Women in Fintech "ფინტექის ინოვაციურობა მის მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაშია"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინტექი საკმაოდ სწრაფად განვითარებადი და მზარდი სფეროა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ მასში ჩართულობა დღითიდღე უფრო იზრდება. ეს არის სფერო, რომელიც მოითხოვს ინოვაციურობას და კრეატიულობას, რისი წყაროც, საზოგადოდ, მეტწილად არიან ქალები. საქართველოს ფინტექ ასოციაცია დაინტერესდა როგორია ქალების როლი ფინტექში და თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ინტერვიუს ქეთი მეფარიშვილთან, რომელიც ერთ-ერთი საერთაშრისო ფინტექ კომპანია "Twino"-ს ჯგუფის პროდუქტების განვითარების მენეჯერია.
ქალბატონი ქეთი სწორედ ერთ-ერთი მათგანია იმ ქალბატონთაგან, ვინც საკუთარი კარიერული გეზი ფინტექ ინდუსტიისკენ მიმართა. როგორც თავად გვიყვება, 6 წელია რაც უკვე ამ სფეროში მოღვაწეობს, ხოლო თავდაპირველად "Twino"-ს შვილობილ ქართულ ბრენდს შეუერთდა ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი ფინტექ სფეროში, ხოლო დღესდღეისობით ის ლატვიაში წარმატებით იკავებს ჯგუფის პროდუქტების განვითარების მენეჯერის თანამდებობას.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა იზიდავს მას ფინტექ სფეროში და რატომ ირჩევს სამოღვაწეოდ ამ ინდუსტრიას:
"მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელმაც არამიზნობრივი ხარჯების დასარეგულირებლად ფინანსური მართვის აპლიკაციებს მიმართა. გაიზარდა ფინანსური დაგეგმვისა და ხარჯების ოპტიმიზირების კულტურა. გაზრდილია უკონტაქტო გადახდები და სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება გადარიცხვების აპლიკაციებში. გაზრდილია მოთხოვნა სამომხმარებლო და მცირე საწარმოო სესხებზე. ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ფინანსური ტექნოლოგიები ცვლის მომხმარებელთა ქცევებს, რომელიც ბიძგს აძლევს ფინტექ ინდუსტრიის მოთამაშეებს კიდევ უფრო სწრაფად მოახდინონ ტექნოლოგიების განვითარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო მუდმივი ინოვაციებისა და გამოწვევების ეპიცენტრში, სადაც პროფესიული ზრდის ულიმიტო შესაძლებლობებია."
საკმაოდ საინტერესოდ აღწერს კომპანიში საკუთარ მოვალეობებს:
"ჩემს უშუალო მოვალეობაში შედის ახალი ბაზრების მოძიება და ფინტექ ეკოსისტემის შესწავლა, ჩვენი პროდუქტების დანერგვისა და მათი განვითარების მიზნით. ამ პროცესშიმიწევს ჩართული ვიყო სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, საგადახდო სისტემებთან, შევისწავლო მომხმარებლის ფინანსური კულტურა, რათა ჩვენი ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით პროდუქტები დავნერგოთ. პროცესი ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ერთდროულად მიწევს რამდენიმე დარგთან მქონდეს მჭიდრო კავშირი, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი მომხმარებლის ათვისების მიზნით, რისკების ანალიტიკა შეფასების მოდელისა და სწორი მონაცემების მოპოვების კუთხით და ფინანსური პროგნოზირება პროექტებისა თუ სხვადასხვა ბიზნეს მაჩვენებლის მომგებიანობის განსაზღვრისათვის."
საქართველოში ქალების ჩართულობა Fintech-ში საკმაოდ დაბალია, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ქალბატონი ქეთის აზრმა დაგვაინტერესა, რაზეც მკაფიოდ განგვიმარტა თუ რატომ უნდა გაიზარდოს ქალების ჩართულობა Fintech-ში:
"ფინტექის ინოვაციურობა მის მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაშია. სამწუხაროდ, გლობალური Fintech-ის დამფუძნებლების და თანადამფუძნებლების მხოლოდ 12% არის ქალი, ხოლო მხოლოდ 6%-ს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი. ეს რიცხვები არა მხოლოდ საგანგაშოდ დაბალია, არამედ შემაძრწუნებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქალების მიერ დაფუძნებული სტარტაპების დაფინანსება ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მამაკაცების."
მიუხედავად იმისა, რომ ფინტექში ქალების მცირე რაოდენობა მტკივნეული წერტილია ინდუსტრიისთვის, ბევრი ნიჭიერი ქალი ქმნის რეალურ გარდაქმნებს ამ ინდუსტრიაში. ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ისეთ კომპანიას, სადაც ჯგუფის CEO ახალგაზრდა ქალბატონია. აუცილებელია უფრო მეტად წახალისდეს ქალბატონების ჩართულობა ამ სფეროში, რომ კიდევ უფრო დიდი გარდაქმნები შეიქმნას ქალბატონების მიერ, როგორც ეს მოახერხა Twino, Carta, Stripe, Unest, Nymbus და სხვა ფინტექ კომპანიებმა, სადაც ქალები გვევლინებიან მმართველებად.
საბოლოოდ კი საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე გვიპასუხა კითხვაზე - თუ რატომაა კარიერულად პერსპექტიული Fintech-ის სფერო ქალებისთვის:
"McKinseyის კვლევამ აჩვენა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ტოპ მენეჯმენტში ქალების ყველაზე მეტი რაოდენობა, 41% ით უფრო მაღალი უკუგება აქვთ კაპიტალზე. ეს იმით აიხსნება, რომ ქალებს ახალი პერსპექტივების დანახვა უფრო სწრაფად შეუძლიათ და სხვადასხვა გუნდებთან მუშაობისას მაღალი დონის სოციალურ უნარებს ავლენენ. აქედან გამომდინარე, მეტი ფინტექ ქალბატონი ლიდერის ყოლა უფრო მეტია ორგანიზაციაში, ვიდრე უბრალოდ გენდერული უფსკრულის დახურვა, რამაც შეიძლება მკვეთრად გაზარდოს კომპანიების ROI."
ჩვენ მხოლოდ ქალებისთვის ფინანსური ტექნოლოგიის რევოლუციის საწყის ეტაპზე ვართ და მათ მიერ დაარსებული კომპანიები მხოლოდ ფინტექის ზრდის ტალღაზე სერფინგობენ. ეს გრძელი მგზავრობა იქნება, მაგრამ ქალები უკვე იჭერენ საჭეს და იწყებენ ფინტექის მომავლის ფორმირებას.
საჭიროა სხვადასხვა საგრანტო პროგრამების მეშვეობით უფრო მეტად წახალისდეს ფინანსური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, შემუშავდეს განსაკუთრებული პირობები იმ ფინტექ სტარტაპების მხარდასაჭერად, სადაც ლიდერობენ ქალები, და ამ მიმართულებით გამოიყოს დაფინანსება უცხოეთში განათლების მისაღებად.