ქალების, განსაკუთრებით ქალების მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. "პოტერია" არის კერამიკის სახელოსნო-საწარმო, სადაც ჩვენს ბენეფიციარებს ვასწავლით ახალ პროფესიას, რომელიც შეუძლიათ შემდგომში დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროდ აქციონ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ჩვენთან საქმდება. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ჭურჭელს, სახლის ინტერიერის დეკორს და ატრიბუტებს, ქალების აქსესუარებს და ა.შ. გვაქვს ასევე თიხაზე მუშაობის სასწავლო კურსები და ერთჯერადი გაკვეთილები. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ინდივიდუალური პირები, ასევე ბიზნესები, კერძოდ − კაფე-რესტორნები, სუვენირების მაღაზიები, ტურისტული კომპანიები და სხვა", − აცხადებს ელიზაბედ დიმიტრიადი.

სააღდგომოდ, "ესტია" მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს, როგორიცაა: კვერცხებისა და პასქის დასადები, ჯეჯილის ქოთნები, შანდლები და სხვა, სააღდგომო სუფრის დასამშვენებლად მომზადებული თემატური ნამუშევრები. გარდა ამისა, ბრენდი კორპორაციულ შეკვეთებზეც მუშაობს და კომპანიებს სხვადასხვა საფასო კატეგორიის სასაჩუქრე ნაკრებებსაც სთავაზობს. ასევე, "ესტია" ბავშვებისთვის და უფროსებისთვის სააღდგომო თემატურ მასტერკლასებსაც ატარებს.

"მართალია, სულ ახლახან გავხდი YES-Georgia-ს ბენეფიციარი, მაგრამ უკვე ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას ამ შესანიშნავი გუნდიდან, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ტრენინგის შესაძლებლობებით, ქოუჩინგით და კონსულტაციებით ბიზნესის ცნობადობისა და PR-ის გაძლიერების მიმართულებით. ძალიან ვაფასებ ამ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა, როცა უკვე ამ პროგრამის წევრი გახლავართ, სხვა შესაძლებლობებიც გაჩნდება და ბევრად დაჩქარდება ჩვენი ბიზნესის განვითარების ტემპი", − აღნიშნავს ელიზაბედი.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის სახით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია "ესტიას" სამომავლო გეგმებზე. ელიზაბედის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია წარმოების გაზრდაზე მუშაობს, რათა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოახერხოს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საავტორო ბუტიკური ტიპის რესტორნებთან და პროდუქციის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ელიზაბედის სოციალურ საწარმოს, "პოტერია" ბენეფიციართა უფრო ფართო სპექტრის მოცვაზე მუშაობს. "ამ ეტაპზე გახსნილი გვაქვს პროგრამა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო. ამ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ვასწავლით კერამიკაზე მუშაობას და შემდგომ დასაქმებასაც ვთავაზობთ", − ამბობს ელიზაბედ დიმიტრიადი.

ლანა ბააკაშვილის ბრენდი "კერა" 2020 წელს დაფუძნდა. როგორც ლანა გვიყვება, პანდემიის გამო მას გაუთავისუფლდა ფართობი, რომელიც მანამდე ტურისტული დანიშნულებით ქირავდებოდა. რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ გადაწყდა კომპანია "კერას" დაფუძნება, რომლის მთავარ იდეას ლანას მიერ სიყვარულით შექმნილი ნივთების ყველა ოჯახში შეღწევა წარმოადგენდა.

"გვინდოდა ჩვენს ნივთებს მეტი სიმყუდროვე შეეტანა "კერას" მომხმარებელთა თბილ კერაში", − ამბობს ლანა, − "ამ ეტაპზე, ჩვენ ვაწარმოებთ დეკორატიულ და გამოყენებით კერამიკას. სახელოსნოში მზადდება ჭურჭელი, ლარნაკები, სანათები, სარკეები და ასევე მრავალი სხვა სახის პროდუქცია. ვცდილობთ გავაერთიანოთ ხისა და კერამიკის ფაქტურები და ამისათვის, ვამზადებთ ხის სარკეებს, სადაც თავსდება კერამიკის ფილები".

როგორც ლანა ბააკაშვილი საუბრისას აღნიშნავს, "კერას" მომხმარებლები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რომლებიც თავიანთი ბინის გასალამაზებლად ბრენდის ექსკლუზიურ ნაკეთობებს იძენენ, თუმცა საცალო მომხმარებლების გარდა, მოთხოვნა რესტორნების, კაფეებისა და ინტერიერის დიზაინერების მხრიდანაც მოდის. "კერას" პროდუქციის რეალიზება ხორციელდება სხვადასხვა ონლაინპლატფორმის საშუალებით, ვინაიდან ბრენდული მაღაზია კომპანიას ამ ეტაპისთვის არ გააჩნია.

რაც შეეხება "კერას" სააღდგომო პროდუქციას, კომპანიამ მომხმარებლებს სხვადასხვა სტილისა და ზომის დეკორატიული კვერცხები შესთავაზა, რომლებიც დიზაინერულ თეფშებთან და სასანთლეებთან ერთად, სააღდგომო სუფრას მრავალფეროვნებასა და გამორჩეულობას შესძენს.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი გავხდით საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მხარდაჭერით. პროგრამა ძალიან აქტიურად გვიდგას გვერდით და გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე, ამაღლდეს მეწარმის ცნობადობა. ხშირად ეწყობა გამოფენა-გაყიდვები, რაც დიდი სტიმული და წახალისებაა ყველა დამწყები მეწარმისთვის", − აცხადებს ლანა ბააკაშვილი, − "სამომავლოდ, ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და შესაბამისი დანადგარების დამატებას, რათა შევძლოთ ბაზარზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. გარდა ამისა, განვიხილავთ არსებულ ფართობში მაღაზიის გახსნასაც. რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს, ვაპირებთ განვაგრძოთ მუშაობა პროდუქციის დახვეწისა და ჩვენი პროფესიული ზრდის მიმართულებით. ასევე, ვგეგმავთ ადგილობრივ გამოფენებში აქტიურ მონაწილეობას და უახლოეს მომავალში ბრენდის პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას".

USAID YES-Georgia-ს კიდევ ერთი ბენეფიციარის, ნინო შაკიაშვილის ბრენდი − "ნინას არტ რუმი" 2012 წელს შეიქმნა და პოლიმერული თიხისა და სხვა შერეული მასალისაგან დეკორატიული ნივთების დამზადებაზე მუშაობს. კომპანია მომხმარებელს განსხვავებული სტილის დეკორაციას, სამკაულსა და აქსესუარებს სთავაზობს. როგორც ნინო გვიამბობს, განსაკუთრებული პოპულარობით სადღესასწაულო სასაჩუქრე ნივთები სარგებლობს. მაგალითად, წინა წლებში დიდი ყურადღება ეთმობოდა საახალწლო დეკორაციას, რასაც ბრენდი დღემდე წარმატებით აგრძელებს და ავითარებს, თუმცა ბოლო პერიოდში იხვეწება და ძალიან აქტუალური გახდა სააღდგომო გაფორმებაც. "მოგეხსენებათ, აღდგომისათვის მზადება საქართველოში ყველას განსაკუთრებულად უყვარს. ჩემი სახელოსნოც სიამოვნებით უერთდება ამ ამბავს და მომხმარებლებს ვთავაზობთ სააღდგომო დეკორაციების ახალ და მრავალფეროვან კოლექციას, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული შეკვეთებისთვის. რაც შეეხება ნამუშევრებს, ვცდილობ მასში ჭარბობდეს ქართული ელემენტები. ეს მკვეთრად აისახა 2022 წლის სააღდგომო შეთავაზებაზე, სადაც ძირითადად წარმოდგენილია ქართული სუფრის დეკორაცია შესაბამისი ხასიათის ორნამენტებით", − აცხადებს ნინო შაკიაშვილი.

ნინო შაკიაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრ პროექტსა და ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული წარმატება მას სწორედ USAID-ის პროგრამა YES-Georgia-მ მოუტანა, რომლის გამარჯვებული ელჩი და წარმატებული მონაწილე გახლავთ. "პროგრამის მესვეურების დახმარებით გავეცანი უამრავ სიახლეს, შევხვდი საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებს; ჩემი ნამუშევრები გაიცნო ფართო საზოგადოებამ, რაც იმის სტიმულს მაძლევს, მეტად განვავითარო ჩემი შესაძლებლობები და მეტი სიახლე შევთავაზო მომხმარებელს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც გამუდმებით და თავდაუზოგავად ზრუნავს ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების წარმატებასა და განვითარებაზე", − აღნიშნავს ნინო.

რაც შეეხება "ნინას არტ რუმის" სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში ნინო "ქართული ხაზის" შექმნას აპირებს, რომელიც გააერთიანებს ქართული ხასიათის ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს. "ცნობილი ფაქტია, რომ ქართველებს ოდითგანვე გვაქვს დიდი შემოქმედებითი რესურსი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, უნდა გასცდეს საზღვრებს და გაიცნოს მსოფლიომ", − ამბობს ნინო შაკიაშვილი.

USAID-ის აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი გახლავთ რუსუდან ბარნოვი − ბრენდ Barnovi-ს დამფუძნებელი და დიზაინერი. რუსუდანი პროფესიით მხატვარია და უკვე ათ წელზე მეტია, რაც ახლობლებისა და მეგობრებისთვის დიდი სიამოვნებით ქმნის ელეგანტურ აქსესუარებს.

"როდესაც ჩემს ნაკეთობებზე მოთხოვნა შიდა წრეს გასცდა, გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი. სწორედ ასე დავაარსე აქსესუარების ბრენდი Barnovi, რომლის ლოგო და ბრენდინგიც თავად შევქმენი და დღეს ონლაინარხების საშუალებით ათვისებული მაქვს არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზარიც", − აცხადებს რუსუდან ბარნოვი.

ბრენდი "ბარნოვი" მომხმარებლებს სთავაზობს ტანისამოსისა და აქსესუარების სხვადასხვა ხაზს, კერძოდ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მოდელებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თმის სამაგრები, ბაფთები, სამაჯურები და სამკაულები. აქსესუარების დასამზადებლად რუსუდანი იყენებს ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებსა და მეტალს, ხოლო სამოსის შესაქმნელად ორი განსაკუთრებული ტექნიკით მუშაობს, როგორიცაა ტამბურული ხელოვნება, იგივე ლუნევილური ქარგვის ტექნიკა და ბრაზილიური ქარგვა.

"ჩემს პროდუქციას განსაკუთრებულ, საუცხოო და უნიკალურ სახეს სწორედ მრავალფეროვანი ცოდნა და შერეული ტექნიკა ანიჭებს. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები კი ჩემი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მუდმივად ვზრუნავ ბრენდის რეპუტაციაზე. თვის განმავლობაში დაახლოებით 35-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქციას ვამზადებ. თუმცა დამზადება-მიწოდების ვადები მაინც დამოკიდებულია თითოეულ ნივთზე და თავიდანვე თანხმდება ინდივიდუალურად მომხმარებელთან", − აღნიშნავს რუსუდანი.

ბრენდი "ბარნოვი" აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენა-ბაზრობებში ქვეყნის მასშტაბით, თუმცა სამომავლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც გეგმავს. გარდა ამისა, რუსუდანი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე და ახალი აქსესუარების დამატებაზე მუშაობს. რაც შეეხება სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებს, როგორც ბრენდის დამფუძნებელი გვიამბობს, მის სახელოსნოს სადღესასწაულო სამზადისისადმი ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმის მქონე მიდგომა აქვს. არც წლევანდელი აღდგომა იქნება გამონაკლისი და "ბარნოვი" მომხმარებელს ორიგინალურ დეკორაციებს, ხელნაკეთ სიმბოლურ ნივთებს შესთავაზებს. რუსუდანი აღნიშნავს, რომ USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ში ჩართულობამ, მას განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა და ბრენდის მდგრადობის მოპოვებაში დაეხმარა.

"ახლო მომავალში მინდა დავიწყო ავეჯის განახლება დეკუპაჟის ტექნიკით, რაც ჩემი ბრენდის კიდევ ერთი მიმართულება იქნება. ასევე გადავდგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი − მოვიპოვე დაფინანსება სააგენტოსგან "აწარმოე საქართველოში", და საკუთარ სახელოსნო-სალონში უკვე ახალი კოლექციის შექმნაზე ვიწყებ მუშაობას. სამომავლოდ, მსურს მაღალმთიან რეგიონებში ქალების გაძლიერებისა და დასაქმების კუთხით ვიმუშაო", − აცხადებს რუსუდან ბარნოვი.

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარ მაია მუჩიაშვილის ბრენდი "მარაქა", სულ ახლახან, 2022 წლის 12 აპრილს დაარსდა. როგორც დამფუძნებელი აცხადებს, მას ყოველთვის უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონოდა, ეკეთებინა ის, რაც უყვარს და ამავდროულად, საყვარელ საქმეს მისთვის ფინანსური სარგებელი მოეტანა. თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, მსგავსი საქმის წამოწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებდა. მაია მუჩიაშვილის თქმით, ბრენდის შექმნას, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესუნარების არქონა და სპეციფიკური ნიუანსების ცოდნის ნაკლებობა უშლიდა ხელს, რაც საქმის მართვაში დაეხმარებოდა.

"მუდმივად ინფორმაციის ძიების პროცესში ვიყავი, ვეძებდი ინტერნეტის საშუალებით პროექტებს, სადაც ცოდნასა და მოტივაციას ავიმაღლებდი ჩემი წამოწყებისთვის და მივაგენი USAID-ს პროგრამას YES-Georgia. დავრეგისტრირდი და მალევე ონლაინტრენინგზე მიმიწვიეს. აქედან დაიწყო ჩემი "ფერისცვალება". გულწრფელად გეტყვით, გადაჭარბების გარეშე − რომ არა ეს პროგრამა და მისი არაჩვეულებრივი გუნდი, ჩემი იდეები ისევ ჩემთან იქნებოდა და დღის სინათლეს ვერ იხილავდა", − აცხადებს მაია მუჩიაშვილი.

რაც შეეხება ბრენდ "მარაქას" სახელს, მაიას თქმით, მისთვის ინსპირაციის წყაროდ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი იქცა, სადაც ავტორი სიტყვა "მარაქას" ქალთა ლხინში და საქმეში გაერთიანებად განმარტავს. "ვინაიდან USAID-ის პროგრამა YES-Georgia, ქალთა გაძლიერების პროგრამაა და მეც გავერიე დანარჩენი ბენეფიციარი ქალბატონების მარაქაში, ჩემს ბრენდსაც ეს სახელი დავარქვი. USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ტრენერებთან ერთად გავდივარ ჩემი ბრენდის დაგეგმარების მნიშვნელოვან დეტალებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი თანადგომით შევძლებ წარმატების მიღწევას", − ამბობს მაია.

ვინაიდან ბრენდის დაარსება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციულ სამზადისს დაემთხვა, მაია მუჩიაშვილმა გადაწყვიტა დასაწყისისათვის პასქები ეწარმოებინა, თუმცა "მარაქა" ძირითადად თაფლში შეზავებულ ჩირისა და თხილეულის ნუგბარსა და ორცხობილებს აწარმოებს.

"ვაკვირდები მომხმარებლის მოთხოვნებს. ჯერჯერობით რეალიზებას მიტანის სერვისის საშუალებით ვახორციელებ, თუმცა სამომავლოდ უფრო გავიზრდებით და "მარაქას" საკმაოდ ჯანსაღ და გემრიელ ტკბილეულობას და საკონდიტრო ნაწარმს უკვე ჩვენს ბრენდულ სივრცეში შევთავაზებთ მომხმარებელს", − აღნიშნავს მაია მუჩიაშვილი.

პროგრამის ბენეფიციარი − სოფო მინაძე, სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე პროფესიით დიზაინერი იყო. 2018 წელს კი, სოფომ კუთვნილ საცხოვრებელ ფართობში ატელიეს გახსნა გადაწყვიტა, სადაც მომხმარებელთა გემოვნებაზე მორგებულ, ხარისხიან და ინდივიდუალური დიზაინის მქონე პროდუქციას აწარმოებს.

"ამ ეტაპზე ჩემს ბიზნესს დამოუკიდებლად ვუძღვები და საკუთარი დიზაინით ვქმნი სამოსისა და აქსესუარების ფართო სპექტრს, რის რეალიზებასაც ონლაინპლატფორმის მეშვეობით ვახორციელებ. 2018 წლიდან მოყოლებული მქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა როგორც თბილისში, ასევე ბათუმის საგამოფენო სივრცეში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქცია არაერთგზის მოხვედრილა სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. 2022 წლიდან კი, გავხდი პროგრამის Buzz Georgia ელჩი ქალი მეწარმე", − აცხადებს სოფო მინაძე.

როგორც სოფო აღნიშნავს, მან USAID-ის პროგრამა YES-Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიცნო ბევრი საინტერესო, ნიჭიერი ქალი მეწარმე და პროგრამის სამუშაო შეხვედრების განმავლობაში შეიძინა თავდაჯერებულობა, ცოდნა და ბევრი მნიშვნელოვანი სამეწარმეო უნარი.

რაც შეეხება სოფო მინაძის სააღდგომო პროდუქციას, იგი მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიურპრიზსა და მრავალფეროვან პროდუქციას უმზადებს, მათ შორის სააღდგომო სუფრებსა და აქსესუარებს.

სამომავლოდ, სოფო საკუთარი ატელიეს გაფართოებას და ახალი ინვენტარით აღჭურვას გეგმავს. იგი ხშირად ატარებს მასტერკლასებს დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის, ხოლო ატელიეს მასშტაბის ზრდასთან ერთად, სოფო უკვე თანამშრომლების აყვანას და სამუშაო ადგილების შექმნასაც შეძლებს.

USAID-ის პროექტი YES-Georgia ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე