Join our Waitlist for Expert Advice!

16 წლის საბა მანიჟაშვილმა გურჯაანიდან, პირველი ქართული ეკომეგობრული დინამიკი შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

16 წლის საბა მანიჟაშვილმა გურჯაანიდან, პირველი ქართული ეკომეგობრული დინამიკი შექმნა, რომელშიც კომპანია "ერთაოზას" ქართული ხმოვანი ასისტენტი იქნება ინტეგრირებული. "ერთაოზას" ასისტენტი Google-ის ხმოვანი ასისტენტისა და Amazon-ის "ალექსას" ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ იგი ქართულად მეტყველებს.

საბასა და "ერთაოზას" საერთო პროდუქტს "ჩასძახე" ჰქვია, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში და მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება.

"ჩვენი პროდუქტი ბავშვებს ემეგობრება, შეუძლია მათ ზღაპარი მოუყვეს, მაგალითად, შესაძლოა ბავშვმა ხმოვან ასისტენტს უთხრას, რომ ზღაპრის მოყოლა სურს რწყილსა და ადამიანზე. რამდენიმე წუთში ხელოვნური ინტელექტი თავად დააგენერირებს ამ წინადადებას და ავტომატურად დაიწყებს ზღაპრის მოყოლას. თუ ცუდ გუნებაზე ხართ ან ყოველდღიური რუტინის გამოსწორება გსურთ, ამასთან დაკავშირებითაც მოგცემთ რჩევებს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ე.წ. ჭკვიანი სახლებისა და მოწყობილობების მართვაა − სახლში განათების ჩართვა-გათიშვა, ტემპერატურის რეგულირება და სხვა. სწორედ ამ პროცესის ინტეგრირებასა და წარმართვაზე მუშაობს "ერთაოზა", რომელიც 100%-ით გადამუშავებული პლასტმასას სპიკერში იქნება ჩაშენებული", − აღნიშნავს საბა.

როგორ შეიქმნა "ჩასძახე"?

ახლა საბა მე-11 კლასის მოსწავლეა, პირველად პლასტმასას გადამუშავებით 3 წლის წინ დაინტერესდა, როდესაც რეალურად გაიაზრა, თუ რამხელა პრობლემას უქმნის მსგავსი ნარჩენები ჩვენს გარემოს. იგი მუდმივად ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ფიქრობდა და პარალელურად მეორადი პლასტმასას გადამუშავება დაიწყო, რომლისგანაც სხვადასხვა აქსესუარს ამზადებდა.

"YouTube-ის სქროლვისას ვიდეო შემხვდა პლასტმასას გადამუშავებაზე. მანამდე ხელნაკეთ აქსესუარებსაც ვამზადებდი და ვიფიქრე, რომ ხარისხიანი პროდუქტის დასამზადებლად სწორედ იმ რესურსს გამოვიყენებდი, რომელიც გარეთ ყრია. რეალურად 100-მდე პროდუქტის დამზადებაა შესაძლებელი მეორადი პლასტმასთ. თავდაპირველად, ბრელოკები ჩამოვასხი. ტოსტერში, რომელიც ში მედგა, თავსახურები ჩავყარე, დავადნე და წინასწარ გამზადებულ ყალიბებში გადმოვიტანე, რომელიც საბედნიეროდ დადნა და არცთუ ხარისხიანი, თუმცა გადამუშავებული პლასტმასას პროდუქტი მივიღე. ზუსტად ეს იყო ინსპირაციის წყარო, გავყოლოდი ამ მიმართულებას და ბევრად კარგი და ხარისხიანი პროდუქტი დამემზადებინა", − აღნიშნავს საბა.

ყველა აქსესუარს შინ მოძიებული, ან მეგობრების მიერ მიცემული პლასტმასას ნარჩენებით ამზადებდა. პირველი ეკომეგობრული დინამიკისთვისაც ასე შეაგროვა მასალა და ძალიან ბევრი სახის პლასტმასა გამოიყენა − როგორც თავსახურები, ასევე წყლის ძველი მილები. საკუწი აპარატი მაშინ არ ჰქონდა და ხელით მოუწია ყველაფრის დაკუწვა, არაერთი დაბრკოლება გადალახა და საბოლოოდ უნიკალური პროდუქტიც შექმნა.

ტექნოპარკის პროექტიდან სტარტაპ-იდეამდე

პირველად სტარტაპ-ინდუსტრიაში საბამ სწორედ ტექნოპარკში მიღებული გამოცდილების შემდეგ შეაბიჯა. იგი გურჯაანის ტექნოპარკში პროექტ "სმარტ სათამაშოების მეიქათონში" მონაწილეობდა, სადაც პლასტმასას გადამამუშავებელი ქარხნის მინიბოქსები გაიტანა და 1 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. სწორედ აქ აღმოაჩინა "ერთაოზამ" საბა და მისი შესაძლებლობები, საბოლოოდ კი ერთობლივი მუშაობით "ჩასძახე" შექმნეს.

"Hardware Startup ინკუბატორი" პირველი პროექტი იყო გურჯაანის ტექნოპარკში, სადაც მონაწილეობა მივიღე. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი რა იყო სტარტაპი, თუმცა კომპანია "ქლევერტონის" დამფუძნებელმა ლაშა მიქიაშვილმა საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგები გამართა და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ამ მიმართულებით განმევრცო. დღეს სტარტაპი შევქმენი, რომელიც ადრე მხოლოდ ჰობდ მიმაჩნდა", − ამბობს საბა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ჯერჯერობით "ჩასძახე" ოფიციალურად არაა ჩაშვებული გაყიდვაში. ამჟამად მისი შეძენა მხოლოდ "ტენეს" 10 ქოინით შეგიძლიათ. "ტენე" კიდევ ერთი ეკომეგობრული კომპანიაა, რომელიც გადამუშავებული პლასტმასისგან USB-კაბელებს ამზადებს. მათ მიერ წამოწყებული ინიციატივით კი თქვენ კონკრეტული ოდენობის პლასტმასას ჩაბარების სანაცვლოდ "ტენე"-ქოინებს აგროვებთ.

ახლა საბას მიზანი მასიური წარმოების დაწყება და ბაზრის სრული ათვისებაა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც "ერთაოზაში" აცხადებენ, კომპანიისგან მას სრული მხარდაჭერა აქვს. საბა უპირველესად საწარმოს შექმნას გეგმავს. მისივე თქმით, რამდენიმე სახის დანადგარი უკვე იქმნება, თუმცა ფართო წარმოებისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

"ახლა ინვესტიციის მოძიების პროცესში ვართ და ნებისმიერი სახის კომპანიასა და ორგანიზაციასთან ღია ვართ თანამშრომლობისთვის. მიმაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა, რომელთაც შესაძლოა რაიმე სახის სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ამ საკითხში, თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ გარემოში არსებული მავნე ნარჩენების რეციკლირებისა და გადამუშავების საქმეში", − აღნიშნავს საბა.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ